“კონვერტაციების დროს მიდის არბიტრაჟული ვაჭრობა. აქედან ბანკები დიდ მოგებას ნახულობენ“

“აშშ-ში ფედერალური სარეზერვო სისტემა არის კრედიტის საბოლოო ინსტანცია, ის აკონტროლებს ეკონომიკას, ხოლო კომერციულ ბანკებს კურირებს საბანკო ზედამხედველობის ეროვნული კორპორაცია”

საქართველოს ეკონომიკის, ერთი შეხედვით, ყველაზე გამართულად ფუნქციონირებად საბანკო სფეროს პრობლემებზე, ექსპერტული საზოგადოება უკვე ღიად ალაპარაკდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მომდევნო რამოდენიმე წლის განმავლობაში ქართულ საბანკო სექტორს დაახლოებით 4.4 მილიარდი აშშ დოლარი მართებს უცხოური კრედიტორების მიმართ, რაც სახელმწიფო ვალზე მეტია. შეიძლება თუ არა, აღნიშნული ვალის ვერ მომსახურება სახელმწიფო ბიუჯეტს დააწვეს ტვირთად და ხომ არ შეექმნება საფრთხე საბანკო სისტემის სტაბილურობას, – საბანკო სისტემის მდგომარეობაზე და რისკებზე გვესაუბრება ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი დავით იაკობიძე.

როგორ აფასებთ მთავრობის მიერ სწორი და ეფექტური რეგულაციებით საბანკო სფეროს კონტროლის ინიციატივას, რაც ამ შემთხვევაში საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბებას გულისხმობს?

– მე უკვე დიდი ხანია ვაპელირებ პრესის, ტელევიზიის საშუალებით, რომ ეს წამოწყება არის დროული. საქმე იმაში გახლავთ, რომ ბანკები პრობლემას ქმნიან ღია ეკონომიკურ სიტუაციაში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც დოლარიზაციის დონე ძალიან მაღალია, საქართველოში იყო პერიოდები, როცა დოლარიზაცია 80%–ზე მეტს შეადგენდა, ახლა 60%–ზეა ჩამოსული.

მთელი პრობლემა ასეთ დროს იმას უკავშირდება, რომ ლარი და დოლარი თანაბარი ძალებით არ ფუნქციონირებენ, არამედ შედარებით მეტი რაოდენობით პროდუქციაზე ღირებულების საზომი ხდება დოლარი და ნაკლები რაოდენობით ლარი, შესაბამისად, მათ შორის ბალანსის დაცვა რთულია.

მთელ რიგ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე არ მიაქციეს საბანკო სისტემას ყურადღება და შედარებით რბილად მოქმედებდნენ, მოუწიათ ამ ბანკების ჩამოშორება. მაგალითად ლატვიაში ხუთი წლის წინ მოქმედი ბანკებიდან დღეს, პრაქტიკულად, არცერთი აღარ ფუნქციონირებს, ძალიან ბევრი გაკოტრდა და მათ ადგილზე შემოვიდნენ შვედური ბანკები, რის შემდეგადაც სტაბილურობის განცდა გაჩნდა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ვინ აკონტროლებს კომერციულ ბანკებს. იგივე ლატვიაში იყო ლიტვური ბანკები, იყო რუსულ–ლატვიური ბანკებიც, თუმცა, მთავარი ისაა, რომ არ იყო გამჭვირვალე ვისი კაპიტალი იყო და ვინ აკონტროლებდა მას. შეიქმნა ერთგვარად კვაზი სისტემა, რომელიც აბსოლუტურად სხვა რამეა, ვიდრე საფინანსო–საშუამავლო სისტემის ის შინაარსი, როგორც ამას სტატისტიკის საერთაშორისო ასოციაციის განმარტება გულისხმობს.

თუ ამ კონტექსტში განვიხილავთ ქართულ ბანკებს, თითქმის ყველა მათგანი დაფუძნებულია უცხოური კაპიტალით. ასეთი ტიპის ბანკები, ყველგან სტატისტიკოსების მიერ, განიხილება იმ მეთოდოლოგიით, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები ხელმძღვანელობენ. ასეთი ორგანიზაციები ითვლება, როგორც კვაზი ფინანსური ორგანიზაციები.

აქედან გამომდინარე, ვამტკიცებ, რომ ჩვენთან არის კვაზი საბანკო სისტემა და განვითარების ეს მოდელი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. როგორ შევძლებთ ამას?

მაგალითად ამერიკაში არსებობს ფედერალური სარეზერვო სისტემა, რომელიც, ერთი მხრივ, ბანკების ბანკთა ბანკია, ის, ასევე, არის კრედიტის საბოლოო ინსტანცია. თუმცა იმავე სივრცეში არსებობს საბანკო ზედამხედველობის ეროვნული კორპორაცია, რომელიც ბანკების საქმიანობას განსაზღვრავს ყველა მიმართულებით. ამერიკაში რომ ვინმეს ბანკის გახსნა მოუნდეს, მას ურთიერთობა აქვს ეროვნულ კორპორაციასთან და არა სარეზერვო სისტემასთან, ამ უკანასკნელთან ის იმუშავებს, როგორც კლიენტი.

 საქართველოში ასეთი ტიპის დამოკიდებულება შეიძლება არ იყოს მთლად მიზანშეწონილი, მისი მასშტაბებიდან გამომდინარე. თუმცა, ჩვენთან ლარის ნაწილშიც და დოლარის ნაწილშიც ეროვნული ბანკი მუშაობს, ამ დროს დოლარი მსოფლიო ფინანსური სისტემის ნაწილია, სწორედ ამ კონტექსტში შეიძლება შეიქმნას პრობლემა, როგორ იყენებენ ბანკები ლარს საერთაშორისო ანგარიშსწორების დროს და არის თუ არა დაცული სადოლარო და ლარის სისტემას შორის თანაფარდობა.

მე მომეწონა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აზრი და რჩევა, რომ თუ შექმნით საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებელ უწყებას, ის უნდა იყოს ძლევამოსილი, რომ ქონდეს ის შესაძლებლობები, რომ ნებისმიერ პროცესებში სათანადოდ ჩაერთოს და იმუშაოს. აქ არა მარტო ბანკების კეთილსინდისიერების გარკვევის პრობლემაა, არამედ გადარიცხვები, შავი ფულის გათეთრების მცდელობები და კიდევ სხვა მრავალი, სადაც გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს. ამიტომ, პროფესიონალების ძალიან დიდი ჯგუფია საჭირო, რომლებიც განიხილავენ ამ საკითხს და შემდეგ მისცემენ იურიდიულ კვალიფიკაციას.

როგორ აფასებთ ქართულ საბანკო სისტემას დღეს, საუბარია უცხოური კრედიტორებისთვის გასასტუმრებელ ვალზე, მთლიანად უახლოეს წლებში 4.4 მილიარდი, რაც სახელმწიფო ვალზე მეტია. არსებობს თუ არა ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის თეორიული შანსი და ხომ არ ემუქრება საბანკო სისტემის სტაბილურობას საფრთხე?

– როცა ასეთი ტიპის ბანკებთან გაქვს საქმე, რომლის დამფუძნებლებიც საზღვარგარეთ არიან და ქვეყნის ეკონომიკური თუ ფინანსური გამოწვევებისგან მოწყვეტილნი არიან, რომელთა საკუთრებრივი ფორმა ქვეყნის სამოქალაქო სივრცეს სცილება, ეს აღარ არის უკვე ტიპიური სამეურნეო ერთეული შენთვის. ყველა ქვეყანა მიისწრაფის იქითკენ, რომ მესაკუთრე და მენეჯმენტი გამოცალკევებული იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მესაკუთრე საერთოდ არ იყოს ამ ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი. ამიტომ ასეთი ტიპის ბანკებისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

რაც შეეხება 2015 წელს გასასტუმრებელ 1,4 მილიარდს, ეს არ წარმოადგენს ბანკებისთვის ისეთ პრობლემას, რომ მათ ვერ დაძლიონ. არსებული რეალობა, შემოსავლების და ვალდებულებების რეალური ტიპები ბანკებს აძლევთ შესაძლებლობას, რომ უფრო და უფრო მეტი შემოსავლები მიიღონ.

ეს არის ჩვეულებრივი ვალდებულებები, დამფუძნებლების განკარგულებაში არსებული რესურსი, რომელიც თავის დროზე გასცეს კრედიტებად და დაიბრუნებენ მაღალი პროცენტით.

ის ფაქტი, რომ დამფუძნებლები არ არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, გვარიდებს იმ საფრთხეს, რაც შეიძლება ვალის გადაუხდელობას მოყვეს?

– გვარიდებს, თუმცა, იმიტომ არა, რომ ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები, თუნდაც ისინი იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, ეს ბიუჯეტთან კავშირში მაინც არ არის. ჩვენი კანონმდებლობით, ვალის შესახებ, საგარეო ვალის აღების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფოს. საბანკო ვალდებულებები, რომელიც შემოსულია უცხოური საფინანსო ინსტიტუტებისგან, მიუხედავად იმისა თუ ვის ეკუთვნის ეს ფული, ეს არის ამ ბანკის ვალდებულება იმ სუბიექტთან, ვისთანაც აქვს საკრედიტო ურთიერთობა.

სხვათა შორის, თქვენს გაზეთში ბატონმა თემურ ბასილიამ ძალიან კორექტულად დააყენა ეს საკითხი, თუ რატომ იღებენ საგარეო ვალდებულებებს ასე მაღალ პროცენტად, ჩვენ გვიჩნდება რეალური მოსაზრება, რომ ეს არავითარი საგარეო ვალი არ არის ქვეყნისთვის.

თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებები უკავშირდებოდეს ბანკების მიერ განხორციელებულ სპეკულაციბს?

– მოდელი, რითაც საქართველოს ეროვნული ბანკი მუშაობს, ეს არის აპრობირებული მეთოდი ღია და პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის. ამ სისტემის ელემენტარული პრინციპების ცოდნა გულისხმობს შემდეგს, – კონვერტაციების დროს, რადგანაც ლარიც და დოლარიც ღირებულების საზომი ერთეულებია, ჩვეულებრივი ვაჭრობის პროცესი არ მიმდინარეობს, არამედ აქ მიდის არბიტრაჟული ვაჭრობა, გარანტირებული კონვერტირება, ამიტომ ამ სიტუაციაში ბანკები დიდ მოგებას ნახულობენ, ეს არის ზუსტად მაკროეკონომიკის სპეციფიკაციიდან გამომდინარე მომენტი.

ეს რომ ხდებოდეს ამერიკაში ან რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, იქ ნახავდით, რომ ლაპარაკია სპეკულაციაზე, ხოლო მუდმივად ერთი და იგივე ჯგუფი რომ საგრებლობდეს კურსის აწევით ან დაწევით, ასეთი რამ არ არსებობს, ეს შესაძლებელია მაშინ, როდესაც ყიდვებიც და გაყიდვებიც შეთანხმებულია წინასწარ გარანტირებულ საფუძველზე. ჩვენს შემთხვევაში ეს სავსებით რეალურია და იმიტომ იღებენ ბანკები ამხელა მოგებებს.

მსოფლიო ფინანსური სისტემის არსებული არქიტექტურა ზალიან მარტივად გულისხმობს შემდეგს, – რომ თქვენ ვალდებული ხართ, გადარიცხოთ ფული იმ ქვეყანაში, საიდაც კლიენტი გთხოვთ. ფული რომ გადაირიცხოს, უნდა მოხდეს მისი კონვერტაცია, ამ სიტუაციაში, რადგანაც ლარი არის ერთადერთი საგადამხდელო საშუალება, ერთვება ეროვნული ბანკი და გამოდის არბიტრაჟული გარიგება, გადამრიცხველი, ის ვინც ფულს უცხოურ ვალუტაში გადაიტანს არ კარგავს, ანუ ეს არის წმინდა მაკროეკენომიკური მომენტი და არ წარმოადგენს იმ დაბნეულობის შედეგს, როცა ადამიანები მირბიან და გადააქვთ ფული ერთი ადგილიდან მეორეში. მაგალითად გადამცვლელი პუნქტები რომ ავიღოთ, ისინი არაფერ შუაში არ არიან, ვერანაირ ზეგავლენას ვერ ახდენენ ლარის კურსზე, რადგანაც ისინი მუშაობენ ბანკნოტებზე, ან თუ ახდენენ რაიმე ტიპის გავლენას, ეს ძალიან უმნიშვნელოა.