საქართველოში მოყვანილი ხორბლის მოსავლიდან სასურსათო მხოლოდ 20–25%–ია

ბოლო წლების მანძილზე წელს ქვეყანაში ხორბლის ყველაზე დიდი მოსავალი მოვიდა. როგორც მეხორბლეთა ასოციაციაში აცხედებენ, საუბარია დაახლოებით 150 000 ტონა ხორბალზე, მაშინ, როდესაც 2014 წელს 50 000 ტონა, ხოლო 2013 წელს კი 81 000 ტონა ხორბალი მოვიდა. თუმცა, უხვი მოსავლის მიუხედავად, პრობლემებზე საუბრობენ ფერმერები და აცხადებენ, რომ მოსავალს ვერ აბარებენ ან თუ აბარებენ, ძალიან დაბალ ფასად. რატომ ექმნებათ პრობლემა გლეხებს მოსავლის ჩაბარებაზე და ზოგადად რა პრობლემებია ამ კუთხით, – ამ კითხვებით მეხორბლეთა ასოციაციის პრეზიდენტს ლევან სილაგავას მივმართეთ.

ბოლო სამი წლის მანძილზე ქვეყანაში ხორბლის ყველაზე დიდი მოსავალი მოვიდა, თუმცა, როგორც ფერმერთა ნაწილი აცხადებს, ხორბლის ჩაბარებას ვერ ახერხებენ, რა არის ამის მიზეზი ?

– ამის მთავარი მიზეზი არის ხარისხობრივი მაჩვენებელი, ანუ ყოველ წელს წისქვილ კომბინატები იბარებენ გარკვეული კონდიციის ხორბალს. ეს არის სასურსათო ხორბალი. ეს ჩვეული პრაქტიკაა და ამაში ახალი არაფერია. წისქვილკომბინატები სასურსათო ხორბლის გარდა, სხვა უფრო დაბალი ხარისხის ხორბალს ვერ ჩაიბარებენ. ჩვენ გამოცხადებული გვაქვს ეს პარამატრები. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი, ასე ვთქვათ, ახირება, ან ჩვენს მიერ დადგენილი პარამეტრები, ეს არის მსოფლიოში მიღებული პარამეტრები. ჩვენ დღეს ვუსწორდებით რუსული ხორბლის სტანდარტს. ეს გახლავთ მესამე და მეოთხე კლასის ხორბალი. გამოცხადებული გვაქვს ფასიც, – 1 ტონა მეოთხე კლასის ხორბლის ფასი 450 ლარია, ანუ კილოგრამზე 45 თეთრი. მესამე კლასის ხორბლის ფასი კი 50 თეთრია ერთ კილოგრამზე. ეს ფასი რუსეთიდან იმპორტირებული მესამე და მოეთხე კლასის ხორბლის ფასის მიხედვით დგინდება. თუ ქართველი ფერმერებიც მოგვიტანენ მესამე და მეოთხე კლასის ხორბალს, ისინიც მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას. რაც შეეხება ხორბლის დიდ მოსავალს, დიახ, ეს ნამდვილად ასეა, წელს მოსავალი მართლაც რეკორდულია. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მოსავლის მხოლოდ 20–25%–ია სასურსათო ხორბალი. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მოსავლის მთლიანი ნაწილი ჯერ აღებული არ არის. ქვეყნის გარკვეულ რაიონებში ჯერ ისევ იღებენ ხორბალს. წისქვილკომბინატებს შესყიდული აქვთ დაახლოებით 10 000 ტონა ხორბალი. მე ვვარაუდობ, რომ გლეხების ნაწილმა მოსავალი შეინახა და არ ჩააბარა. ეს სწორიცაა და ვეთანხმები, ვინაიდან მოსავლის აღების პერიოდში ხორბალზე ფასი შედარებით დაბალია და თუ გლეხს აქვს საშუალება, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს ხორბალი დაასაწყობოს და შემდეგ გაყიდოს, ეს ნამდვილად სწორი და მომგებიანია თუმცა, რასაკვირველია, ესეც გარკვეულ რისკებს შეიცავს, ვინაიდან შეიძლება ფასი პირიქით, დავარდეს კიდეც. , რაც შეეხება არასასურსათო ხორბალს, რასაკვირველია, არც ეს რჩება ჩაუბარებელი. ასეთ ხორბალს უპრობლემოდ იბარებენ სპირტის ქარხნები და მეფრინველეობის ფაბრიკები. რასაკვირველია. ასეთ შემთხვევაში ხორბლის ფასი შედარებით დაბალია.

რა იწვევს დაბალი ხარისხის ხორბლის მიღებას, ანუ რა უნდა გაითვალისწინოს ფერმერმა, რათა იგივე პრობლემის წინაშე აღარ აღმოჩნდეს?   

– ყველაფერი დამოკიდებულია, რასაკვირველია, თესლზე. ქართველი ფერმერები ხშირად იყენებენ მეორე, მესამე რეპროდუქციას, ანუ ეს ნიშნავს იმას, დღეს მიღებული მოსავალიდან გადაარჩევენ რაღაც ხორბალს სათესლედ, მაშინ როდესაც ეს სათესლე ხორბალი არ არის. რასაკვირველია, ასეთ ხორბალს სიძლიერეც ნაკლები აქვს, შესაბამისად, მოსავალიც ნაკლები მოდის. ჩემი აზრით, ასევე აუცილებელია ფერმერებისთვის აგროდაზღვევა, რომელიც ფერმერს აარიდებს რიგ პრობლემებს. როდესაც ფერმერი მყარად ვერ დგას, მას უჭირს თუნდაც კარგი ხარისხის თესლის ყიდვა და სხვა საჭირო სამუშაოს ჩატარება. ერთმა უეცარმა სტიქიამ კი მას ეს ყველა წვალება შეიძლება წყალში ჩაუყაროს.

რაც შეეხება ექსპორტს, თუ გადის რომელიმე ქვეყანაში ქართული ხორბალი, თუ შეუძლია ფერმერს, რომელიც ხარისხის გამო ადგილობრივ ბაზარზე ვერ აბარებს მოსავალს, ექსპორტზე გაიტანოს მარცვლეული?  

– არა, ჩვენი ხორბალი მრავალი ფაქტორის გამო ექსპორტზე არ გადის. პირველი, ეს არის რაოდენობა. სავაჭრო პარტია 3 000 ტონაზე ნაკლები არ უნდა იყოს. არცერთ ფერმერს არ აქვს ამის საშუალება. ამ რაოდენობის ხორბალს ვერცერთი ფერმერი ვერ მიიღებს. მეორე ფაქტორი გახლავთ ის, რომ კონკრეტულ ფერმერს არ აქვს იმის საშუალება, რომ ამ ყველაფერს ორგანიზება გაუწიოს და რომელიმე ქვეყანაში მოახერხოს მოსავლის ექსპორტზე გატანა. ქართული ხორბალი 30 წელზე მეტია ექსპორტზე არ გასულა. საერთოდ, საექსპორტო ქვეყანა სულ რამდენიმეა. ესენია, –  რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა. არც ჩვენ და არც სხვა პატარა ქვეყნები არ ვართ ხორბლის ექსპორტიორები.

ესაუბრა პაატა ბაირახტარი