”ჰით  ბათუმი 2015”   გრძელდება –  შექსპირისეულ პიესას “როგორც გენებოთ”  ამჯერად  პიაცა მასპინძლობს

სპექტაკლები ღია ცის ქვეშ – ერთი კვირის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქი  5 ქართულ და 4 უცხოურ თეატრალურ დასს  უმასპინძლებს. ქართველ მსახიობებთან ერთად ბათუმის ქუჩებში თეატრალურ წარმოდგენებს  ესპანეთის, უნგრეთის, ბრიტანეთისა და ინდოეთის დასებიც გამართავენ.

წარმოდგენები, რომლებიც ბათუმის კოლონადებში, საზაფხულო თეატრში, პიაცაზე,  ბულვარსა და ძველი ბათუმის ქუჩებში გაიმართება „ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში უფასო იქნება.

დღეს, 14 აგვისტოს, 22:00 საათზე,  ბათუმი  პიაცაზე მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლს შექსპირის ყველაზე  უცნაურ პიესას – “როგორც გენებოთ” უმასპინძლებს.

ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ მტრობენ და იყვარებენ ერთმანეთს ღვიძლი ძმები, როგორ მოულოდნელად იცვლება ადამიანთა ცხოვრება ერთი შეხედვით ამოუცნობი მოვლენების გამო; ამბავს ტყეში მიმოფანტული წმინდანების, შეყვარებულების, გარეული მხეცებისა და კაცად გადაცმული თამამი ქალწულების შესახებ.

პიაცაზე გაჩერდება დრო და აღარაფერი იქნება მნიშვნელოვანი, გარდა იმ ამბისა, რომელშიც შექსპირი შეგვიტყუებს, შეგვიტყუებს, როგორც ტყეში.

ერთი მხრივ ყველაზე “არაშექსპირული” პიესა, რომელიც თითქოს შექსპირის ყველა მომდევნო ნამუშევრის საწყისია. აქ აღმოაჩენთ ჰამლეტის ორეულებს, “ზაფხულის ღამის სიზმრის” მელანქოლიურ გმირებსა და პროსპეროს მსგავს იდუმალ, ბრძენ და ნახევრადღვთაებრივ არსებებს.

 

„ეს პიესა ერთდოულად შუასაუკუნეების მისტერიასაც მოგვაგონებს, ქალაქის მოედანზე გათამაშებულ თოჯინურ ბუფონადასაც და ფილოსოფიურ თუ ფსიქოლოგიურ დრამასაც. ამ პიესიდან, როგორც სარკიდან, ისე მოჩანს არისტოფანე, დანტე, და ასე განსაჯეთ, ჩეხოვიცა და ბრეხტიც კი,“

 

– განმატავს პიესის ადაპტირების ავტორი ლაშა ბუღაძე.

სპექტაკლის რეჟისორია ლევან წულაძე, ხოლო კომპოზიტორი – ვახტანგ კახიძე. მონაწილეობენ ონისე ონიანი,როლანდ ოქროპირიძე,ზურაბ ბერიკაშვილი,ნიკა კუჭავა,დავით ხურცილავა,ბესო ბარათაშვილი,მალხაზ აბულაძე,ნიკოლოზ თავაძე,თამარ ბუხნიკაშვილი,ნატა მურვანიძე, ქეთევან ცხაკაია, ქეთევან შათირიშვილი, ანკა ვასაძე, ნატო კახიძე, მანანა კოზაკოვა.

მანამდე ზღვისპირა ქალაქის მაცხოვრებლებსა და  დამსვენებლების განწყობაზე 19:00-21:00 საათზე  კვლავინდებურად The New York Brass Band იზრუნებს. სტარტი შადრევნებიდან,  სანაპიროს ზოლის გავლით კოლონადებში, სადაც 15-20 წუთიანი შოუ გაიმართება. მსვლელობას პიაცაზ დაასრულებენ. საღამოს 23:00 საათზე გუფი ლენდი და The New York Brass Band კვლავ საფესტივალო კლუბში ცნობილი ჰიტებით გელიან.