კონკურენციის სააგენტო ნავთობკომპანიების დაჯარიმების შემდეგ სხვა მსხვილი ბაზრების შესწავლას იწყებს
მედიკამენტების, ფქვილის, საავიაციო ნავთის, ავტოგაზის, ყავის და სხვა მსხვილი ბაზრების დომინანტი კომპანიები შესაძლოა უახლოეს მომავალში დაჯარიმდნენ
პირველად საქართველოში, ნავთობპროდუქტების ბაზრის ძირითადი მოთამაშეები, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ კარტელურ გარიგებაში ამხილა. ბიზნესკომპანიები საკმაოდ სოლიდურ ჯარიმას 55 მილიონ ლარს გადაიხდიან. კონკურენციის სააგენტოს ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ფაქტი, ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ბაზარზე მონოპოლისტების წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს. ცნობილი ხდება, რომ კონკურენციის სააგენტო, სავარაუდოდ, ფარმაცევტულ და ფქვილის ბაზარსაც გამოიკვლევს.
ამ ეტაპზე ნავთობსექტორის გარდა, კონკურენციის სააგენტოში კიდევ რამდენიმე საქმის მოკვლევა მიმდინარეობს.
სააგენტო საკუთარი ინიციატივით იკვლევს საავიაციო ნავთის ბაზარს, ხორბლისა და პურპროდუქტების ასოციაცია “გლობალაგროს” წევრთა შესაძლო კარტელურ შეთანხმებას, შავი ზღვის პორტებში ნავთობტერმინალთა საქმიანობას.
განცხადების ან საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტო სწავლობს ავტოგაზის, ხორბლის, ფქვილის სასაქონლო ბაზრებს და შპს “ლიტექსი-სერვისის” საჩივრის საფუძველზე “თბილსერვის ჯგუფის” მიერ “კონკურენციის შესახებ” კანონის სავარაუდო დარღვევას. საქმე ეხება მის საკუთრებაში არსებული ნაგავსაყრელების გამოყენებაზე უარის თქმას.
ასევე სააგენტო სწავლობს ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების (ხაშურის, ასპინძის, აბაშისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტები) მიერ სპეციალური ტექნიკის სახელმწიფო შესყიდვების დროს “კონკურენციის შესახებ” კანონის მე-10 მუხლის შესაძლო დარღვევას (შპს “ინტერტექნიქსის” განცხადების საფუძველზე); «საქართველოს რკინიგზის» შვილობილი კომპანია შპს “ტრანს კავკასუს ტერმინალსის” მიერ დომინირებული მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას – შპს “ჯორჯიან ტრანს ექსპედიციის” საჩივრის საფუძველზე.
გარდა ამისა, სააგენტოში მიმდინარეობს “სამედიცინო კორპორაცია ევექსის” შეტყობინების განხილვა შპს “გნ კო”-ს (ინგოროყვას კლინიკა) წილთა 50%-ის შესყიდვასთან დაკავშირებით და ყავის სასაქონლო ბაზრის მონიტორინგი.
სპეციალისტები დამატებით კიდევ რამდენიმე მიმართულებას მიანიშნებენ. ეს არის კომუნიკაციების სფერო, განსაკუთრებით ინტერნეტპროვაიდერები და რასაკვირველია ფარმაცევტული სექტორი.
ჯერჯერობით კი, ყველაზე რეალური ფქვილისა და ხორბლის ბაზრის კვლევის დასრულებაა, რომლის დასრულებაც კონკურენციის სააგენტომ ოქტომბრამდე გადადო. წესით და რიგით, იგი ზაფხულის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო, მაგარმ მეხორბლეთა ასოციაციას 17 ივლისს მიუვიდა შეტყობინება, სადაც განმარტებულია, რომ კვლევის ვადა 12 ოქტომბრამდეა გაგრძელებული.
სააგენტომ ფქვილის ბაზრის კვლევა დაახლოებით 6 თვის წინათ დაიწყო. საუბარია იმაზე, რომ აზერბაიჯანული კომპანია “კარატ ჰოლდინგი”, რომლის მიმართაც ქართველ მეხორბლეებს ძირითადი პრეტენზიები ჰქონდათ, წესების დარღვევით ოპერირებდა. სააგენტოსათვის გაგზავნილ მიმართვაში საუბარია 2013-14 წლებში არასამართლიანი ფასებით მოქმედებაზე, ასევე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაზე.
მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ კანონით დასკვნა 3 თვეში უნდა მზად იყოს, თუმცა საქმის სირთულიდან გამომდინარე, სააგენტოს უფლება აქვს კვლევა 1 წლის განმავლობაში გააგრძელოს.
ამასთან, მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც კონკურენციის სააგენტომ ფქვილის ბაზრის კვლევა დაიწყო, აზერბაიჯანული კომპანია “კარატ ჰოლდინგი” წესების დაცვით ოპერირებს. სილაგავას თქმით, სიტუაცია დარეგულირდა, გაიხსნა ახალი კომპანიები, მათ შორისაა ლილოში მდებარე კომპანია “გეომილი”. გარდა ამისა, ახლა, წინა წლებისგან განსხვავებით, ხორბალი რუსეთიდან შემოდის და არა ყაზახეთიდან, რამაც ბაზარი გადაანაწილა.
“კომპანია “კარატ ჰოლდინგს” ელევატორები აღმოსავლეთ საქართველოში აქვს, რუსული ხორბალი კი ფოთის პორტიდან შემოდის, სიტუაცია ამანაც დააბალანსა. თუ ადრე, აზერბაიჯანული კომპანია ბაზრის 70 პროცენტს ფლობდა, ახლა მათი წილი 35 პროცენტამდეა” – განაცხადა ლევან სილაგავამ.
მისი განცხადებით, ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის პირობები იქმნება, თუმცა სიტუაციის გაჯანსაღების მიუხედავად, კანონის თანახმად, კომპანია, შესაძლოა, წინა წლების დარღვევების გამო დაჯარიმდეს.
ეკონომიკის ექსპერტ ლევან კალანდაძის განმარტებით, კონკურენციის სააგენტოს კვლევა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ საქართველოში, რეალურად ამოქმედდება რეგულაციები, რაც ქვეყნის შიგნით, თავისუფალ კონკურენციას უზრუნველყოფს. მისი თქმით, სააგენტო მცირე მოცულობის კვლევებს აქვეყნებდა, მაგრამ ნავთობპროდუქტების, ფარმაცევტული და ფქვილის ბაზრების კვლევა თითქოს ტაბუირებული იყო, – ,,ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს სახელმწიფო შეგნებულად აფარებდა ხელს ამ სფეროებს, მაგრამ ნავთობპროდუტების ბაზრის კვლევით, ასეთი ეჭვი საბოლოოდ გაქარწყლდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ეს კვლევა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და უკვე სამართლებრივი მექანიზმების დონეზე აღვასრულოთ კონკრეტული, პრობლემური ქეისის შესწავლა. ეს გარკვეული რეციდივი და პრეცედენტი გახდება სხვა სფეროებისთვის, რომ სახელმწიფოს პოლიტიკური ნების პირობებში, კონკურენციის სააგენტო მავანს უფლებას არ მისცემს, ბაზარზე დომინანტის მდგომარეობა ბოროტად გამოიყენოს. ბუნებრივია, ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, კარტელური შეთანხმების კვანძი ჩაიხსნება და ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასებიც დარეგულირდება. თუმცა თეორიულად შესაძლებელია და ამის დასავლური გამოცდილება არსებობს, რომ ეს პროცესი საპირისპირო მიმართულებით განვითარდეს, ანუ ბიზნესმა პროტესტი ფასების ხელოვნურად გაზრდით გამოხატოს. ეს თემა მხოლოდ ერთი, კონკრეტული ქეისის კვლევით არ მთავრდება, დიდი პერიოდი იწყება, რომელიც მუდმივი მონიტორინგისა და კონტროლის ეტაპს ითვალისწინებს”, – ამბობს კალანდაძე.
ექსპერტმა კონკურენციის სააგენტოს სამომავლო საქმიანობაზეც ისაუბრა, მისი განცხადებით, ამიერიდან, ეს სააგენტო ფარმაცევტულ და ფქვილის ბაზრებსაც შეისწავლის. “ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არსებობს მოთხოვნა, შეკვეთა და გარკვეული მოლოდინიც კი. საქართველოში ბევრი პრობლემური ქეისია, მაგრამ ყველაზე მსხვილი, სწორედ, ნავთობპროდუქტების, ფარმაცევტული და ფქვილის ბაზრებია”, – ამბობს კალანდაძე.
ლევან მარტაძე