სახელმწიფომ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს

ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელს, ირაკლი პეტრიაშვილს ვესაუბრეთ.

მისი განცხადებით, სახელმწიფო ვალდებულია, რომ მხოლოდ დაბადების მოწმობები კი არ გასცეს უფასოდ, არამედ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სერიოზული პრობლემა აქვთ ჯანდაცვასთან დაკავშირებით, უზრუნველყოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა. „მოქალაქეების დიდ ნაწილს ათეულობით წლების მანძილზე ექიმი არ ჰყავდა ნანახი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ შეასრულა ფუნქცია და მხოლოდ დადებითი შეიძლება ითქვას. ერთადერთი, რაც არ მომწონს არის ის, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ საშუალება, რომ მიიღონ ეს მომსახურება, მაინც აფინანსებენ. ალბათ საჭიროა შემოსავლების მიხედვით კლასიფიკაცია. პირველადი ჯანდაცვის რეფორმიებისას ეს საკითხი აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული. მაგალითად, მე მაქვს იმდენი შემოსავალი, რომ შევძლო სისხლის, შარდის და მსგავსი ანალიზების გაკეთება, ამიტომ მე არ უნდა მაფინანსებდეს სახელმწიფო. თუმცა არ მაქვს ძვირადღირებული ოპერაციის გაკეთების საშუალება. რაიმე მექანიზმით უნდა ხდებოდეს პრიორიტეტების გადანაწილება. არიან ადამიანები, რომლებსაც არც ამ ანალიზების გაკეთების საშუალება აქვთ. კლასიფიკაცია სანამ არ მოხდება, ბუნებრივია, ეს იქნება ძვირი, შეიძლება იმოქმედოს ლარის კურსზეც და არაეფექტური გახადოს საკმაოდ საინტერესო, კარგი და სოციალურად ორიენტირებული პროგრამა“, – აცხადებს პეტრიაშვილი.

– უნდა გაიზარდოს თუ არა ხელისუფლების, როგორც რეგულატორის როლი, რათა მოხდეს მედიკამენტებზე და სერვისებზე ფასების შემცირება?

– ამ საკითხს რთულად არ აღვიქვამ. აქ რეალურად ასეთი სიტუაციაა, – ხელოვნურად შექმნილი რეალობაა, მაღალ ფასებს იმიტომ იხდის მედიკამენტებში საზოგადოება, რომ ჯანდაცვა, ფარმაცია და დაზღვევა არის ერთი ორგანიზაციის ხელში მოხვედრილი. ამას მსოფლიოში ანალოგი იშვიათად აქვს, მაგრამ სადაც ასეთი რეალობაა, ყველგან პრობლემა იქმნება ამ კუთხით. ბაზარი ფაქტობრივად მონოპოლიზირებულია. საავადმყოფოები და აფთიაქები, ამავე დროს, სადაზღვევო კომპანიები არის ერთი ორგანიზაციის ხელში.

– რა უნდა გაკეთდეს, რომ  ექიმების ანაზღაურება გაიზარდოს?

– სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამაზე, ოღონდ არაპირდაპირი ჩარევით. კი არ უნდა განსაზღვროს ვის რამდენი ხელფასი ჰქონდეს, არამედ როდესაც აცხადებს კონკურსს, ამა თუ იმ პაკეტს რომელი სადაზღვევო კომპანია ან სამედიცინო დაწესებულება მიიღებს, როგორი იქნება სახელფასო ანაზღაურების ტარიფი, უნდა ინტერესდებოდეს. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ბიუჯეტიდან გადახდილი ფული და ეს თანხა ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას უნდა ხმარდებოდეს.

ჯანდაცვის სამინისტრომ იმაზეც უნდა იზრუნოს, რომ მის სრულ დასახელებაში სიტყვა ,,შრომა“ უბრალოდ არ ეწეროს. ამას შესაბამისი ყურადღება სჭირდება, შრომის კოდექსთან დაკავშირებით ამ სამინისტროს უფრო მეტი ამბიცია უნდა ჰქონდეს, რომ რეალურად ადამიანური პირობები შეუქმნან დასაქმებულ ადამიანებს. სწორედ ამ კუთხით არის რეფორმა გასატარებელი.