თურქი ინვესტორები ზემო აჭარაში ტექსტილის ქარხანას ააშენებენ

თურქი ინვესტორები ზემო აჭარაში ტექსტილის ქარხნის მშენებლობას გეგმავენ. როგორც საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, ამ ეტაპზე, კომპანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დაახლოებით 2-3 თვეში უფრო ქმედითი ნაბიჯებიც გადაიდგმება.

ოსმან ჩალშქანის ინფორმაციით, კომპანია საწყის ეტაპზე მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, საბოლოოდ კი ქარხანაში 150 ადამიანი დასაქმდება.

„თურქი ინვესტორები არიან თუმცა ბრენდი უცხოურია, ჯერ-ჯერობით ვერ დავკონკრეტდები. ზემო აჭარაში ბევრი უმუშევარი ადამიანია, ძირითადი მოსახლეობა კი თხილზე ან ჩაიზე სამუშაოდ მეზობელ თურქეთში მიდის. გვინდა, რომ იქ არამარტო ტექსტილის ქარხანა, სხვა ქარხნებიც აშენდეს და უცხოელი ინვესტორები შემოვიყვანოთ” – აცხადებს ჩალიშქანი.

მისივე ინფორმაციით, ინვესტორები აჭარაში გასულ კვირაში იმყოფებოდნენ და ქარხნის სავარაუდო ტერიტორიაც დაათვალიერეს. კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრები აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთანაც გამართეს.

commersant.ge