,,ეროვნული ბანკისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია ლარის კურსიც და ფინანსურ სტაბილურობაც”

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის ლევან კალანდაძის განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური პრობლემები მანამ არ დასრულდება, სანამ არ დაიწყება რეალური საწარმოო სექტორის დაფინანსება.

როგორც კალანდაძემ პორტალ ,,კვირას’’ პრესკლუბში განაცხადა, რეალური საწარმოო სექტორის დაფინანსება იმ პოლიტიკის პირობებში, რასაც ეროვნული ბანკი ახორციელებს, პრაქტიკულად შეუძლებელია.

მისივე თქმით, ქვეყანას არ აქვს არც ჯანსაღი საფინანსო სისტემა და არც ჯანსაღი ფინანსური რეგულირების სისტემა.

„როცა ვეყრდნობით ან ვიშველიებთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დოკუმენტებს, ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ ამ დოკუმენტებში გამოთქმულია ეროვნული ბანკის მიმართ რიგი კრიტიკული შენიშვნები იმ სისტემური ცვლილებების არ გატარებასთან და პრინციპული რეკომენდაციების არ გათვალისწინებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოდგენილი იყო სავალუტო ფონდის მიერ და რომელთა გატარების აუცილებლობის საკითხს დღესაც აქტიურად აყენებს ეს საერთაშორისო ორგანიზაცია. ამ შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ფინანსური სექტორის ზედამხედველობა სწორედაც რომ არ უნდა ჩაითვალოს ეფექტიანად და, მით უმეტეს, წარმატებულად“, – აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

მისივე თქმით, სავალუტო ფონდის რეკომენდაციების და, შეიძლება ითქვას, პრინციპული მოთხოვნების მიუხედავად, ეროვნულმა ბანკმა არ დანერგა მაკროპრუდენციული რეგულირებისა და რისკების მართვის სტანდარტები, რაც საშუალებას მისცემდა, ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილიყო ციკლური, სისტემური და სექტორული რისკების იდენტიფიცირების და, მეორე მხრივ, ფინანსური ნაკადების ეფექტიანი მართვის სისტემა.

„ეროვნულმა ბანკმა არ უზრუნველყო არაჰეჯირებული სესხების შეზღუდვა, ანუ ლარში შემოსავლის მქონე პირებისათვის სესხის დოლარში გაცემის შეზღუდვა, და რითაც არათუ არ შეამცირა სამომხმარებლო სავალუტო რისკები, არამედ პირიქით, სესხებთან დაკავშირებული სავალუტო რისკების ტვირთი მთლიანად მომხმარებელზე გადაიტანა. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა არ შექმნა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი, რომელსაც მაკროპრუდენციული რეგულირება უნდა განეხორციელებინა და 2012 წლიდან საერთოდ შეწყვიტა ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის მომზადება. როცა ეროვნული ბანკის საქმიანობის ეფექტურობას ვაფასებთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს კონსტიტუციით სებ-ი „წარმართავს ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას“ (მუხლი 95). შესაბამისად, ეროვნული ბანკი ძირითად აქცენტს ფასების სტაბილურობაზე აკეთებს და თავისი პოლიტიკით მან პრაქტიკულად უარი თქვა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაზე ფასების სტაბილურობის შეენარჩუნების სანაცვლოდ. თუმცა, რეალურად ეს უკანასკნელიც ვერ შენარჩუნდა“, – აღნიშნა კალანდაძემ.

მისივე განმარტებით, როდესაც 2015 წლის დასაწყისში ეროვნული ბანკს ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას ურჩევნდნენ, ეროვნულმა ბანკმა ეს არ გააკეთა და არგუმენტად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე მოსალოდნელი ნეგატიური გავლენა დაასახელა. ამასთან, როგორც ეკონომისტმა აღნიშნა, მაშინ კი, როცა საფრთხე ემუქრება ფასების სტაბილურობას, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს.

„ეროვნული ბანკი მხოლოდ მაშინ იყენებს რეფინანსირების განაკვეთის მონეტარულ ინსტრუმენტს, როცა „საფრთხე“ ინფლაციის მაჩვენებელს ემუქრება. ანუ, ეროვნული ბანკი „ზრუნავს“ მხოლოდ ფასების სტაბილურობასა და ინფლაციის მაჩვენებლის კონტროლზე და მისთვის, ამ პირობებში, ნაკლებად პრიორიტეტულია ლარის კურსიც და, ზოგადად, ფინანსურ სტაბილურობის თემაც“,- განაცხადა ლევან კალანდაძემ.