ბათუმში სასტუმროს ჩავარდნილ პროექტს ალტერნატივა მალევე მოუძებნეს

მიმდინარე წლის სექტემბერში, ბათუმში, კახაბრის დასახლებაში ახალი მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობა დაიწყება. რომელი ბრენდის სასტუმრო განთავსდება ზღვისპირა ქალაქში, ჯერ-ჯერობით უცნობია. ქართულ კომპანიაში „მეტრო ატლას ჯორჯია”, რომელსაც სასტუმროს მშენებლობა ევალება, აცხადებენ, რომ მოლაპარაკება რამდენიმე ბრენდთან მიმდინარეობს, თუმცა მათ ვინაობას ჯერ-ჯერობით არ აკონკრეტებენ.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა, რაულ კახაძემ განაცხადა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პროექტის განსახორციელებლად არანაკლებ 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. ასევე, სასტუმროში მინიმუმ 200 ნომერი განთავსდეს და შეკეთდეს მიწის ნაკვეთზე მდებარე არხი, რომლის კეთილმოწყობაზეც, კახაძის ინფორმაციით, მინიმუმ 1 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

სასტუმროს ექსპლუატაციაში შესაყვანად კომპანიას ხუთწლიანი ვადა აქვს მიცემული. თუმცა, რაულ კახაძე ვარაუდობს, რომ პროექტს გაცილებით ადრე დაასრულებენ.

„მეტრო ატლას ჯორჯიამ” კახაბრის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთი მიმდინარე წლის გაზაფხულზე ელექტრონული აუქციონის გზით, 1 მილიონ 530 ათას დოლარად შეიძინა.

მანამდე, აღნიშნული ტერიტორია კომპანია „დი ეიჩ ჰოტელს ბათუმს” ეკუთვნოდა, რომელმაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება გაუუქმა.

commersant.ge