პუტინმა რუსეთი 1200 ტონიან ოქროს ხაფანგში შეათრია

„ვლადიმერ პუტინმა რუსეთი 1200 ტონიან ოქროს ხაფანგში შეათრია“- ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას გერმანული გამოცემა „ველტი“ –  ნანდო ზომერფელდტისა და ჰოლგერ ცშეპიტცის თანაავტორობით. გაზეთის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა შეავსო სახელმწიფოს ოქროს მარაგი. ამ გზით უნდოდა მას თავი აერიდებინა დოლარის ბატონობისთვის და ერთდროულად სარგებლის ნახვა კრიზისულ პერიოდებში. ახლა კი ცხადი გახდა, რომ ეს იყო დიდი შეცდომა.

გერმანული გაზეთი წერს: „იდეოლოგიაში საფასური უნდა გადაიხადო და ვლადიმერ პუტინი ამჟამად იძულებულია აღიაროს ეს უტყუარი ფაქტი. უკვე მრავალი წელია რუსეთის პრეზიდენტის მიზანია, თავი დააღწიოს დასავლეთზე დამოკიდებულებას. სწორედ ამიტომ მსოფლიოზე მის წარმოდგენაში ვერ ჯდებოდა ის, რომ ქვეყნის რეზერვები ძირითადად დოლარებში ინახება. ამგვარად, იგი ალტერნატივას ეძებდა.

მეორე მნიშვნელოვანი გლობალური ვალუტა – ევრო მოსკოვის მიერ აღარ იხილებოდა სარეზერვო ვალუტის როლში მას შემდეგ რაც ყირიმის კრიზისი დაიწყო. რაც შეეხება ყოფილ მეგობრულ ქვეყანას – ჩინეთს, მისი ეროვნული ვალუტა – იუანი არაა კონვერტირებადი და ამგვარად ვერ შეასრულებს სარეზერვო ვალუტის ფუნქციას. პუტინს დარჩა მხოლოდ ერთი ვარიანტი – ოქრო. ამ კეთილშობილი ლითონისთვის კონკურენტი არ არსებობს, იგი არც პოლიტიკურ მანევრებს ექვემდებარება. ამიტომაც კრემლი მიზანმიმართულად ყიდულობდა ოქროს და რეზერვების გადანაწილებას აწარმოებდა.

2007 წლიდან დაწყებული, ქვეყანამ სამჯერ გაზარდა თავისი ოქროს მარაგი. თუკი 8 წლის წინათ ეს მარაგი 400 ტონა იყო, დღეს ეს ასე ვთქვათ, „განძი“ 1257 ტონას აღწევს. ოქროს რეზერვებით რუსეთი მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა შეერთებული შტატების, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ჩინეთის შემდეგ.

თუმცა, მოულოდნელად კრემლს ახალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ამჯერად ეს არაა თეთრის სახლის ადმინისტრაცია, რომელიც ბოლო დროს აქტიურად იყენებს დოლარს თავისი გლობალური ინტერესების გასატარებლად. ესაა საფინანსო ბაზრის კაპრიზები, რომლებმაც ძვირადღირებულ თავგადასავლად აქციეს ასე ვთქვათ „ოქროს ლაშქრობა“ პუტინის მიერ რომ იყო ინიცირებული. ინვესტორებს აღარ იზიდავს კეთილშობილი ლითონი. პუტინი იძულებული ხდება უყუროს იმას, თუ როგორ ამცირებს სახელმწიფო ოქროს მარაგის ღირებულებას მიმდინარე ტურბულენტობა ნედლეულის ბირჟებზე.

გერმანული გამოცემა „ველტი“ განაგრძობს: „ბოლო დროს ძალიან დაეცა ოქროს ფასები. ერთი უნციის ფასი 1100 დოლარის ნიშნულზე დაბლა დაეშვა. ამგვარი მდგომარეობა 2010 წელს იყო. პუტინისთვის საბედისწერო ვითარება იმაში მდგომარეობს, რომ 2014 წლის დასაწყისიდან ოქრომ თავისი ღირებულების ერთი მეხუთედი დაკარგა. ეს ყველაფერი იმ დროს ხდება როცა აზარტში შესული რუსეთის პრეზიდენტი აგრძელებს ოქროს შესყიდვას ყირიმის კრიზისის გამო. პუტინის იმპერიისთვის სიტუაცია დრამატულ ხასიათს ატარებს. ამჟამინდელი „ოქროს მარაგი“ ისევე ღირებულია როგორც ეს იყო 2011 წლის შემოდგომაზე და შეადგენს 45 მილიარდ დოლარს. თუმცა, მას შემდეგ პუტინმა გაზარდა ოქროს რეზერვები 439 ტონით. მაგრამ მთლიანობაში, რუსეთის ოქროს მარაგის ღირებულებას ერთი ცენტიც კი არ შემატებია.

ამგვარად, პირდაპირი ტექსტით შეიძლება ითქვას, რომ ოქროს ერთი უნციის ამჟამინდელი ფასიდან გამომდინარე, კრემლის პატრონმა 15 მილიარდი დოლარი გაფლანგა. რა თქმა უნდა, გერმანიისთვის ეს თანხა მეტნაკლებად ასატანი იქნებოდა, ბოლოს და ბოლოს, პატარა საბერძნეთისთვის გამოიყოფა 94 მილიარდი დოლარის მორიგი ფინანსური დახმარება. მაგრამ რუსეთისთვის 15 მილიარდი დოლარი სერიოზული ფულია. მთლიანობაში, სახელმწიფო რეზერვები შეადგენს 358-ეტ მილიარდ დოლარს, ხოლო ოქროს გაიაფებამ ხსენებული რეზერვები 5 პროცენტით შეამცირა.

ოქროს რეზერვების ღირებულების შემცირება დროში დაემთხვა იმ პერიოდს როცა პუტინი იმედოვნებდა ეკონომიკაში რეცესიის სწრაფ გადალახვას. მაგრამ ეს გეგმები ჩაშალა ოქროს ამჟამინდელმა გაიაფებამ. ნედლეულის მთელი კომპლექსი გაიაფების კრიზისში იმყოფება. ასეთი სურათი ბოლოჯერ 12 წლის წინათ იყო.

უნდა აღინიშნოს რომ რუსეთის ეკონომიკა მეტწილად ნედლეულის ექსპორტზეა დამოკიდებული. სანქციათა შემოღებამდე, ნავთობი, გაზი და წიაღისეული შეადგენდა ექსპორტის სამ მეოთხედს. თუკი შემცირდა ამ წყაროების ეფექტურობა, რასაც ვალუტაში შემოსავალი მოაქვს, პუტინი უფრო მეტად იქნება დამოკიდებული თავის რეზერვებზე.

მან თავის თავს იმის ფუფუნება მისცა რომ დასავლეთთან კონფლიქტი წამოეწყო რამეთუ  დიდი მარაგების იმედი ჰქონდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც უთანხმოებებმა თავი იჩინა, ცენტრალური ბანკი იძულებული გახდა გამოეყო 150 მილიარდი დოლარი იმ კომპანიების დასახმარებლად, რომლებმაც ვერ შეძლეს დოლარიანი კრედიტების მომსახურება, ან კაპიტალის მილიარდიან გადინებას განიცდიდნენ“.

გერმანული გაზეთი „ველტი განაგრძობს: „უკანასკნელი 15 თვის მანძილზე ქვეყანამ განიცადა კაპიტალის გადინება რომელმაც 200 მილიარდ დოლარს მიაღწია. თუმცა, გაქცეული კაპიტალის კომპენსაციას დაეხმარა ნავთობის გაყიდვიდან შემოსული თანხები. გარდა ამისა, მოხდა სავალუტო მარაგის ასე ვთქვათ „დემონტაჟი“. ქვეყანას რომ არ ჰქონოდა რეზერვები, იგი უკვე კარგა ხნის გაკოტრებული იქნებოდა.

თუმცა, ყველაფერი უარესადაც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. საინვესტიციო ბანკის „გოლდმან საქსის“ პროგნოზების თანახმად, ოქროს ერთი უნციის ფასი 1000 დოლარზე დაბლა დაეცემა. „დოლარი დარჩება ძლიერ ვალუტად, ხოლო ოქროს მნიშვნელობა, როგორც ვალუტის შემცვლელისა, მომავალშიც შემცირდება“- ასე აცხადებს წამყვანი ამერიკული საინვესტიციო ბანკი.  ამგვარად, პუტინი დილემის წინაშე დადგა. სრულიად ნათელია, რომ ჩაიშალა მისი თავდაპირველი გეგმა რომელიც დასავლეთის ყველაზე მნიშვნელოვან ვალუტაზე უარის თქმას ისახავდა მიზნად.

მაგრამ კრემლისთვის უკანდასახევი გზა უბრალოდ აღარ არსებობს. იგი ოქროს ტყვეობაში აღმოჩნდა. კეთილშობილ ლითონში ჩადებული მილიარდების გამოყენება არც თუ ისეთი ადვილი იქნება საჭიროების შემთხვევაში. თუკი პუტინი იძულებული შეიქნა მოახდინოს ოქროს მარაგის ნაწილის ლიკვიდაცია, იგი კიდევ უფრო მეტად გააიაფებს ოქროს და საკუთარ ქვეყანას უფრო მეტად დაანგრევს. ცხადია მას ეს არ შეუძლია და არც ჩაიდენს.

პუტინი კვლავ გააგრძელებს ანტი-დასავლური პოლიტიკის გატარებას იმის იმედით, რომ რუსები ვერ მიხვდებიან თუ რაოდენ ძვირი უჯდება რუსეთს მათი საყვარელი  პრეზიდენტის იდეოლოგია“ – ნათქვამია გერმანულ გამოცემა „ველტში“.

commersant.ge