საბოტაჟი გრძელდება – ქადაგიძემ ლარის კურსი მაინც გააფუჭა

ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისადმი გაცემულ სესხებსა და ლარის გაცვლით კურსს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს

კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე გაცემულ სესხებსა და ლარის გაცვლით კურსს შორის მჭიდრო კორელაციური კავშირი არსებობს. კვლევაში შესაბამისი გრაფიკული გამოსახულებებით განმარტებულია, რომ რაც უფრო იზრდება ეროვნული ბანკიდან კომერციული ბანკებისათვის გაცემული სესხების მოცულობა, მით უფრო უარესდება ლარის გაცვლითი კურსი. ამასთან, კორელაციის კოეფიციენტმა – 0,90 შეადგინა.
2015 წელს ეროვნული ბანკიდან კომერციული ბანკებისათვის გაცემულ სესხებსა და ლარის გაცვლითი კურსს შორის ურთიერთკავშირის სიმჭიდროვე გარკვეულწილად შემცირდა, კორელაციის კოეფიციენტმა 0,77 შეადგინა, თუმცა აღნიშნულ მოვლენებს შორის სახეზე გვაქვს კვლავ ძლიერი პოზიტიური წრფივი კორელაცია, რადგანაც მიზეზობრივი ფაქტორის ცვალებადობის მიმართულება ემთხვევა საშედეგო ფაქტორის ცვალებადობის მიმართულებას, რაც გულისხმობს იმას, რომ რაც უფრო იზრდება ეროვნული ბანკიდან კომერციული ბანკებისათვის გაცემული სესხების მოცულობა, მით უფრო უარესდება ლარის გაცვლითი კურსი.
30 ივლისის მონაცემებით, წინა კვირასთან შედარებით, მუდმივმოქმედი რეფინანსირების სესხები 112 მილიონი ლარით არის გაზრდილი, ჯამში სესხი მესამე კვირაა მილიარდიან ნიშნულს სცდება. არის თუ არა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული ზრდა, გარკვეულწილად უკავშირდება ლარის ბოლოდროინდელ ცვლილებებს, საკითხთან დაკავშირებით ექსპერტები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ:

,,საბოტაჟი გრძელდება, ქადაგიძემ კურსი ძალიან გააფუჭა”, – მიხეილ დუნდუა

საბოტაჟი გრძელდება, ქადაგიძემ კურსი უკვე ნახევარი თვეა ძალიან გააფუჭა. 14 ივლისს ერთ დღეში 75 მილიონი ლარით გაზარდა კომერციული ბანკებისათვის სესხის მიწოდება, სესხი ერთ დღეში გაზარდა 75 მილიონი ლარით და სესხის მოცულობა გახდა 855 მილიონი, შედეგად კურსი გაფუჭდა და ბაზარზე 2,25-ს გადააჭარბა, შემდეგ 15 ივლისს ერთ დღეში 265 მილიონი ლარით გაზარდა მიწოდება და სესხმა 1 მილიარდ 120 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია, შედეგად კურსი უფრო გაფუჭდა და ბაზარზე 2,27-ს ასცდა. ამის შემდეგ უკვე მესამე კვირა დაიწყო, რაც სების მიერ კომერციულ ბანკებზე გაცემული სესხების მოცულობა მილიარდ 100 მილიონიანი ნიშნულის მიდამოშია. ასე ხანგძლივი პერიოდით ასეთი მაღალი რეფინანსირების შენარჩუნება ეროვნული ბანკის ახალ რეკორდს წარმოადგენს. სამწუხაროა, რომ ეს ტენდენცია კიდევ ერთი კვირით გაგრძელდა, როცა 30 ივლისის რეფინანსირების ახალი აუქციონის შემდეგ პრაქტიკულად იგივე მოცულობის რეფინანსირება შენარჩუნდა.
მიმდინარე პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების წმინდა დაკრედიტება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 600-700 მილიონი ლარით გაიზარდა.
2014-2015 წლებში ეროვნული ბანკის მხრიდან კომერციული ბანკების ყოველდღიურ წმინდა დაკრედიტებას და ლარის კურსის ცვლილებას შორის კოლერაცია 90%-ზე მაღალია.
შედარებისათვის, ფეხბურთში პენალატსა და გოლს შორის კრელაცია 70%-ზე დაბალია. ანუ პენალტის შემდეგ გოლის გატანის ალბათობა უფრო დაბალია, ვიდრე რეფინანსირების გაზრდის შემდეგ ლარის გაუფასურების სავალალო პერსპექტივა. რეფინანსირება ლარის გაუფასურების ყველაზე ძლიერი კატალიზატორია! დავაკვირდეთ ეროვნული ბანკის საკრედიტო პოლიტიკას 2013-2014-2015 წლების მიმდინარე პერიოდში, რადიკალური სხვაობაა!

,,ლარის კურსზე რეფინანსირების სესხები ნაკლებად მოქმედებს”, – ლია ელიავა

რეფინანსირების სესხების მოცულობა, რომლებიც აუქციონით გაიცემა, არ არის შეცვლილი, სააუქციონო სესხი ეს არის არამიზნობრივი სესხი და ერთხელ რომ გაიცა ერთი წლის წინ, პრაქტიკულად ერთი და იგივე თანხა ტრიალებს არაფერი შემატებია ან გამოკლებია. ჩვენ ვიცით, რომ ეს სესხები ფაქტობრივად არ ბრუნდება, არამედ ავტომატურად გრძელდება მათი ხელშეკრულება, ამიტომ ეს 700 მილიონი საქართველოს არც აციებს და არც აცხელებს, ის სესხები, რომლებსაც ეროვნული ბანკი უწოდებს მუდმივმოქმედს, არის იმ გაჭირვებული ბანკებისთვის, რომლებსაც ფინანსური პრობლემები აქვს შექმნილი და ამ სესხების გაცემის პრაქტიკა არის საყოველთაოდ მიღებული ყველა ცენტრალურ ბანკში. არსად მსგავსი სესხები არ მოქმედებს ეროვნული ვალუტის კურსზე, იმიტომ, რომ ვალუტის კურსი სხვანაირად ყალიბდება ჩვენთან, მექანიზმია სხვანაირი, ხოლო ეს რეფინანსირების სესხები არის კომერციული ბანკების დროებითი პრობლემების მოგვარების საკითხი, ანუ მას კავშირი არა აქვს ლარის კურსის ფორმირებასთან. გარდა ამისა აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ეროვნულ ბანკს ამოაქვს ლარის გარკვეული მასა სადეპოზიტო სერტიფიკატების მეშვეობით და თუ გადაითვლით, დაახლოებით ერთი და იგივე თანხა გამოდის, რომ გაქვითონ ერთმანეთი, ამიტომ ჩვენთან საქართველოში კონკრეტულად ლარის კურსზე რეფინანსირების სესხები ნაკლებად მოქმედებენ.

“მონეტარული ინსტრუმენტებით ლარის კურსზე ზეგავლენის მოხდენა შესაძლებელია”, – ლევან ქისტაური

მე ვფიქრობ, რომ მონეტარული ინსტრუმენტებით ლარის კურსზე ზეგავლენის მოხდენა შესაძლებელია, ხოლო მონეტარულ ინსტრუმენტებში მარტო რეფინანსირების სესხები არ იგულისხმება, რატომ არ იყენებს ეროვნული ბანკი თამასუქებს? მე ესე ვიტყოდი, რომ ლარის კურსი ეცემა იმიტომ, რომ ბაზარზე არ არის დოლარი, შესაბამისად, ან უნდა გაიზარდოს დოლარის მასა, ან უნდა შემცირდეს ლარი მიმოქცევაში, დოლარის მასის მყისიერად გასაზრდელი სწრაფი ინსტრუმენტები არ არსებობს, ამაზე მთავრობამ სტრატეგიულად უნდა იზრუნოს და ნაბიჯ–ნაბიჯ ამისკენ წავიდეს. მეორეს მხრივ, ეროვნულ ბანკს ხელთ აქვს ის ინსტრუმენტები, რომლითაც ლარის მასის შემცირება შეუძლია, ეს შეიძლება იყოს რეფინანსირების სესხები, ასევე თამასუქები, საჭიროების შემთხვევაში მინიმალური რეზერვები და ა.შ.

“რეფინანსირების სესხები უმეტესწილად ხვდება სავალუტო ბაზარზე”, – ვახტანგ ხომიზურაშვილი

რეფინანსირების სესხები, ეს ისეთი ინსტრუმენტია, რომელიც პირადპირ ზემოქმედებას ახდენს ლარის კურსზე, მთავარია ჩვენ ვნახოთ, მუდმივი ნაშთის მდგომარეობა, რომელიც რჩება საბანკო სისტემაში, შესაბამისად, ლარის კურსთან მიმართებაში, ბოლო პერიოდში, როცა დაიწყო ლარმა გაუფასურება, მანამდე რეფინანსირების სესხების უძრავი ნაშთი დაახლოებით აღწევდა 200 მილიონს, მანამდე ასეთი რამ არ ყოფილა. გასაგებია ქადაგიძის განმარტება, რომ ბანკებს აქვთ ლიკვიდობის პრობლემა და მოთხოვნა არის, თუმცა მანამდე ხსენებული უძრავი ნაშთი 40 მილიონამდე იყო, მერე უცებ გაიზარდა 200 მილიონამდე, რამ განაპირობა მსგავსი ზრდა ცოტა ძნელი ასახსნელია, თვითონ ეროვნულ ბანკშიც არ აკეთებენ ამაზე კომენტარს. ამიტომ ნებისმიერი მატება ამ უძრავ ნაშთზე, შეიძლება მოქმედებდეს ლარის კურსზე, იმიტომ, რომ რეფინანსირების სესხები უმეტესწილად ხვდება სავალუტო ბაზარზე, კითხვა ძალიან მარტივია, აქამდე თუ იყო ნაშთი მაქსიმუმ 40 მილიონი, რატომ გაიზარდა 200 მილიონამდე და რატომ ნარჩუნდება ასე, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში.