სახელმწიფო პირველადი ჯანდაცვის რეფორმას იწყებს

ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამამ დიდი გარღვევა მოახდინა სამედიცინო მომსახურებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ყველა თანხმდება, რომ ეს პროგრამა “ქართული ოცნების” ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ინიციატივაა, რომელმაც ათასობით ადამიანს  ამბულატორიების და ჰოსპიტალების კარის შეღების საშუალება მისცა.

სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობა ვერ ჩაითვლება ჯანმრთელ საზოგადოებად. ჩვენში დამკვიდრებული მენტალობიდან გამომდინარე, ადამიანი ექიმს აკითხავს მხოლოდ მაშინ, როცა ჯანმრთელობის პრობლემა უკიდურესად უმწვავდება და ასეთ შემთხვევებში, ხშირად რადიკალური ჩარევები ხდება საჭირო.

ბუნებრივია, გაზრდილმა მიმართვიანობამ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ბიუჯეტი გადატვირთა და მომავალ წლებში მისი ოპტიმიზების აუცილებლობაზე ზრუნვის საკითხი დასვა დღის წესრიგში.

ერთ–ერთი გზა, რაც ჯანდაცვის სისტემაში ხარჯეფექტურობას აამაღლებს, ჯანდაცვის საერთო დანახარჯებში მედიკამენტების წილს საგრძნობლად შეამცირებს, ასევე შეამცირებს მეორეული და მესამე დონის ჯანდაცვის დატვირთვას  და მთლიანობაში უზრუნველყოფს ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე წვდომას, არის ჯანდაცვის პირველადი რგოლი. პირველადი ჯანდაცვის ეფექტიან მუშაობაზე, რომელსაც “სისტემის მეკარიბჭესაც” უწოდებენ, დიდწილადაა დამოკიდებული მთლიანად ჯანდაცვის სისტემის გამართული ფუნქციონირება.

მინისტრმა სერგეენკომ ივლისის დასაწყისში დააანონსა ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის დაწყება. ამ საქმეში სამინისტროს კონსულტაციას გაუწევს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია “გლობალ ალიანსი”, რომელთანაც საქართველოს მტავრობას გრძელვადიანი შეთანხმება აკავშირებს, რაც თავის მხრივ, ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პროგრამის შემუშავებაზე ერთობლივ მუშაობას ითვალისწინებს.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დაწყებასთან დაკავშირებით 16 ივლისს “გლობალ ალიანსის” ეგიდით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია შედგა, რომელზეც რეფორმასთან დაკავშირებით “ალიანსის” ექსპერტების ხედვები იყო წარმოდგენილი. კონფერენციას ესწრებოდნენ სამინისტროს, დონორი ორგანიზაციების და ჯანდაცვის პირველადი რგოლის წარმომადგენლები, ანუ ოჯახის ექიმები, რეგიონებიდან და დედაქალაქიდან.

ინფორმაციას პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დაწყებასთან დაკავშირებით პროფესიულ და საზოგადოებრივ წრეებში საკმაო გამოხმაურება მოჰყვა. “ბანკები და ფინანსები” გთავაზობთ მედიცინის მუშაკთა და საზოგადოების სხვა წრეების წარმომადგენელთა მოსაზრებებს აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დაწყება აუცილებელია, განსაკუთრებით რეგიონალიზაციის კუთხით

მედიცინის დოქტორი და საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ია დავითაია მიესალმება რეფორმას და აღნიშნავს, რომ ასოციაციის წინადადებები და მოსაზრებები სამინისტროსთვის მისაღებია და ხშირ შემთხვევაში, მათი გათვალისწინებაც ხდება.

“რასაკვირველია, მივესალმებით პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დაწყებას და ვთვლით, რომ ეს ძალიან აუცილებელი და საჭიროა. განსაკუთრებით რეგიონალიზაციის  რეფორმის კუთხით, რომელიც ახლა მიმდინარეობს რეგიონებში. მე საბჭოს წევრი ვარ ჯანდაცვის სამინისტროში და ყველა აზრს, რომელიც ჩვენ გვაქვს, ვეუბნებით მათ.

ასოციაციის ინიციატივები და წინადადებები ყველანაირად მისაღები და გაზიარებულია. მაგალითად, სწორედ ჩვენი ინიციატივით, კომპეტენციები გაეზარდათ ნეონატოლოგებს და ეს იდეა აიტაცა სამინისტრომ. ნეონატოლოგებს დღეს მეტი კომპეტენცია აქვთ, ვიდრე ადრე ქონდათ.

გვქონდა კიდევ მთელი რიგი შენიშვნები, წინადადებები, რომლებიც გათვალისწინებული და მიღებულ იქნა. სამინისტრო ითვალისწინებს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ზოგადად, პროფილური ასოციაციების აზრს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს ასოციაციათა გაერთიანება, სადაც ხშირად ვიკრიბებით სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე. ვამუშავებთ წინადადებებს, ვაკეთებთ “გაიდლაინებს” და წარმატებით ვთანამშრომლობთ სამინისტროსთან”, – აღნიშნავს ია დავითაია.

რეფორმამ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა მაღალმთიან რეგიონებშიც უნდა უზრუნველყოს

დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ხახუტაიშვილი აცხადებს, რომ, ჯერ კიდევ წლების წინ იყო საუბარი ჯანდაცვის პირველი რგოლის რეფორმის შესახებ, რომელიც ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებას გულისხმობდა. “საინტერესოა, ამჟამად რა კუთხით ფიქრობენ ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებას. ქალაქში სამედიცინო მომსახურების პრობლემა იმდენად არ არის, რამდენადაც მაღალმთიან სოფლებში. ჩვენ ხშირად ხშირად გვაქვს შეხება სოფლის მოსახლეობასთან. ისინი უჩივიან ხარისხსა და ხელმისაწვდომობას. სასწრაფოს გამოძახების შემთხვევაში ხშირია დაგვიანება. ზამთარში უგზოობის გამო კი ამ სერვისის ფაქტობრივად ხელმიუწვდომლობასთან გვაქვს საქმე. პრობლემაა მედპერსონალის დაბალი ანაზღაურებაც.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რა თქმა უნდა ძალიან კარგია, მაგრამ ხშირად პაციენტები უჩივიან მომსახურების ხარისხს, რიგებს, ლოდინის რეჟიმის ხანგრძლივობას. ზოგადად, ხარისხი შეიძლება ჩემი შესაფასებელი არ იყოს, მაგრამ პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ხშირად ექიმთან მისული უკმაყოფილო დავრჩენილვარ. შესაბამისად, ეს პრობლემა შიგნიდან არის მოსაგვარებელი, ხარისხის კონტროლზე უნდა ზრუნავდეს შესაბამისი კომპეტენციის მქონე უწყება,” – აღნიშნავს  არჩილ ხახუტაიშვილი.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა სოფლის ექიმების ანაზღაურების სისტემაზეც აისახება

კახეთის რეგიონში ჯანდაცვის პირველადი რგოლის პრობლემებზე საუბრობს სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო ბოდბის ოჯახის ექიმი ლეილა ბეგაშვილი.

მისი მოსაზრებით პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმა აუცილებელია. ამ აუცილებლობას კი ლეილა ბეგაშვილი პირველად ჯანდაცვაში არსებული პრობლემებით ხსნის.

“პირველადი ჯანდაცვა არის უშუალოდ პირველი შეხება პაციენტთან. იგი მოიცავს დაავადებების იმუნიზაციას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და დაავადებების თავიდან აცილებას. ამაში იგულისხმება, რომ დავიცვათ ადამიანები გულ–სისხლძარღვთა დაავადებებისგან, ადრეულ სტადიაში გამოვავლინოთ სიმსივნე, ასევე ვმართოთ ქრონიკული დაავადებები, რათა არ მივიღოთ ინვალიდობა ან სიკვდილიანობა ადრეულ ასაკში. პირველადი ჯანდაცვის ექიმს შეუძლია მართოს ისეთი მძიმე დაავადებები, როგორებიცაა ასთმა და სხვა.

ჩვენ, კახეთში, ექიმები და ექთნები მთლიანად 2006 წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გადავმზადდით, ანუ 7 თავიანი მინი–რეზიდენტურები გავიარეთ. ეს ხარჯი მთლიანად მსოფლიო ბანკმა გასწია. ამ მხრივ ჩვენი რეგიონი კადრების ნაკლებობას არ განიცდის. ჩვენ გვერიცხება თანხა, ამ თანხის 20%–ს ვიხდით საშემოსავლოში, ასევე კლინიკის ხარჯებიც ჩვენი ხელფასიდან ნაზღაურდება, აქედან გამომდინარე ხელზე ასაღები ხელფასი გვიწევს სადღაც 300 ლარამდე. ასევე კარდიოგრაფია არ გვაქვს უბანზე. თუკი პირველადი ჯანდაცვა განვითარდება, ეს და კიდევ სხვა მრავალი პრობლემა მოიხსნება. რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის მთავარია პრიორიტეტების სწორად განაწილება. პრიორიტეტი უნდა იყოს როგორც პირველადი ჯანდაცვა ასევე პირველად ჯანდაცვის განმახორციელებელი ოჯახის ექიმი და სოფლის ექიმი”, – ამბობს ოჯახის ექიმი რეგიონიდან.

გია ლობჟანიძე: პირველად ჯანდაცვაში რეფორმა მკაცრად უნდა გატარდეს

საქართველოს ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარეს, გია ლობჟანიძეს მიაჩნია, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლში  პრობლემები არსებობს, ისევე როგორც სხვა სფეროებში და აქაც საჭიროა მეტი ინფორმირებულობა, რაც, მისი აზრით, სამწუხაროდ, არამარტო მოსახლეობას, არამედ სამედიცინო პერსონალსაც აკლია.

“რეფორმა პირველად ჯანდაცვაში მკაცრად არის გასატარებელი. უნდა გაძლიერდეს ეს რგოლი. მესამე და მეოთხე დონის მომსახურება თავკომბალად არის ქცეული, აქედან გამომდინარე, პირველადი რგოლის გამოყოფა და მისი გაძლიერება აუცილებელია.

უნდა გამოიყოს ადამიანური რესურსის საკითხი. “ქიმების გარკვეული ნაწილის გადამზადებაა საჭირო. დღესდღეობით ოჯახის ექიმსა და ვიწრო სპეციალისტებს შორის მიმდინარეობს შიდა დავა, თუ რა ზღვარზე უნდა შეჩერდეს ოჯახის ექიმის უფლება–მოვალეობები. კომპეტენციების ზღვარი ზუსტად უნდა დადგინდეს. ასევე, ექთნებს უნდა ეკისრებოდეთ მნიშვნელოვანი ფუნქციები. საექთნო მომსახურება უნდა გაიზარდოს, მაგრამ, მგონი ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ექთნების დეფიციტია. პირველადი ჯანდაცვის რგოლის ფუნქცია მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს: ეს ფუნქცია იწყება პრევენციით, პირველადი გამოკვლევებით და პასუხისმგებლობის სწორი განსაზღვრით – რა დროს შეიძლება ოჯახის ექიმმა აიღოს თავზე პაციენტის მკურნალობა და რა დროს გაგზავნოს პაციენტი ვიწრო სპეციალისტთან”, – მიაჩნია ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარეს.

მისი აზრით, ეს რეფორმა აუცილებელია იმისთვისაც, რომ როგორი მდიდარი ქვეყანაც არ უნდა იყოს საქართველო, თუ პირველადი ჯანდაცვა არ აღორძინდა და კერძო სადაზღვევო კომპანიები ცალკე არ განვითარდება, ძალიან გაუჭირდება სახელმწიფოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მართვა, – აღნიშნავს გია ლობჟანიძე.

ლევან ბერძენიშვილი: ჩვენ დაპირებებს ვასრულებთ

ფრაქცია “ქართული ოცნება-რესპუბლიკელების” წევრი ლევან ბერძენიშვილი ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და მოსალოდნელ რეფორმებზე საუბრობს. იგი ეხმაურება მინისტრ დავით სერგეენკოს მიერ დაანონსებულ ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას და ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემის ამ რგოლის რეფორმა საჭირო და მოსაწონი გადაწყვეტილებაა.

“მიმაჩნია, რომ ჯანდაცვის მიმართულება არის წარმატებული. თუ პირველადი ჯანდაცვის რეფორმაც განხორციელდება, ეს, რა თქმა უნდა, მოსაწონი იქნება. ჯანდაცვის სფერო არ იყო ყურადღების საგანი დიდი ხნის განმავლობაში და ჩვენ ამ მხრივ სერიოზული ჩამორჩენა გვქონდა. რაც გამოსწორდება, უკეთესია. გასაგებია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ კარგად იმუშავა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მე, როგორც პაციენტი, რომელსაც ხშირი ურთიერთობა მაქვს ექიმებთან,  რა თქმა უნდა, მივესალმები ახალ რეფორმას”, – აცხადებს ბერძენიშვილი.

იგი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი იმთავითვე დაანონსებული იყო, რამდენადაც  ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაში შედიოდა. “ჩვენ დაპირებებს ვასრულებთ. რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, ამასთან დაკავშირებით საუბარი იყო პირველსავე დოკუმენტებში, ჯერ კიდევ 2011 წელს, როცა “ქართული ოცნების” სამუშაო ჯგუფები შეიქმნა და ამაში მეც ვმონაწილეობდი. ამიტომ, ეს საკითხი ჩემთვის ცნობილია. ასე, რომ აქ მოულოდნელი არაფერია, უბრალოდ გამოჩნდა საშუალება. საჭირო იყო პირველი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გადაიდგა, საყოველთაო ჯანდაცვა მოქმედებს და მან დიდი როლი შეასრულა. ახლა კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ წინ. ჯანდაცვაში ჩვენ იმხელა ჩამორჩენა გვაქვს, კიდევ ბევრი ნაბიჯი გვექნება გადასადგმელი”, – მიაჩნია ლევან ბერძენიშვილს.

ანა ჭიჭინაძე