მთავრობა უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა წინაშე დათმობაზე არ წავიდა – სავალდებულო მარკირება პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისთვის სავალდებულო მარკირების შემოღების შესახებ ბრძანება გამოსცა. ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ამ ბიზნესის წარმომადგენელთა აქტიური პროტესტი და მათთვის კატეგორიულად მიუღებელი გადაწყვეტილება დაამტკიცა.

10 აგვისტოს გამოცემული, N 256 ბრძანების თანახმად, არაალკოჰოლური სასმელის სავალდებულო მარკირება უნდა განხორციელდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან.

რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ ელექტრონული მარკირების საკითხთან დაკავშირებით უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიები მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ პიარკამპანიას გეგმავენ.

მისივე თქმით, ის არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებთან შეხვედრასაც გეგმავდა და კომპანიებს გასულ წლებშიც არაერთხელ შეხვდა.

„არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციაში“ მაშინ განმარტეს, რომ  არანაირი მსგავსი კამპანია არ იგეგმებოდა.

„არაფერი მსგავსი არ იგეგმება. არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ასოციაცია ღია წერილით მიმართავს ფინანსთა მინისტრსაც, პრემიერმინისტრსაც და უბრალოდ შეხვედრას ითხოვენ მარკირების თაობაზე, რომ ამ გადაწყვეტილების სიმცდარის არგუმენტები მიაწოდონ ხელისუფლებას“, – აცხადებდნენ ასოციაციაში.

სავალდებულო მარკირების შემოღებას აბსურდულს, პარადოქსულსა და ბიზნესისთვის შეურაცხმყოფელს უწოდებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია, რომელიც ამბობს, რომ  ეს არის საბჭოთა მიდგომა, თანაც ბიზნესისთვის შეურაცხმყოფელი, რადგან იგულისხმება, რომ ხელისუფლებას გარკვეული ეჭვი აქვს მისი კომპანიის მიმართ, კომპანიის, რომელსაც ბიუჯეტში მილიონები შეაქვს და რომელიც მსოფლიო ბრენდს წარმოადგენს.

„შესაძლოა, სხვა, მაგალითად რაიონებში არსებული, ლიმონათების მცირე საწარმოებისადმი ჰქონდეთ კითხვები, მაგრამ ამის აღრიცხვა სხვა ტექნოლოგიებითაა შესაძლებელი, ხოლო თუ ამ მცირე კომპანიებს ამ ხარჯს დააკისრებენ, ისინი გაკოტრდებიან და ადამიანები რეგიონებში უსამსახუროდ დარჩებიან. ჩემნაირ დიდ საწარმოებს კი მთვლელი ისედაც აქვს. არ მესმის, რაში იხდის სახელმწიფო მილიონებს, როცა ლარი უფასურდება, ეკონომიკის ზრდის ტემპები ეცემა და ლამისაა ბიუჯეტის სეკვესტრზე დაიწყონ საუბრები,“ – აცხადებს ჭყონია.

აღნიშნული რეგულაციების დაწესებას არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები წლებია აპროტესტებენ. პროტესტის ახალი ტალღა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება აღნიშნული ვალდებულების ამოქმედებას პირველი სექტემბრიდან გეგმავდა.

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციამ რამდენჯერმე გაავრცელა განცხადება, რომელშიც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა.

ამ განცხადებების პასუხად, მიმდინარე წლის 17 ივლისს, პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება უალკოჰოლო სასმელების სავალდებულო მარკირების 1 ნოემბრამდე გადავადების შესახებ. თუმცა ასოციაციამ საპასუხო წერილში აღნიშნა, რომ ისინი ვალდებულების არა გადავადებას, არამედ საერთოდ გაუქმებას მოითხოვდნენ.

ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ვალდებულება, რომლის შემოღებასაც ბიზნესი თითქმის 5 წელია ეწინააღმდეგება, უახლოეს თვეებში აამოქმედოს. ხოლო თანხას არა ბიზნესი, არამედ შემოსავლების სამსახური გადაიხდის, თუმცა მხოლოდ ამ ეტაპზე. დაეკისრება თუ არა ახლო მომავალში ამ ხარჯების გაღება ბიზნესს, ხელისუფლებაში არ აკონკრეტებენ, თავად მეწარმეებს კი მოვლენების ასეთი სცენარით განვითარებაში ეჭვი არ ეპარებათ.

კითხვაზე, რატომ დადგა მარკირების შემოღების აუცილებლობა, ნოდარ ხადური აცხადებს, რომ მიზანი აღრიცხვიანობის მოწესრიგებაა. მინისტრის თქმით, მას იმედი აქვს, რომ დიდ საწარმოებს ეს ისედაც მოწესრიგებული აქვთ, მაგრამ „გადამოწმება არ შეგვიშლის ხელს, რადგან საკმაოდ სერიოზულია ამ დარგის პოტენციალი.“

წყარო: commersant.ge