,,ქადაგიძე ყვება ზღაპრებს”
ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ეხმაურება ლარის კურსთან დაკავშირებულ პერიპეტიებს და აცხადებს, რომ ქადაგიძის გამოსვლებიდან აშკარად ჩანს პოლიტიკური კინკლაობის ნიშნები.
,,იმდენად უაზრო რამ ხდება ქვეყანაში, რომ ჩვენი მოსახლეობა უკვე ყოველდღიურად ზარალდება. მაგალითად, შენ ადამიანს სესხი მიეცი დოლარში, ამ დროს გაუფასურდა ლარი და ეუბნები, შეგიძლია, სესხი ლარში გადაიტანო და არ იზარალებო. მანაც დაგიჯერა, მაგრამ ამის შემდეგ აკეთებ რეფინანსირებას და უმატებ პროცენტს, რა გამოვიდა, მოატყუე ხალხი? გაგიჟდა ხალხი, შენ მითხარი, გადაიტანეო და ახლა მიმატებ? ამ გაჭირვებულ მოსახლეობას კიდევ ეს უნდა? მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური კინკლაობა. ქადაგიძე ეუბნება მთავრობას, ვინაიდან ხაზინაში ფული გაქვთ, გაწერეთ გეგმა და თანაბრად დახარჯეთ, რათა მერე ერთბაშად არ მოაყაროთ ბაზარსო. მერე ეუბნება, ხარჯები შეამცირეთ ბიუჯეტშიო… იცით, ხარჯების შემცირება რას ნიშნავს? ეკონომიკური მაჩვენებლების შემცირებას. ქადაგიძის გამოსვლებიდან აშკარად ჩანს პოლიტიკური კინკლაობის ნიშნების: აი, თქვენ რომ აგინებთ ეროვნულ ბანკს, ამიტომ ხდება თქვენს თავს უბედურებაო. რაც შეეხება დოლარის დაგროვებას, ეს არის ელემენტარული, საიდან უნდა დააგროვო ზედმეტი დოლარი, საიდან უნდა ჩატენო მუთაქებში, ეკონომიკა აყვავდა, ჭარბი მოგება ვნახეთ, თუ როგორაა? ქადაგიძე ყვება ზღაპრებს”, – აცხადებს ემზარ ჯგერენაია.