,,ბიზნესმენები დოლარს ინახავენ, რაც განაპირობებს იმას, რომ ლარის კურსის გამყარება არ ხდება”

პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეთანხმება ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის ერთერთ ბოლო განცხადებას, რომლის თანახმადაც ბიზნესმენები დოლარს ინახავენ, რაც განაპირობებს იმას, რომ ლარის კურსის გამყარება არ ხდება.

ღარიბაშვილის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით სპეკულაციები მიმდინარეობს და ცრუ მოლოდინებია შექმნილი. მისივე განმარტებით, ექსპერტები აცხადებენ, რომ ლარის კურსის რყევებთან დაკავშირებით კრიზისულმა პერიოდმა საქართველოში უკვე გაიარა.

“ბიზნესმენები დოლარს ინახავენ, რაც სწორედ განაპირობებს იმას, რომ ლარის კურსის გამყარება არ ხდება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მოსახლეობას მალე დაუბრუნდება განცდა, რომ ლარის კურსს რაღაც განსაკუთრებული რყევები აღარ აქვს. “რაც შეეხება ლარის კურსის გამყარებას, მე მინდა გითხრათ, რომ სპეკულაციები მიმდინარეობს და ცრუ მოლოდინი არის შექმნილი. მინდა, მივმართო ყველას, რომ არ დააბნიოს ამ ცრუ მოლოდინებმა და განცხადებებმა ჩვენი ბიზნესმენები და მოქალაქეები. მე გუშინ მქონდა საუბარი ეროვნულ ბანკთან, ასევე ფინანსთა სამინისტროს ანალიტიკოსებთან, ექსპერტებთან, რომლებმაც თქვეს, რომ ეს კრიზისული პერიოდი უკვე გადავიარეთ. თუ რაღაც უნდა მომხდარიყო, მოხდა. ის შოკები, პირველი ტალღა გადავიარეთ. ახლა ეს არის ემოციური განცხადებებით განპირობებული. ძალიან მარტივი რაღაც ხდება საქართველოში – ადამიანებს აქვთ ცრუ მოლოდინი შექმნილი, რომ ლარის კურსი კვლავ გაუფასურდება შემოდგომაზე, რაც არასწორია. ექსპერტების აზრით, ეს ასე აღარ მოხდება უახლოეს პერიოდში, ვინაიდან კრიზისის პერიოდი უკვე გავიარეთ. მოქალაქეები, ინვესტორები და ბიზნესმენები დოლარს ინახავენ, რაც სწორედ განაპირობებს იმას, რომ ლარის კურსის გამყარება არ ხდება ამ პერიოდში, თუმცა ეს აუცილებლად მოხდება, რადგან, მათ მოუწევთ დღეს თუ ხვალ დოლარის გაყიდვა და ლარის ყიდვა”, -აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ლარის კიდევ გაუფასურება ქვეყანაში დოლარის მარაგების დაგროვებით ახსნა 12 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემაც. მისი თქმით, კომპანიების და სხვა აქტორების მიერ დღეს ხდება დოლარის მარაგების დაგროვება, რაც ლარის კურსზე დამატებით ზეწოლას ახდენს.

“მარტივად რომ ვთქვათ, ის მილიარდ დოლარიანი სავალუტო შემოდინებები, დანაკლისი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, უკვე ასახულია მოხმარების შემცირებაში და შესაბამისად, იმპორტის შემცირებაში. ივლისში იმპორტი ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით შემცირებულია დაახლოებით 21 პროცენტით, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა თანაბარ პირობებში, ჩვენ განსაკუთრებულ მერყეობას კურსზე არ ველოდებით”, – განაცხადა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ის ძირითადი მიზეზები დაასახელა, რომლებმაც ბოლო კვირეების განმავლობაში ლარის კურსის მერყეობა გამოიწვია.

“ივლისის თვე, ჩვენი ინფორმაციით, იყო საკმაოდ სუსტი გზავნილების თვალსაზრისით. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს გავლენას ახდენს, არის უარყოფითი მოლოდინები, რომელიც საზოგადოებაშია. კონკრეტულად კი ის ფაქტი, რომ ბაზრის მონაწილეებს აქვთ ძალიან გაზრდილი მოლოდინი შემოდგომაზე კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, კომპანიების და სხვა აქტორების მიერ დღეს ხდება დოლარის მარაგების დაგროვება, რაც იწვევს დამატებით ზეწოლას კურსზე. მეორე მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ შემოდგომაზე კურსზე ზეწოლა უნდა იყოს ნაკლები, ვინაიდან კომპანიებმა უკვე დაიწყეს უცხოური ვალუტის ნაშთების დაგროვება”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.