ჯანდაცვის სამინისტრო  “საერთაშორისო გამჭვირვალობას” პასუხობს

 

გასულ კვირას არასამთავრობო ორგანიზაციამ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განცხადება გაავრცელა, სადაც დასმული იყო კითხვა, თუ  რა კრიტერიუმებით იქნა შერჩეული კომპანია “გლობალ ალიანსი”, როგორც კონსულტანტი ჯანდაცვის რეფორმებში. “გამჭვირვალობის” აზრით, აღნიშნულ კომპანიას ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ გააჩნია. “ვფიქრობთ, საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება, რა ინფორმაციას ფლობს სამინისტრო ამ კომპანიისა და მისი სხვა თანამშრომლების გამოცდილებისა და ექსპერტიზის შესახებ”, – ნათქვამია “გაჭვირვალობის” განცხადებაში.

მალევე გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს საპასუხო განცხადება, რომელსაც “ბანკები და ფინანსები” ჯანდაცვის საკითხებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უცვლელად გთავაზობთ:

“გლობალ ალიანსის” შერჩევისას, ჯანდაცვის სამინისტრომ ექსპერტების პროფესიონალიზმით, კომპეტენტურობით და ჯანდაცვის რეორგანიზაციის მრავალწლიანი გამოცდილებით იხელმძღვანელა.

“საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველომ” გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაისვა კითხვა, თუ რატომ შევარჩიეთ “გლობალ ალიანსი” რეფორმის განსახორციელებლად.

მივესალმებით ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის ჯანდაცვის რეფორმის საკითხებით დაინტერესებას. თუმცა, აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ აქცენტი არასწორადაა დასმული, –  “გლობალ ალიანსი” არ და ვერ განახორციელებს ჯანდაცვის რეფორმას, ჯანდაცვის რეფორმას ახორციელებს საქართველოს მთავრობა, სამინისტრო, ხოლო საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი “გლობალ ალიანსი” ეხმარება უწყებას კონსულტაციებით რეფორმის ორიენტირების სწორად შერჩევასა და მოდელირებაში.

ჯანდაცვის რეფორმაზე 20 წელია მიდის საუბარი, მაგრამ უსისტემობამ, საერთაშორისო გამოცდილების არგაზიარებამ და გაუაზრებელმა მიდგომებმა დარგი განადგურების პირას მიიყვანა, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტები მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხელმიუწვდომელი გახდა.

ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ჩვენი უპირველესი მიზანი იყო ამ ვითარების რადიკალური შეცვლა, რადგან მეტნაკლებად სერიოზული ავადმყოფობა ბევრი ოჯახისთვის ნიშნავდა გაყიდულ სახლ–კარს, იპოთეკით დატვირთულ ქონებას ან სიკვდილს.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტები მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ და ეს იყო რეალური გარღვევა.

ამერიკელი პარტნიორების დახმარებით ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის ახლახანს დაწყებული პროგრამა, ასევე, რევოლუციური ნაბიჯია საქართველოს მოსახლეობის გაჯანსაღების მიმართულებით. ხორციელდება სხვა არაერთი გადაუდებელი პროგრამა და პროექტი.

დღეს ჩვენ ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, – კერძოდ, უნდა მოვახდინოთ დარგის ისეთი რეორგანიზაცია, სადაც გაიზრდება კონკურენტუნარიანობა, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტები, დამკვიდრდება მომსახურების ხარისხის ევროპული ნორმები და სტანდარტები. რაც ასევე მნიშვნელოვანია, მოხდება ხარჯეფექტურობის გაზრდა და ჯანდაცვის ბიუჯეტის განტვირთვა, მისი სწორი გადანაწილებითა და მართვაში თანამედროვე მიდგომების დანერგვით.

ასეთი გამოცდილება საქართველოში არ არსებობს და, ბუნებრივია, ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციით, მოვიწვიეთ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც უმაღლესი კლასის პროფესიონალებითა და ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრებითაა დაკომპლექტებული.

ჯგუფის ხელმძღვანელი დოქტორი ჟან ელი მალკინი არის ინფექციური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ექიმი სამკურნალო პრაქტიკის 25 წლიანი გამოცდილებით, ძირითადად, პასტერის ინსტიტუტის (პარიზი) სამედიცინო ცენტრში. ის უძღვებოდა მთელ რიგ საკონსულტაციო პროგრამებს საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროსთვის და ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკი და აივ ინფექციასთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი. 2009 წლიდან მიწვეულ იქნა იმუნოდეფიციტის და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის გაეროს პროგრამაში(UNAIDS), აღმასრულებელი დირექტორის უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე, ხოლო 2011-14 წლებში იყო UNAIDS-ის რეგიონალურ დირექტორი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

ჯგუფის წევრი დოქტორი პეტერ მაკარა არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი ბუდაპეშტის ზემელვაისის უნივერსიტეტში. იყო დებრეცენის უნივერსიტეტის სამაგისტრო სკოლის ხელმძღვანელი ჯანდაცვის პოლიტიკაში. იყო უნგრეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მთავარი მრჩეველი პოლიტიკის დაგეგმვის კუთხით. ასევე, მუშაობდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოპენჰაგენის ოფისის რეგიონულ მრჩევლად ევროპაში ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით.

ჯგუფის წევრი ანდრეი მეცინეანუ არის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის სისტემების სპეციალისტი. მის პორტფელშია საკონსულტაციო გამოცდილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის, მსოფლიო ბანკისთვის, UNICEF-ისა და UNFPA-სთვის შეფასებითი კვლევების ჩატარებასა და სხვა დავალებების შესრულებაში.

მოწვეული ექსპერტი დოქტორი სტანისლას პოლი არის პარიზის უნივერსიტეტის  ჰეპათოლოგიისა და გასტროენტეროლოგიის პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 300 მეტი ნაშრომი ღვიძლის დაავადებების შესახებ. იგი არის Inserm UMS 20-ის(საფრანგეთის ჯანდაცვისა და სამედიცინო კლვლევების ნაციონალური ინსტიტუტი) თანათავმჯდომარე, იკვლევს იმუნურ პათოლოგიებს C ჰეპატიტის ვირუსის ინფექციებისას. არის პესტორის ინსტიტუტის (Pasteur Institute) ტრანსნაციონალური კვლევების ცენტრის თავმჯდომარე, მრავალი ჯილდოს მფლობელი. იგი ხელმძღვანელობდა ANRS-ის (შიდსისა და ვირუსული ჰეპატიტის კვლევის საფრანგეთის ნაციონალური სააგენტო) კოორდინირებულ აქცია 24-ს  და ახლა არის ANRS CO-22-ის თანათავმჯდომარე.

მოწვეული ექსპერტი პროფესორი იაზდან იაზდანპანაჰი არის პარიზის კლოდ-ბერნარ ბიშას ჰოსპიტალის ინფექიური დაავადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, (Bichat Claude-Bernard Hospital), ასევე პარიზის სამედიცინო სკოლის ინფექციურ დაავადებათა პროფესორი და ინფექციურ დაავადებათა გადაწყვეტილებათა ანალიზისა და ღირებულებითი ეფექტურობის ATIP-Avenir Inserm  (საფრანგეთის ჯანდაცვისა და სამედიცინო კლვლევების ნაციონალური ინსტიტუტი)  ჯგუფის ხელმძღვანელი. არის 309 პუბლიკაციის ავტორი ინფექციურ დავადებებზე. 2012 წლიდან არის ANRS-ის (შიდსისა და ვირუსული ჰეპატიტის კვლევის საფრანგეთის ნაციონალური სააგენტო) შიდსის ინფექციის კლინიკური კვლევის კომიტეტის პრეზიდენტი.

ასეთი კომპეტენციის კადრებითაა დაკომპლექტებული “გლობალ ალიანსი”. არ გვგონია ვინმემ ეჭვი შეიტანოს მათ პროფესიონალიზმში, კომპეტენციასა და ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების გამოცდილებაში.

“გლობალ ალიანსი” აქტიურად მუშაობს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკითხებზე და სათანადო დახმარებას გაგვიწევს წლის ბოლომდე რეფორმის პრიორიტეტების და მიმართულებების განსაზღვრაში. კონტრაქტი, რომელიც კანონის სრული დაცვით იქნა დადებული, მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, ნამდვილად არ არის ფინანსურად მძიმე და კომპანიის შერჩევისას ამითაც ვიხელმძღვანელეთ.

სერიოზული რეფორმები ჯანდაცვაში მხოლოდ ახლა იწყება და ამ გზაზე ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ღია საერთაშორისო თანამშრომლობისადმი და მომავალშიც მოვიწვევთ არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციას და ექსპერტს, რომლებიც ჯანდაცვის ამა თუ იმ პრიორიტეტული მიმართულების რეფორმირებაში გაგვიწევენ დახმარებას”, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.