საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოა
“სახელმწიფომ ახალი რეგულაციები უნდა შექმნას, რომელიც მშენებარე ობიექტის მეპატრონეს ობიექტის მშენებლობის დასრულებას აიძულებს”
ბათუმში, კახაბრის დასახლებაში, კომპანია ”მეტრო ატლას ჯორჯია” მაღალი კლასის სასტუმროს ააშენებს. კომპანიამ აუქციონში გაიმარჯვა და 1 მლნ 530 ათას დოლარად, კახაბრის დასახლებაში 25 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძინა. ხელშეკრულების მიხედვით მყიდველი ახალ ბულვარში არანაკლებ 200 ნომრიან სასტუმრო კომპლექსის ააშენებს. შპს «მეტრო ატლას ჯორჯია» ტერიტორიაზე საკონფერენციო დარბაზებს, აპარტამენტებს, სამორინეებს და სხვა ობიექტებს განათავსებს. კომპანია ასევე უძრავი ქონების მიმდებარედ არსებული არხის კეთილმოწყობისთვის დამატებით არანაკლებ 2 250 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. «მეტრო ატლას ჯორჯია» ბათუმში 90 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. სასტუმრო კომპლექსი «მეტრო სითი» მინიმუმ 203 ნომრიანი იქნება. ტერიტორიაზე 3 შენობაში სულ 594 აპარტამენტი განთავსდება. სასტუმრო «მეტრო სითიში» 1500 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, სავაჭრო ცენტრი, 6 რეზიდენცია, სამორინე და სხვა ობიექტები განთავსდება. აღნიშნული ინვესტიცია 600- დან 1500 – მდე ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს. რა გეგმები აქვს კომპანიის ხელმძღვანელს, რატომ გადაწყვიტა ბიზნესი საქართველოში და როგორ აფასებს ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს, ამ და სხვა საკითხებზე ”მეტრო ატლას ჯორჯიას” დირექტორს მეჰმეთ აიაღს ვესაუბრეთ:
– როცა საქართველოში ინვესტიციის ჩადება გადავწყვიტეთ, აქ არ ვიყავით ნამყოფი. პირველი ობიექტი, რაც საქართველოში ავაშენეთ, საერთაშორისო დონის ავტოსადგური იყო ბათუმში. თავდაპირველად თავს ვიკავებდით საქართველოში საქმიანობისგან. გვეუბნებოდნენ, რომ ეს აღარაა ის საქართველო, რაც ადრე იყო. ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება და ავიღეთ ავტოსადგურის ტერიტორია. მხოლოდ რუკის მეშვეობით ვიცნობდით ამ ტერიტორიას. ჩამოვედით და ავაშენეთ ევროპული სტანდარტის დონის სადგური. ამ კომპანიის დამფუძნებელი 11 თვეა საქართველოში მუშაობს. ერთი რამ შემიძლია გითხრათ: საქართველო მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული, თავისუფალი და სანდო ქვეყანაა. აქ ჩამოსვლისთანავე დავიწყეთ ჩვენი პროექტების სისრულეში მოყვანა. ეს პროექტი 2019 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე, 2 წლით ადრე – 2016 წლის ბოლოს დასრულდება. კომპანიის დამფუძნებელი პატრიოტი და ეროვნული ადამიანია. მისი ეროვნულობა და პატრიოტიზმი ნიშნავს იმას, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ის ბიზნესსაქმიანობას ეწევა, გადაიხადოს ის გადასახადები, რასაც იქაური კანონი ავალდებულებს. მისი სურვილია ხელი შეუწყოს რეგიონში ეკონომიკის განვითარებას. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი თეთრია თუ შავი, ჩვენთვის მთავარია ადამიანი იყოს ადამიანი. ჩვენ საკუთარ თავს ამ ქალაქის და ქვეყნის კუთვნილებად ვთვლით.
– რამდენია თქვენი კომპანიის ინვესტიციების მთლიანი მოცულობა, რამდენი ადამიანია დასაქმებული კომპანიაში და რა ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავთ აჭარაში?
-»მეტრო სითის» პროექტის განხორვიელება, როგორც ხედავთ, სწარაფად მიმდინარეობს. ამასთან ერთად ამ ტერიტორიის გვერდით ახალი პროექტის განხორციელებასაც ვგეგმავთ. შევიძინეთ სასტუმრო «ინტურისტის» ნაწილი. ერთ-ერთ სასტუმროსთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. საერთო ჯამში, ჩვენს ანგარიშზეა 15 კომპანია, სადაც 1000-მდე ადამიანია დასაქმებული. ინვესტიციების მთლიანი მოცულობა 300 მილიარდ დოლარს შეადგენს. რა თქმა უნდა, როცა ბიზნესს ვაწარმოებთ და ფულს ვიგებთ, ამასთან ერთად იმ ადსამიანების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეც ვზრუნავთ, ვინც ჩვენთან მუშაობს. ჩვენთან დასაქმებული ადამიანების ხელფასი აქ არსებულ კომპანიებში დასაქმებულ ადამიანთა ხელფასზე მეტია. საქართველოში პირველად შემოვიტანეთ ევროპული დონის შიდა გადაზიდვების სტანდარტი. საქართველო ძალიან მიყვარს. საერთაშორისო არენაზე ყოველთვის მხარს ვუჭერთ ამ ქვეყანას და მის გვერდით ვდგავართ. სოციალური, კულტურული თუ სპორტული მხარდაჭერის კუთხით ყოველთვის საქართველოს ინტერესებს ვიცავთ. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ძალიან ბევრ რამეს შევძენთ. საქართველოს განვითარების საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ და მნიშვნელოვან როლს ვითამაშებთ. ყოველთვის წარმოვაჩენთ ჩვენ საქართველოს სიყვარულს. როცა აქ ფულს ვხარჯავთ, ვცილობთ ვიყოთ პირველები და ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები იყოს მაღალი ხარისხის.
-როგორია დღევანდელ საქართველოში ბიზნესგარემო?
-საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი და წამყვანი ქვეყანაა რეგიონში. აქ ჩამოსვლის დღიდან დღემდე ძალიან კარგი გარემო დაგხვდა და ბევრი საქმეც გავაკეთეთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოა. სახელმწიფო პირობებს უქმნის და მხარში უდგას ბიზნესმენებს. ჩვენ გზა გაგვიხსნეს. რა მიზნებიც გვქონდა, იმ მიზნებისკენ მივიწევთ. არანაირი ბარიერი და წინააღმდეგობა არ შეგვხვედრია. ამის გამო ძალიან ბედნიერები ვართ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ ინვესტიციები. 50 მილიონი დოლარის კაპიტალი ნიშნავს 500 მილიონი ან მილიარდი დოლარის ღირებულების შექმნას ქვეყანაში. ჯერ ისეთი შემთხვევა არ გვქონია, რომ როცა ამა თუ იმ პროექტს ვახორციელებთ, კითხვა დაგვესვა და პასუხი არ მიგვეღო. ასეთი შემთხვევა არ გვქონია.
-რა უნდა გაკეთოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდეს რეგიონში?
-როგორც აღვნიშნე, ჩვენი პროექტების განხორციელებაში არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორები არ ყოფილა. პირიქით, მხოლოდ დახმარებას ვგრძნობდით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ბარიერი გადალახულია. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ყველა კუთხეში ინვესტიციაა ჩადებული, თუმცა ძალიან ბევრი მიტოვებული ობიექტია. სახელმწიფომ ახალი რეგულაციები უნდა შეიქმნას, რომელიც მშენებარე ობიექტის მეპატრონეს ობიექტის მშენებლობის დასრულებას აიძულებს. ეს კი თავისთავად შექმნის კარგ ბიზნესსექტორს. რახან ბათუმზე ვსაუბრობთ, გეტყვით, რომ ბათუმი ტურიზმის ცენტრად გადაიქცევა. ვფიქრობ, არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს. ვფიქრობ, რომ მიტოვებული მშენებლობები უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს. კიდევ ერთი რამ არის აუცილებელი: საჭიროა, რომ საცობებისგან გათავისუფლდეს ქალაქი. ავტოპარკები და მსგავსი ობიექტები ქალაქგარეთ უნდა გავიტანოთ. ამისთვის კარგ და ხელსაყრელ პირობებს ხელვაჩაური იძლევა.
– საქართველოში დასაქმების კუთხით სერიოზული პრობლემებია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხელისუფლება ამ საკითხის მოგვარებას გვპირდებოდა, პრობლემა კვლავაც მწვავედ დგას. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს ამ მიმართულებით სახელმწიფომ?
– სახლმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს კერძო სექტორის განვითარებას, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს.
– აჭარის მაღალმთიანეთის ბუნებრივი პირობები ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ შესაძლებლობას იძლება. ხომ არ გეგმავთ სასტუმროების აშენებას აჭარის რომელიმე მაღალმთიან კურორტზე?
– ტურისტული ცენტრის შექმნას კარგი ინფრასტრუქტურა სჭირდება. იქ, სადაც კარგი ბუნებრივი პირობებია, არ არის კომფორტი. ასეთ პირობებში ტურიზმი ვერ განვითარდება. მაგალითად თურქეთში ზამთრის ტურიზმი, რამდენიმე წლის უკან, მხოლოდ რამდენიმე რეგიონში იყო განვითარებული, ახლა ზამთრის ტურიზმი საკმაოდ მაღალ დონეზეა და თითქმის ყველა იმ რეგიონში მუშაობს, სადაც ამის ბუნებრივი პირობები იძლევა საშუალებას.
ჩვენს მომავალ გეგმებს რაც შეეხება, მომავალი პროექტების ადგილად თბილისი გვესახება. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით შევძლებთ ბევრი კარგი და სასარგებლო პროექტის განხორციელებას.