ნავთობის მოპოვება საქართველოში
საქართველოში ნავთობის მოპოვება XX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. მოპოვება XX საუკუნის 70-ან წლებამდე მიმდინარეობდა შვიდ მცირე ზომის საბადოზე (მირზაანი, პატარა შირაქი, სუფსა, ნორიო, საცხენისი, ტარიბანა და აღმ. ჭალადიდი) და წლიურად, საშუალოდ, 20-55 ათას ტონას შეადგენდა. შემდეგ აღმოჩენილი იქნა მაღალდებიტიანი საბადოები თბილისისპირა რაიონში (სამგორი-პატარძეული- ნინოწმინდა, სამგორის სამხრეთ თაღი, თელეთი) და წლიურმა მოპოვებამ – 3 მლნ.ტ-ს გადააჭარბა. ამჟამად საქართველოს ტერიტორია დაყოფილია სალიცენზიო ფართობებად (ე.წ. ბლოკები), სადაც ნავთობის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს, სხვადასხვა დროს, საერთაშორისო ტენდერებით შერჩეული ინვესტორი კომპანიები ახორციელებენ. მათ სახელმწიფოსთან გაფორმებული აქვთ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებები.
სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“ ახორციელებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების სამართლებრივ რეგულირებას, სააგენტო მოქმედებს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონის საფუძველზე და ეფუძნება ერთი გაჩერების პრინციპს, რაც გულისხმობს ერთიანი საინვესტიციო გარემოს შექმნას. „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“ გასცემს უფლებამოსილებას ნავთობისა და გაზის ოპერაციებზე. სახელმწიფოს კუთვნილი ნავთობის განაწილებისა და განკარგვის კუთხით კი ნომინირებულია ეროვნული ნავთობკომპანია სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“.
საქართველოს ტერიტორია დაყოფილია 25 სალიცენზიო ბლოკად. ბლოკებზე ნავთობისა და გაზის სარგებლობის გენერალური ლიცენზია ღია საერთაშორისო ტენდერების საფუძველზეა გაცემული. დღეისათვის 23 კომპანია ნავთობის 21 სალიცენზიო ბლოკზე მუშაობს, რომელთაგან 5 კომპანია უშუალოდ მოპოვებას ახორციელებს. 2013 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ნავთობის რეზერვები შემდეგია:
- დადასტურებული: 1P -1.42 მლნ ტ.
- სავარაუდო: 2P – 5. 222 მლნ ტ.
- შესაძლო: 3P – 21. 137 მლნ ტ.
საქართველოში წიაღისეულის მოპოვების დაწყებიდან საშუალოდ 27.7 მლნ ტონა ნავთობია მოპოვებული. ბოლო წლების განმავლობაში კი წლიური საშუალო მოპოვება 50 ათას ტონა ნავთობს შეადგენს. ქვემოთ წარმოდგენილ გრაფიკზე მოცემულია ნავთობის მოპოვების მოცულობა 2007-2014 წლების მიხედვით, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ მოპოვება ყოვეწლიურად მცირდება.
ბოლო წლების მიხედვით სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ მიერ გაცემული ლიცენზიებისა და მიღებული მოსაკრებლებისა და ხელმოწერის ბონუსის შესახებ ქრონოლოგიური ინფორმაცია შემდეგია:
2010 წელი – გაიცა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია. სალიცენზიო მოსაკრებელი 22 000 ლარი, ხელმოწერის ბონუსი 1 000 000 აშშ დოლარი;
2011 წელი – გაიცა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ოთხი გენერალური ლიცენზია. სალიცენზიო მოსაკრებელი 88 000 ლარი, ჯამურად ხელმოწერის ბონუსი 7 044 000 აშშ დოლარი;
2013 წელი – გაიცა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის სამი გენერალური ლიცენზია. სალიცენზიო მოსაკრებელი 66 000 ლარი, ჯამურად ხელმოწერის ბონუსი 1 596 000 აშშ დოლარი;
2014 წელი – გაიცა:
- ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია 2 წლის ვადით. სალიცენზიო მოსაკრებელი 2 000 ლარი;
- ნავთობის გადამუშავების ლიცენზია 25 წლის ვადით. სალიცენზიო მოსაკრებელი 15 000 ლარი;
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნავთობის მოპოვება საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა, შედარებით მაქსიმალურადაა გამოყენებული საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი. ამჟამად ქვეყანაში 2 ნავთობსადენია: ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენი (BTC) და დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენი (WREP). BTC- ის მეშვეობით აზერბაიჯანში მოპოვებული ნავთობი საქართველოს გავლით თურქეთში, ჯეიჰანის პორტში მიემართება, ხოლო WREP-ის მეშვეობით აზერი-ჩირაგ-გიუნეშელის საბადოდან მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირება სუფსის ტერმინალამდე მილსანედით ხორციელდება, ხოლო შემდეგ ნავთობი ტანკერებით თურქეთში მიემართება. გრაფიკი №2-ზე წარმოდგენილია აღნიშნული მილსადენების მეშვეობით გატარებული ნავთობის მოცულობები. გრაფიკიდან ნათლად ჩანს, რომ საშულოდ 90% ტრანსპორტირებული ნავთობისა BTC-ის მილსადენზე, ხოლო 10% – WREP-ზე მოდის.
ქვემოთ წარმოდგენილია ის ძირითადი კომპანიები, რომლებიც მოპოვებით თუ ძებნა-ძიების სამუშაოებს ატარებენ:
ბლეიკ ოილ ენდ გეზ ლიმიტედი
„ბლეიკ ოილ ენდ გეზ ლიმიტედმა“ შეიძინა აშშ-ში დაარსებული „კანარგო ენერჯი კორპორეიშენის“ პროექტები საქართველოში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სფეროში და ახორციელებს საქმიანობას სამი შვილობილი ოფშორული 6 კომპანიის მეშვეობით, რომლებსაც სახელმწიფოსთან აქვთ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებები (პწგხ) გაფორმებული და ფლობენ შესაბამის ლიცენზიას:
- ნინოწმინდის ნავთობის კომპანია – XIE და XIF სალიცენზიო ბლოკები;
- კანარგო ნაზვრევი – XID და XIII სალიცენზიო ბლოკები;
- კანარგო ნორიო – XIC სალიცენზიო ბლოკი.
”ბლეიკ ოილ ენდ გეზ ლიმიტედი” საოპერაციო საქმიანობას სამივე ლიცენზიის ფარგლებში აწარმოებს საქართველოში დაარსებული კომპანია ”კანარგო ჯორჯიას” მეშვეობით.
ჯინდალ პეტროლიუმ ლიმიტედი
„ჯინდალ პეტროლიუმ ლიმიტედი“ ინდური კომპანიაა, რომელიც საქართველოში შვლობილი ოფშორული კომპანია „ჯინდალ პეტროლიუმ ჯორჯია ლიმიტედის“ მეშვეობით 2009 წლიდან აწარმოებს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების ოპერაციებს ხუთი ლიცენზიის ფარგლებში VIIA, IX, X, XIIIA და XIB სალიცენზიო ბლოკზე. „ჯინდალ პეტროლიუმ ჯორჯია“ ხელშეკრულებებით დადგენილი მინიმალური სამუშაო პროგრამის ფარგლებში ოთხ ბლოკზე აწარმოებს ძებნა-ძიებით ოპერაციებს, ხოლო XIB ბლოკზე ძებნა-ძიებასთან ერთად ახორციელებს ნავთობისა და მომყოლი გაზის მოპოვებას. კომპანიამ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მინერალების მოპოვებაზე 30- წლიანი ლიცენზია 2010 წლის დასაწყისში მიიღო
ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენი
ფრონტერა არის საერთაშორისო ნავთობისა და გაზის კომპანია, რომელიც დაარსდა 1996 წელს. მისი სათავო ოფისი ამერიკაში მდებარეობს. კომპანიამ თავისი საქმინობა საქართველოში 1997 წლიდან დაიწყო. იგი აწარმოებს კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს აღმოსავლეთ საქართველოში, XII სალიცენზიო ბლოკზე, რისთვისაც საქართველოში დააფუძნა ოპერატორი კომპანია შპს “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია”
სტრეიტ ოილ ენდ გეზ ლიმიტედი
„სტრეიტ ოილ ენდ გეზ ლიმიტედი“ არის ბრიტანული კერძო კომპანია, რომელიც 2006 წლის თებერვალში შეიქმნა. კომპანია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ოპერაციებს ლიცენზიის ფარგლებში ახორციელებს VIA სალიცენზიო ბლოკებზე, რისთვისაც საქართველოში დააფუძნა ოპერატორი კომპანია შპს „სტრეიტ ოილ ენდ გეზ საქართველო“. ამ ეტაპზე აწარმოებს ბურღვით ოპერაციებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მინიმალური სამუშაო პროგრამის ფარგლებში.
მარინ რისორსიზ ექსპლორეიშენ ინტერნეიშენალი
„მარინ რისორსიზ ექსპლორეიშენ ინტერნეიშენალი“, იგივე „მარექსინი“ 2008 წელს დაარსდა. იგი რეგისტრირებულია ნიდერლანდებში.
„მარექსინი“ შვილობილ კომპანიებთან ერთად შავი ზღვის რეგიონში ახორციელებს ძებნა-ძიების სამუშაოებს და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ახდენს ზღვაში არსებული ბუნებრივი რესურსების ათვისებას.
კომპანია მუშაობს შავ ზღვაში ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩატარებისთვის საჭირო ლიცენზიების მოპოვებაზე. ამჟამად უკვე მოპოვებული აქვს ლიცენზია შავ ზღვაში, საქართველოსა და რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში საქმიანობაზე.
კომპანიამ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მინერალების მოპოვებაზე 30- წლიანი ლიცენზია 2010 წლის დასაწყისში მიიღო.
ენერგოდაიჯესტი