,,ნაციონალური მოძრაობა” და ეროვნული ბანკი ხელისუფლების წინააღმდეგ საბოტაჟს ერთობლივად ახორციელებენ”
ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,5 პუნქტით, 6%-მდე გაზარდა. რამდენად იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება ლარის კურსზე და ხომ არ არის დაგვიანებული ქადაგიძის მოქმედება, რატომ გადაწყდა, რომ ზედამხედველობის ორგანო გამოყოფოდა ეროვნულ ბანკს და რამდენად შეუწყობს ხელს ლარის გამყარებას ეს ფაქტორი, ამ და სხვა მნიშვნელოვან მიმდინარე ეკონომიკურ საკითხებზე პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზე მეჭიაურმა ისაუბრა.
– თქვენი და ნოდარ ებანოძის ინიციატივა იყო, რომ ზედამხედველობის ორგანო გამოყოფოდა ეროვნულ ბანკს და დაქვემდებარებოდა პარლამენტს. გამოყოფის შემთხვევაში, იქნება თუ არა რაიმე ბერკეტი, რომ ლარის კურსი გამყარდეს, ან ეროვნულმა ბანკმა ასე მონოპოლიურად ვერ მართოს ეროვნული ვალუტის მდგომარეობა, როგორც მართავს?
– რა თქმა უნდა, ეს იქნება სერიოზული ბერკეტი. ჩვენ არ გვინდა, ვინმემ ჩათვალოს, რომ სააგენტო იქმნება იმისთვის, რათა ჩვენ ყველა ტრანზაქცია ვაკონტროლოთ, რასაც კომერციული ბანკები განახორციელებენ. სააგენტო დაკომპლექტდება პროფესიონალებით და ჩვენი მიზანია, რომ მათ მიერ იქნეს შესწავლილი ის საკითხები, რომლებიც კითხვის ნიშნებს ბადებს. თუნდაც, კითხვები ლარის კურსთან დაკავშირებით და მრავალი სხვა საკითხი. დღეისთვის შეუძლებელია იმის დადგენა, მიმდინარე პროცესები რამდენად შეესაბამება იმ რეალობას, რამაც გამოიწვია ლარის გაუფასურება.
– დაახლოებით 3 წელი რატომ დასჭირდა იმის შემჩნევას, თუ ვინ იყო რეალურად გიორგი ქადაგიძე,.. ან რატომ არ მოხდა ამ კანონპროექტის შემუშავება ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან 3–6 თვეში?
– შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა. თუნდაც ავიღოთ გიორგი მარგველაშვილის მაგალითი. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა შეარჩია პრეზიდენტობის კანდიდატი, ჩვენ ყველამ მხარი დავუჭირეთ მის არჩევანს. საბოლოო ჯამში, როგორც აღმოჩნდა, შეცდომა დავუშვით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა მოვიწვიოთ ადეიშვილი და კვლავ მას დავანიშნინოთ ეროვნულ ბანკში ყველა კანდიდატი. ისიც ფაქტია, რომ თავის დროზე ადეიშვილი არ შემცდარა, რადგან ადეიშვილის დანიშნული ხალხი დღემდე აგრძელებს მის მიერ დანერგილ პოლიტიკას ეროვნულ ბანკში.
მომავალი არჩევნების დროს ეროვნული ბანკის 5 წევრობის კანდიდატი უნდა წარადგინოს მთავრობამ, რომელსაც შემდგომ წარმოგვიდგენენ პარლამენტს. ცალ–ცალკე, თითოეულ მათგანს, პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი. უნდა შევისწავლოთ, ვინ არიან ეს ადამიანები, რა უკეთებიათ აქამდე და მსგავსი გაცხრილვის შემთხვევაში, იქნება მაქსიმალურად მცირე ალბათობა იმისა, რომ გაგვეპარება ისეთი კანდიდატი, რომელიც დიდი რისკის მატარებელია.
– შესაძლოა ეროვნულ ბანკს მართლაც აქვს ის ბერკეტები, რომლითაც შეუძლია ლარის დაარეგულიროს, მაგრამ რამდენ ხანს შეძლებს ის ამას, თუ ქართული ეკონომიკა არ მიეშველა, რეალურად თუ ეხმარება მთავრობა ეროვნულ ბანკს?
– აბსოლუტურად გეთანხმებით იმ საკითხში, რომ მარტო ეროვნული ბანკი ვერაფერს გახდება და ვერ დაარეგულირებს ლარის კურსს. აუცილებელია, რომ მთავრობაც და კიდევ მრავალი სხვა ფაქტორიც შესაბამისად მონაწილეობდნენ პროსეცში, თუმცა, ჩემი აზრით, მთავრობა ამ მიმართულებით სათანადოდ გადაწყვეტილებებს იღებს. ასევე, იმაშიც გეთანხმებით, რომ მხოლოდ სავალუტო რეზერვების გამოყენებით არ უნდა ახდენდეს ეროვნული ბანკი ლარის დასტაბილურებას. არავინ ედავებოდა ეროვნულ ბანკს იმაში, რომ კრიზისი იყო ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში. 30 და ზოგ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი პროცენტის ფარგლებში მოხდა სხვადასხვა ქვეყნებში ვალუტის დევალვაცია. ეს პრობლემები ყველაზე მეტად შეეხო ჩვენს მეზობელ ქვეყნებს: რუსეთს, უკრაინას, აზერბაიჯანს, სომხეთს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ როდესაც რაღაც ფაქტორები უარყოფითად მოქმედებს ლარის კურსზე, ეროვნული ბანკი კი იმ ბერკეტებს, რომელიც ხელთ უპყრია არ იყენებს, ესე იგი მას რაღაც ცუდი აქვს განზრახული. ეროვნულ ბანკს შეეძლო, რომ მაქსიმალურად გაენეიტრალებინა ეს პროცესები, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მისი რეალური მიზანი აღმოჩნდა სხვა.
– ეროვნული ბანკის მხრიდან, რამდენად დროულად მოხდა მონეტარული განაკვეთის ზრდა და იმოქმედა თუ არა ამ ფაქტმა ლარის კურსზე?
– რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, ჩვენ ეროვნულ ბანკს უფრო ადრეც ვეუბნებოდით, რომ გაეზარდათ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და დროულად რომ გაეთვალისწინებინათ ჩვენი ეს მოთხოვნა, დღეს ასეთი სავალალო შედეგი აღარ გვექნებოდა. ეს დაგვიანებული რეაქციაა. რაც შეეხება დევალვაციის ზრდის მაჩვენებელს, ამ საკითხზე ხშირად მქონდა საუბარი საპარლამენტო განხილვების დროს. თავის დროზე ვთქვი, რომ არ გამოვრიცხავდი იმას, რომ ეროვნულ ბანკს შესაძლოა განეხორციელებინა კანონის დისკრედიტაცია, თუმცა, ჩემი აზრით, მთავარი მაინც ის არის, რომ ეროვნული ბანკი თავის შეცდომებს აბრალებს მთავრობას და იმასაც კი აანონსებს, რომ შემოდგომაზე იქნება უკმაყოფილების პიკი.
– რაც შეეხება პრეზიდენტს, რომელმაც თქვენს შექმნილ კანონპროექტს დაადო ვეტო და გამოგიგზავნათ 150 გვერდიანი განმარტება, თუ რა შენიშვნები ჰქონდა მას ამ კანონპროექტთან. თქვენი აზრით, რატომ მოიქცა იგი ასე და ხომ არ სურს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი აქციოს რეალურად დამოუკიდებელ ინსტიტუტად, განსხვავებით სააკაშვილისგან, რომელზეც ვამბობდით, რომ ის იყო მხოლოდ “ნაციონალური” მოძრაობის პრეზიდენტი?
– პრეზიდენტი რომ გახდე, მოსახლეობამ უნდა აგირჩიოს. მარგველაშვილი კი ხალხს არ აურჩევია, ის აირჩია ბიძინა ივანიშვილმა და ხალხმა ნდობა გამოუცხადა ბიძინა ივანიშვილს. მარგველაშვილს თუ უნდა, რომ შემდგომაც იყოს პრეზიდენტი, მან უნდა მონახოს ამომრჩეველთა ის ფენა, რომელიც რეალურად აირჩევს მას. პირველ რიგში, მან უნდა ჩამოაყალიბოს ახალი პროგრამა. ის მოვიდა იმ პროგრამით, რომელიც დაუწერეს ბიძინა ივანიშვილის შტაბში, მას თავისით არაფერი დაუწერია. ღირსეული საქციელი იქნებოდა მისგან გადადგომა, მე მის ადგილას სწორედ ასე მოვიქცეოდი. მას შეუძლია ახალი პოლიტიკური მოთამაშე გახდეს და შექმნას ახალი გუნდი.
– ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ დღეს ეროვნული ბანკი არის პოლიტიზებული და მისი მხრიდან ხდება ვალუტის კურსით მანიპულირება, ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
– ჩვენი ოპონენტების მხრიდან დაანონსებულია სექტემბრის თვეში აგრესიული გამოსვლის პიკი. ზოგი ჯოჯოხეთის მოწყობით იმუქრება, ზოგიც უარესით. ოპონენტების ნაწილი აცხადებს, რომ სექტემბერში 2,5–მდე გაიზრდება ლარის კურსი, რის გამოც ხალხი გამოვა და მოსთხოვს პასუხს ხელისუფლებას. ფაქტია, რომ უკმაყოფილების პროვოცირება ხდება ხელოვნურად და გარკვეული ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ამ უკმაყოფილების მუხტის მომართვა მოხდეს ხელისუფლების მიმართულებით.
ჩემი აზრით, ეს არის ის დაუწერელი სცენარი, რომლის განხორციელებასაც ცდილობს ოპოზიცია, ,,ნაციონალური მოძრაობა”, რაშიც მას ეხმარება ეროვნული ბანკი, ეს გახლავთ ერთგვარი საბოტაჟი.
– გაქვთ თუ არა რაიმე გეგმა მათ წინააღმდეგ, რას ფიქრობთ, როგორ უნდა ალაგმოთ ეს ყველაფერი?
– რაც შეეხება გეგმას, იგი მთავრობას უფრო ექნება. მე შემიძლია ჩემი ხედვები მოგახსენოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ეროვნულ ბანკთან მიმართებაში, პირადად მე, ცოტა უფრო რადიკალური ნაბიჯების მომხრე ვიქნებოდი. ჩემი აზრით, ახალი არჩევნების ფონზე, პრემიერისგან სავსებით შესაძლებელი იყო ქადაგიძის გაშვება დაკავებული პოსტიდან. თუმცა, როგორც ცნობილია, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სთხოვეს მას, რომ ქადაგიძე არ დაეჭირა. ბიძინა ივანიშვილმაც ჩათვალა, რომ შესაძლებელი იყო ქადაგიძისგან კარგი საზოგადო მოღვაწე დამდგარიყო, მაგრამ დღესდღეობით ეს ყველაფერი ძნელად წარმოსადგენი აღმოჩნდა.