სურამი – „ნაგვის ბუდედ“ ქცეული უნიკალური კურორტი

ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე დაბა სურამში, რომელიც  ჰავის განსაკუთრებული თვისებების გამო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია საქართველოს მასშტაბით, ადგილზე არსებული მოუწესრიგებელი პირობები როგორც ადგილობრივების, ასევე, დამსვენებლების უკმაყოფილებას იწვევს.

მაგალითად, სოფელ ჩუმათელეთში, სადაც დამსვენებელი ყველაზე მეტია, ნაგვის ურნა “სანთლით უნდა ეძებოთ”.  ტყეში კი, სადაც დამსვენებლები სასეირნოდ გამოდიან, ურნები საერთოდ არ დგას.

“ეს ერთ-ერთი უნიკალური ადგილია სურამში. სწორედ აქ იყო დედათა და ბავშვთა სანატორიუმი “ნაკადული”, რომელიც დღეს დანგრეულია და რომლის ეზოც ნაგვის ბუდედაა ქცეული. თქვენც ხედავთ რომ ტყეში ერთი ნაგვის ურნაც არ დგას. ასე როგორ შეიძლება?!, _  ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას ერთ-ერთი დამსვენებელი.

“არჩევნებზე ნაკადულის: უბნის მოსახლეობამ “ოცნებას”  მხარი არ დაუჭირა და ალბათ, ამიტომაც გვსჯიან. ბევრი წერილი შევიტანეთ გამგეობაში რომ სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორია მაინც გაეწმინდათ, მაგრამ, თქვენც ხედავთ რა მდგომარეობაა”, _ ამბობენ ადგილობრივები.

ტყეში მისულებს წარწერა გაუწყებთ, რომ “ნაგვის დაყრის შემთხვევაში ღორი იქნებით”, თუმცა ვერ ნახავთ მინიშნებას სად უნდა ჩაყაროთ ნაგავი. როგორც აქაურები ამბობენ, ეს მაინც ვერ ამართლებს იმ ადამიანების საქციელს, რომლებიც ნაგავს ტყეში ყრიან.

სპეციალისტების თქმით სურამის ჰავას განსაკუთრებული მნიშველობა აქვს ბავშვებისთვის, რომელთაც სასუნთქი გზების დაავადება აწუხებთ, აგრეთვე რეკომენდირებულია ტუბერკულიოზის სამკურნალოდ და ორგანიზმის იმუნიტეტის უნარის ასამაღლებლად.

“გურია ნიუსი” დამსვენებლებისა და ადგილობრივების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი გურასპაშვილს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლების პრეტენზიები უსაფუძვლოა, რადგან ჩუმათელეთს ნაგვის მანქანა ემსახურება:

“ჩუმათელეთის ტყეში ნაგვის ურნები ნამდვილად არ არის დამონტაჟებული. თუ ე.წ. ლაგერის ტერიტორიას გულისხმობთ, იქ მცხოვრებმა მოსახლეობამ საღორეები და საქონლის სადგომები გააშენეს, რაც ზედამხედველობის სამსახურმა დააშლევინა. ტერიტორიას ისევ დამსვენებლები და ადგილობრივი მოსახლეობა აბინძურებს. ყველა დასახლებულ ადგილზე დადის დასუფთავების მანქანა. ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული ადგილია ეს სოფელი, მიუხედავად შეზღუდული ფინანსური რესურსისა. იქ, სადაც ბევრი ადამიანია და ადგილობრივები საკუთარ ნაგავს და ნარჩენებს ვერ უვლიან და მდინარის  კალაპოტს ავსებენ, ცოტა ძნელია ყველაფერი გამგეობას დაბრალდეს. შარშან მდინარე სურამულას კალაპოტი გავწმინდეთ, ყველაფერი ამოვიღეთ, პოლიეთილენის პარკები, ბოთლები და სხვა სახის ნაგავი, წელს ისევ გაავსეს. ცუდია, რომ ყველგან არ გვაქვს სპეციალური ნაგავსაყრელები, რადგან ამას ბიუჯეტი ვერ გაწვდა. ნაგვის მანქანა სჭირდება ნარჩენების გატანას, რაც არ გვყავს საკმარისი, მარტო ურნებით კი პრობლემა არ წყდება. ამ დროისთვის, ხაშურს 2 უცხოური წარმოების სპეცმანქანა, ორი რუსული წარმოების მანქანა და 10 დაქირავებული, თვითმცლელი მანქანა ემსახურება, რომლებიც სოფლებში დადიან. ჯამში 14-15 მანქანაა. კურორტს სპეცმანქანები სჭირდება, რაც ძვირი სიამოვნებაა. გაზაფხულისთვის ვგეგმავთ რომ ეს პრობლემა ნაწილობრივ მაინც მოვაგვაროთ”, _ ამბობს გურასპაშვილი.

რაც შეეხება  კონკრეტულად სანატორიუმ “ნაკადულის” ტერიტორიას, გურასპაშვილი განმარტავს, რომ ის მუნიციპალიტეტის საკუთრება არ არის, კერძო ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულება კი გამგეობას არ აქვს.

“ნაკადული” არ არის ჩემი ტერიტორია. სხვისი ეზო რატომ უნდა დავასუფთავო, ვერ ვხვდები. შემიძლია კეთილი ნება გამოვიჩინო და თუკი ადგილობრივები დაასფთავებენ, ნაგვის მანქანა გავუგზავნო და გამოვიტანო ნარჩენები სრულიად უსასყიდლოდ”, _ ამბობს გურასპაშვილი.

სურამი კიდევ ერთი პრობლემა სასმელი წყალია. დაბის დიდი ნაწილს, წყალი ორ დღეში ერთხელ მიეწოდება, რაც ადგილობრივებთან ერთად დამსევენებელთა უკმაყოფილებასაც იწვევს.

თუმცა, მუნიციპალიტეტის გამგებელი განმარტავს, რომ წყლის ავზი ადგილობრივებმა განგებ დააზიანეს და თვითნებურად მიერთებული მილებით საკარმიდამო ნაკვეთებს რწყავენ. ამის გამო კი, სურამს ზაფხულის განმავლობაში წყლის საკმარისი რაოდენობა არა აქვს.

“ჩუმათელეთში არის ე.წ. ორხევის ავზი, რომელიც საკმაოდ კარგად არის მოწყობილი. მაგრამ მილი, რომლითაც წყალი ავზში ჩადის, მოსახლეობამ დახვრიტა თვითნებურად, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ ავზში წყალი აღარ გროვდებოდა. გავეცი ზეპირსიტყვიერი ბრძანება, ჩავრთე შესაბამისი სამსახურები და ყველა მილი, რომლებიც მოსახლეობამ მიაერთა, ჩავაჭრევინე. ამის შემდეგ ავზი შეივსო, მაგრამ მოსახლეობამ ისევ თვითნებურად მიაერთა მასზე მილები. გარდა ამისა, წყლის დონის კლებაზე გაუსაძლისმა სიცხეებმაც იმოქმედა. გრაფიკით მოეწოდებათ სასმელი წყალი, რადგან ავზი ვერ ასწრებს შევსებას და მუდმივი წყალიც წარმოუდგენელია ჰქონდეთ ჭარბი მოხმარების და წყლის რესურსის სიმცირის გამო. თანაც წყალი საიდან უნდა გავაჩინო როცა ასე იქცევიან? ყველას ეყოფა ასე რომ არ ხდებოდეს. მრიცხველები არ აქვთ, არავის ბალანსზე არ არის ეს სისტემა. უახლოეს მომავალში უნდა შევხვდე წყალმომარაგების კომპანიას და მოვილაპარაკოთ როგორ შეიძლება ამ საკითხის მოგვარება. მაგრამ ახლა ყველა ოჯახს აქვს მოშვებული ონკანები და ბაღის სარწყავად იყენებენ. ერთმანეთს ანგარიშს თვითონ არ უწევენ. არანაირ პასუხისმგებლობას არ ვიცილებ, ყველამ იცის რომ ფეხით მაქვს ეს ტერიტორიები შემოვლილი და ვიცი პრობლემების შესახებ, მაგრამ თვითონ როცა არ უწევენ ერთმანეთს ანგარიშს, მეც უძლური ვარ ამ პრობლემებს გავუმკლავდე. ყველა ეზოში ვერ მივალ და ონკანებს ვერ გადავუკეტავ, რომ პომიდვრის ნერგებზე არ მიუშვან წყალი”, _ ამბობს გურასპაშვილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩუმაჩელეთის პარკში და არც გზაზე გარე განათების ბოძები არ არის. თუმცა, მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბობს, რომ ხაშურს საკმაოდ ბევრი გარე განათება აქვს, რისთვისაც მუნიციპალიტეტი ყოველთვიურად სოლიდურ თანხას იხდის.

“შეიძლება რომელიმე ჩიხია გამორჩენილი, მაგრამ სოფლის პროგრამის ფარგლებში უკვე კეთდება და მალე იქაც დამონტაჟდება სადაც არ არის. კონკრეტულად სად რამდენი ბოძია ჩარჭობილი, ამას ნამდვილად ვერ გავიხსენებ. მაგრამ 20 ათას ლარს ვიხდი გარე განათების მომსახურებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი გარე განათების ბოძი მაქვს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოწყობილი”, _ ამბობს გურასპაშვილი და მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც გამგეობასთან პრეტენზიები ან შეკითხვები აქვს ურჩევს, პირადად მას დაუკავშირდნენ.

gurianews.ge