ეროვნული ბანკი “ხელოვნურად” ზღუდავს და აკორექტირებს ლარზე მოთხოვნას

რეფინანსირების სესხით ეროვნული ბანკი ხელოვნურად ზღუდავს კომერციული ბანკების მოთხოვნას ლარზე, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან კალანდაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. ექსპერტი წერს, რომ კიდევ ერთხელ შეეცდება ახსნას თუ რატომ მოქმედებს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე გაცემული რეფინანსირების სესხი ლარის კურსზე უარყოფითად და შემდგომში ამ საკითხზე კამათში შესვლას არ აპირებს.

“კიდევ ერთხელ შევეცდები ავხსნა და დავწერო, თუ რატომ მოქმედებს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე გაცემული რეფინანსირების სესხი ლარის კურსზე უარყოფითად. და ეს იქნება ბოლო. მეტს ამ თემაზე არც კამთს ვაპირებ და აღარც “ცხარე” ფეისბუქ-დისპუტებში მონაწილეობის მიღებას. აზრი არ აქვს და იმიტომ… ვისაც გაგება სურს, გაიგებს. ვისაც არ სურს, მაინც არ გაიგებს და მათთან ამ თემაზე დაუსრულებელი ფეისბუქ-საუბრები ვფიქრობ დროის ფუჭი ხარჯვაა. დრო კი, ფულია…
როცა კომერციულ ბანკს უჩნდება ლიკვიდობის პრობლემა, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, სჭირდება დამატებითი ლარის მასა, მას მხოლოდ ორი გზა აქვს – ან ბაზარზე არსებული ლარის თავისუფალი მასის მოზიდვას ახდენს, ან დოლარს (ვალუტას) ყიდის. ამ ორივე შემთხვევაში იზრდება ლარზე მოთხოვნა, ანუ ისევ მარტივად რომ ვთქვათ, ლარი მყარდება.
როცა ეროვნული ბანკი ამ ორი გზის “ალტერნატივა” თავად ხდება და კომერციულ ბანკზე გასცემს რეფინანსირების სესხს, იგი ამით “ხელოვნურად”, ნებსით თუ უნებლიედ, ახდენს ლარზე კომერციული ბანკის მიერ შესაძლო მოთხოვნის შემცირებას. ანუ, ისევ მარტივად რომ ვთქვათ, “ხელოვნურად” ამცირებს ბაზარზე ლარზე მოთხოვნას. რადგან, კომერციული ბანკი აღარც ბაზარზე თავისუფალი ლარის მასის მოზიდვას ცდილობს და აღარც დოლარს (ვალუტას) ყიდის.

 

მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ასეა – რეფინანსირების სესხის გაცემით ეროვნული ბანკი “ხელოვნურად” ზღუდავს და “აკორექტირებს” კომერციული ბანკების მოთხოვნას ლარზე. ლარზე მოთხოვნის შემცირება კი რას იწვევს, იცით…”, – წერს ლევან კალანდაძე.