“კავკასიიდან მხოლოდ ორი კომპანიის აქციები ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ორივე ქართული ბანკისაა”

 

სტაბილური და გამორჩეულად მიმზიდველი ბიზნეს და მაკრო გარემო მიაჩნია, როგორც საბანკო სექტორისთვის, ასევე მთლიანად ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან პირობად “თიბისი ბანკის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს და მთავარი ფინანსურ დირექტორს გიორგი შაგიძეს, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე მისი ბანკის წარმატებულ IPO-ს აფასებს, ის ასევე საუბრობს აქციების დანამიკასა და იმ ფაქტორებზე, რაც საერთაშორისო ლისტინგის მქონე კომპანიის აქციებზე მოქმედებს.

როგორ შეაფასებდით 1 წელს “თიბისის” აქციებისთვის ლონდონის ბირჟაზე, როგორი იყო აქციების დინამიკა და რამდენად გაამართლა ბანკის აქციონერების და მენეჯმენტის მოლოდინები?

– როგორც გახსოვთ, ერთ წელზე მეტი გავიდა “თიბისი ბანკის” IPO-ს შემდეგ. სანამ კითხვაზე პასუხზე გადავალ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს იყო როგორც ბანკისთვის, ისე მთლიანად საბანკო სისტემისთვის და საერთოდ ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი მოვლენა.

“თიბისის” მიერ განთავსებული აქციების ღირებულებამ 400 მილიონ ლარს გადააჭარბა, განთავსებული აქციების ღირებულების მიხედვით. “თიბისი ბანკის” IPO არის ყველაზე დიდი ინდექს-გარეშე საერთაშორისო შეთავაზება ევროპის და ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით. ეს არის ქართული კომპანიის მიერ აქციების ყველაზე მასშტაბური განთავსება საფონდო ბირჟაზე.

“თიბისი” მეორე კომპანიაა კავკასიის რეგიონიდან, რომელიც ბირჟაზე გავიდა და ორივე საქართველოდანაა, რაც ინვესტორების საქართველოზე მაღალ ინტერესზე მიუთითებს. IPO-მ საშუალება მოგვცა მოგვეზიდა ძალიან ბევრი მაღალი რეპუტაციის მქონე ინვესტორი დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, სკანდინავიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან, რომელთანაც “თიბისი ბანკს” აქტიური თანამშრომლობს აქვს IPO-ს შემდეგ. ამის გამოყენებას ქვეყნის სხვა კომპანიებიც შეძლებენ.

რაც შეეხება თავად შეკითხვას. შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ, რა მოვლენები განვითარდა, როგორც რეგიონში და ქვეყანაში, ასევე საფინანსო ბაზრებზე აქციების განთავსებიდან დღემდე. პირველ რიგში, კურსის გაუფასურება  პირადაპირპროპორციულად არის დამოკიდებული აქციების ფასის შემცირებასთან – როგორც იცით, აქციები ნომინირებულია აშშ დოლარში და შესაბამისად დოლარის კურსის დაცემა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მის ფასზე. მეორეს მხრივ, ყველა მოვლენა, რომელიც საქართველოში და რეგიონში განვითარდა, ვაჭრობის შემცირების თუ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შემცირების მხრივ, უარყოფითად აისახება აქციის ფასებზე. ბოლოს, რუსეთის თუ საბერძნეთის ცნობილი მოვლენები, რბილად რომ ვთქვათ, ხელს არ უწყობს ჩვენი აქციების ფასის ზრდას.

თუ ამ მოვლენებს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ “თიბისი ბანკი” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ჩვენს რეგიონში და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენი აქციები გაცილებით უფრო რეზისტენტული აღმოჩნდა, ვიდრე სხვა მსგავსი კომპანიების აქციები. შესაბამისად, დიახ, გაამართლა მენეჯმენტის მოლოდინები.

ზოგადად, რა მოქმედებს საერთაშორისო ბაზარზე აქციების ფასზე და მათ შორის “თიბისის” ფასიან ქაღალდებზე?

– ეს კომპლექსური შეკითხვაა და რამდენიმე საკითხს უნდა მიექცეს ყურადღება.

ჩვენს შემთხვევაში ეს, პირველ რიგში, არის მაკროგარემო. საქართველო, პატარა განვითარებადი ქვეყანაა, რომელიც, სამწუხაროდ, არც მდიდარია ბუნებრივი რესურსებით და არც შემოსავლის დონით გამოირჩევა. შესაბამისად, ვერ ვარდება ინვესტორების ბუნებრივი ინტერესის ქვეშ, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორები კარგად არ იცნობენ ქვეყანას და ბაზარს და კიდევ უფრო მეტი სიფრთხილით უყურებენ. მათი ინტერესისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ გამორჩეულები ეკონომიკური ზრდის პერსპექტივით თუ მიმდინარე მოვლენებით. ნებისმიერი ნეგატიური სიგნალი მოქმედებს ინვესტორების განწყობასა და შემდეგ აქციის ფასზე.

ბუნებრივია, ძალზედ მნიშვნელოვანია კომპანიის ფუნდამენტური ღირებულება. ანუ რამდენად გამართულია კომპანია, რამდენად გამოირჩევა ბაზარზე, აქვს კარგი ფინანსური შედეგები, ჰყავს შესაბამისი მენეჯმენტი/კადრები, კორპორაციული მართვა და ასე შემდეგ.

ბოლოს, ეს არის რეგიონალური და გლობალური მოვლენები, რაც ინვესტორთა განწყობას განსაზღვრავს. მაგალითისთვის, თუ იძაბება რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა, ინვესტორები სკეპტიკურად უყურებენ ჩვენს რეგიონს და რუსეთის ყველა მეზობელს. თუ რთულდება სიტუაცია საბერძნეთში, ინვესტორები ცდილობენ ეს ასახონ მასზე დამოკიდებული ქვეყნების პერსპექტივაში და ასე შემდეგ. ამას გარდა არის გლობალური თემები, როგორიცაა ლიკვიდურობის არსებობა, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თუ ევროპის ცენტრალური ბანკის მოქმედებები, ჩინეთი და ასე შემდეგ.

როგორ შეაფასებდით ადგილობრივი ბაზრის კონიუნქტურას საბანკო სექტორისთვის, ასევე, მარეგულირებელ გარემოს, ბაზრის და კლიენტების განვითარების დონეს?

– ქართული საბანკო სექტორი არის გამორჩეული რეგიონში. ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ კავკასიიდან მხოლოდ ორი კომპანიის აქციები ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ორივე არის ქართული ბანკი.

ამასთან, ყველა აღიარებს, რომ სოფისთიცირების დონით, პროდუქტებით, გამჭვირვალობით, რეპორტინგით, ერთ-ერთი გამორჩეულია არა მარტო პოსტ-საბჭოთა სივრცეში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანასთან მიმართებაში.

ინვესტორების თუ ანალიტიკოსების აზრი, რაც ემთხვევა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა თუ საქართველოს პარტნიორი საფინანსო ინსტიტუტების აზრს, არის ის, რომ სისტემა არის ძალიან კარგად რეგულირებული.

ბუნებრივია, ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი სხვადასხვა მიმართულებით, რომ კიდევ უფრო გამორჩეულები ვიყოთ. როგორც ზემოთ ვთქვი, ჩვენი ადგილმდებარეობის, სიმცირისა თუ სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, რთული იქნება ინტერესთა მოზიდვა თუ მაქსიმალურად გამორჩეულები არ ვიქნებით.

როგორია ბაზრის კონიუნქტურა საერთაშორისო ბაზარზე თქვენი ბანკის და ზოგადად კერძო და სახელმწიფო ქართული კომპანიების და სუვერენული ბონდებისთვის ამჟამად და რას უნდა ველოდეთ მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში?

– მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, ქართული საბანკო სექტორის ზრდაც მაღალია და ძალიან მიმზიდველია ინვესტორებისთვის. ქართული საბანკო ბაზარი ასევე ნაკლებად არის გაჯერებული საბანკო პროდუქტებით – სესხების და დეპოზიტების მშპ-თან შეფარდების მიხედვით, საქართველოს ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელი აქვს რეგიონში. კერძოდ, 41.7% სესხებისთვის და 39.8% დეპოზიტებისთვის, რაც ასევე დადებითი მახასიათებელია ქართული საბანკო სექტორისთვის და ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტია ზრდის პოტენციალი.

ბონდების მიმართულებით, თქვენ იცით, რომ რამდენიმე ქართული ევრობონდი არსებობს. ეს არის სახელმწიფოს, რკინიგზის, “საქართველოს ბანკის” და ნავთობის და გაზის კორპორაციის. ყველა ეს ბონდი წარმატებით განთავსდა, საკმაოდ სარგებლიანი პროცენტით. მათ ფასებზე და დინამიკაზე იგივე მოვლენები მოქმედებს, რაც ზემოთ ვთქვი და შესაბამისად, კიდევ ერთხელ შეგვიძლია ხაზი გავუსვათ გამორჩეულობის მნიშვნელობას.

რამდენად მოთხოვნადია თქვენი აქციები ლონდონში და რა უნდა გაკეთდეს ფასიანი ქაღალდების მიმზიდველობის ზრდისთვის?

– მოთხოვნა ჩვენს აქციებზე გამოხატულია მის ფასში, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. რაც შეეხება ინვესტორებთან ურთიერთობის მიმართულებას, ბუნებრივია, ჩვენ არ ვაკლებთ ყურადღებას ინვესტორებთან ურთიერთობის მიმართულებას, რაც გამოტახულია მათ მუდმივ ინფორმირებულობაში მიმდინარე მოვლენებზე და ბანკის შედეგებზე. ჩვენი ყველა კვარტალური ანგარიშის გამოსვლის შემდეგ ვცდილობთ შევხვდეთ ძირითად ინვესტორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში. ყველა ასეთი ნაბიჯი საქართველოს შესახებ ინფორმირების გაზრდას უწყობს ხელს იმ წრეში, სადაც საინვესტიციო გადაწყვეტილებები მიიღება და ბუნებრივია, ეს გზას უხსნის ახალ ქართულ კომპანიებს, რომლებსაც ნაკლები ძალისხმევა დასჭირდებათ ინვესტორების მოძებნის თუ მათი ინფორმირებულობისთვის.

ამასთან, ხელს ვუწყობთ ინვესტორების თუ ანალიტიკოსების დიალოგს მთავრობასთან, რომ სახელმწიფოს პირველადი ინფორმაცია ჰქონდეს ბაზრის მოსაზრებებთან დაკავშირებით. მაგალითისთვის, ახლა მოვაწყვეთ ასეთი საუბრები ფინანსთა მინისტრსა და რამდენიმე გლობალური ბანკის ანალიტიკოსებს შორის და ასევე სურვილი გვაქვს ორგანიზება გავუკეთოთ მთავრობის პრეზენტაციას ლონდონში და ასე შემდეგ.

ხომ არ იგეგმება აქციების მეორადი საჯარო შეთავაზება?

– ლონდონის საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი განთავსების ერთ-ერთი დამატებითი თუ დადებითი მხარე არის ის, რომ ჩვენ შევქმენით წვდომა პრაქტიკულად უსაზღვრო კაპიტალის მოცულობაზე და როდესაც ამის საჭიროება იქნება, ჩვენთვის ეს გაიოლებულია. შესაბამისად, ეს დამოკიდებულია ეკონომიკურ გარემოზე და ზრდის პერსპექტივაზე მომავალში.