ლარს ვერც ზაფხულმა უშველა – ექსპერტთა ნაწილი გამოსავალს გიორგი ქადაგიძის გადადგომაში ხედავს

ლარის გაუფასურება კვლავ გრძელდება. მიუხედავად იმისა რომ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტთა უმეტესი ნაწილი, ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ლარი გამყარებას აანონსებდა, მოლოდინი არ გამართლდა. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გაზრდილია ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობა, თბილისმა ახალგაზრდული ოლიმპიადას წარმატებით უმასპინძლა, რასაც ლოგიკურად ეროვნული ვალუტის გამყარება უნდა გამოეწვია, თუმცა, პროცესები სრულიად ალოგიკურად განვითარდა და ლარის დრეიფი კვლავ გრძელდება. ამ ყველაფრის ფონზე კი მუდმივად გაისმის ბრალდებები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის არასათანადო საქმიანობასთან დაკავშირებით და მიმდინარე პროცესებშიც ექსპერტთა უმეტესობაც სწორედ მას ადანაშაულებს.
გიორგი ქადაგიძის არასათანადო საქმიანობის შესახებ, სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა ეკონომიკის ექსპერტმა ვაჟა ბერიძემ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა. მისი შეფასებით, ეროვნული ბანკი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ,,ჯიბის” ინსტიტუტი იყო და თუკი ქადაგიძე არ დატოვებს დაკავებულ პოსტს ქვეყანაში სოციალური აფეთქება გარდაუვალი იქნება.

მოვუწოდებ გიორგი ქადაგიძეს – გადადგეს!

ვაჟა ბერიძე

ვაჟა ბერიძე, ეკონომიკის ექსპერტი:

,,სამაჩაბლოში გამსახურდიას ომი იყო, აფხაზეთში შევარდნაძის, 2008 წელს სააკაშვილის. შედეგად ჩვენ ქართველებმა დავკარგეთ ტერიტორიების 20%.

ეროვნულ ბანკს და ქადაგიძეს ეროვნული ვალუტა გადავაყოლეთ. საბანკო ზედამხედველობის ეროვნული ბანკიდან გამოტანით სებ–ის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრებაო, – გაგიგიათ მსგავსი აბსურდი? გეგონება სააკაშვილის დროს ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი იყო და აი, ,,ოცნების” დროს არის მცდელობა, ეს ,,დამოუკიდებლობა~ ხელყონ. უდაო ჭეშმარიტებაზე იდიოტური მსჯელობა ქართული დამოუკიდებლობის საფირმო ნიშანი გახდა. არა! სააკაშვილის დროს სებ–ი იყო მიშას ,,ჯიბის” ინსტიტუტი. როცა დასჭირდა, საბანკო ზედამხედველობაც გამოიტანა სებ–იდან და მერე ქადაგიძესთან ერთად, დესანტით და შტურმით კიდევ ერთხელ ჩაიდო ჯიბეში, საბანკო სისტემასთან ერთად. ახლა რამ გააცეცხლა ბატონი სადიკოვი, – სად იყო სავალუტო ფონდი, ნაციონალებს რომ გამოჰქონდათ იქედან საბანკო ზედამხედველობა, ან იქნებ მის მშობლიურ ყაზახეთშია ცენტრალური ბანკი ნაზარბაევისგან დამოუკიდებელი. ან ეს ,,იბიარდები” რამ ააკაკანა? არის საზოგადოების განწყობა, რომ ქადაგიძე მის ხელთ არსებულ ბერკეტებს იყენებს, რათა ლარის გარდაუვალი დევალვაცია, ძირითადად, საგარეო ფაქტორებით გამოწვეული, ვარდნად და კატასტროფად აქციოს, რათა შემოდგომა – ზამთრის სეზონში ,,ნაციონალებმა” დაგეგმილი შტურმი მოაწყონ და ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ.

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად რეალურია ეს ეჭვი თუ მოსაზრება. რახან იგი არსებობს, უნდა ვუპასუხოთ დროულად. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული გადაწყვეტილებების მიღება, ხოლო ,,ოცნებამ~ ისეთი უხეში შეცდომების დაშვება, როგორიცაა ვეტოს დაძლევის სექტემბრამდე გადადება. ამასობაში დაიქცევა ლარი და ეკონომიკა.  რა, მიშა სააკაშვილმა კითხა ვინმეს, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას, საბანკო ზედამხედველობა რომ გამოჰქონდა სებიდან? სად იყვნენ მაშინ ,,იბიარდები”.
არის კიდევ ერთი უფრო მართებული გზა. გიორგი ქადაგიძემ უნდა გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გადადგეს სებ–ის პრეზიდენტის თანამდებობიდან, პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭო თავიდან უნდა დაამტკიცოს და შესაბამისი წესით არჩეული ახალი პრეზიდენტი უკვე იქნება ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარანტი, სათანადო ფულად–საკრედიტო პოლიტიკის გამტარებელი და ლარის ლოგიკური დრეიფის მეთვალყურე.

დრო არ ითმენს, გიორგი ქადაგიძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. თუ ის ამას არ გააკეთებს, სასწრაფოდ, უახლოეს დღეებში, საგანგებო სესიაზე, პარლამენტმა უნდა დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო. ეს ნაციონალებისთვისაც კარგი იქნება, მერწმუნეთ, ოცნების მომხრეებისთვისაც და ქვეყნისთვისაც, რაც მთავარია. თორემ დადგება საქართველოს მტრებისთვის ნაოცნებარი კოლაფსი ამ ქვეყნის, სოციალური აფეთქება კი არა, კატასტროფა.

ბატონებო, ,,ქართული ოცნებიდან” – ომოქმედეთ, შეწყვიტეთ გართობა და პოლიტიკური თამაშები. თქვენზე ამ ბედკრული ქვეყნის და ბევრი ადამიანის ბედია დამოკიდებული. იმოქმედეთ!”

კანონში არსებული ერთერთი მუხლი (11 პრიმა) პირდაპირ მიუთითებს, რომ დღევანდელ სიტუაციაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გადადგეს”.

დავით იაკობიძე

დავით იაკობიძე, ყოფილი ფინანსთა მინისტრი:

ვაჟა ბერიძის მოსაზრებას სოციალურ ქსელშივე ეხმაურება ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის ექსპერტი დავით იაკობიძე და ისიც არსებული სიტუაციიდან გამოსავალს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომაში ხედავს. მას, ასევე, მიაჩნია, რომ საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოტანა ამ უწყებიდან დღევანდელ პირობებში ლოგიკური და სამართლიანია.

,,ვაჟა ბერიძემ მოუწოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ქადაგიძეს გადაგომისკენ, ამ მოწოდებას მეც ვუერთდები.

ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა წაიკითხოს კანონი ეროვნული ბანკის შესახებ (მრჩება შთაბეჭდილება, რომ იგი ფულად საკრედიტო პოლიტიკის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებაში სათანადოდ ვერ აფასებს) და დაინახავს რომ:

– საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოტანა ამ უწყებიდან დღევანდელ პირობებში ლოგიკური და სამართლიანია. რადგან კანონში ლაპარაკია ,,ფინანსური ზედამხედველობის სამსახურზე” და არა ბანკების ზედამხედველობაზე და დროულია ეს ხარვეზი აღმოიფხვრას.

– კანონში არსებული ერთერთი მუხლი (11 პრიმა) პირდაპირ მიუთითებს, რომ დღევანდელ სიტუაციაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გადადგეს. შესაბამისად, ამ საკანონმდებლო ნორმების მოთხოვნების (რომლებიც ემყარებიან არა საკითხის იურიდიულ ასპექტს, არამედ გამომდინარეობენ ქვეყნის მართვაში ჯანსაღი მორალური კლიმატის შენარჩუნების აუცილებლობიდან) აღსრულებისათვის იგი ვალდებულია, მოთხოვოს ბანკის პრეზიდენტს გადადგომა.”

გიორგი კაპანაძე