მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღურებადი მსახიობი ქალები

ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალების რეიტინგი გამოქვეყნა. 2015 წლის რეიტინგში 18 მსახიობი ქალი შევიდა. პირველი ადგილი კი „შიმშილის თამაშების“ ვარსკვლავს, ოსკაროსან ჯენიფერ ლოურენსს ერგო.

„ფორბსის“ მონაცემებით, მსახიობების შემოსავლებში გათვალისწინებულია, როგორც მათი ჰონორარი, ასევე შემოსავლები სპონსორული კონტრაქტებისგან და კერძო ბიზნესიდან 2014 წლის 1 ივნისიდან 2015 წლის 1 ივნისის ჩათვლით. საერთო ჯამში, ამ პერიოდში „ფორბსის“ რეიტინგში მოხვედრილმა მსახიობმა ქალებმა 281 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს, რაც 660 მილიონი დოლარით დაკლებია ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი მამაკაცების შემოსავალზე.

„ფორბსის“ თანახმად, რეიტინგის ლიდერმა, 25 წლის ჯენიფერ ლოურენსმა აღნიშნულ პერიოდში 52 მილიონი დოლარი გამოიმუშვა. ძირითადი შემოსავალი მსახიობს „შიმშილის თამაშებში“ მონაწილეობამ მოუტანა. გარდა ამის, ჯენიფერ ლოურენს სარეკლამო კონტრაქტი აქვს კომპანია „დიორთან“.
რეიტინგის მეორე ადგილი ასევე ამერიკელ მსახიობს სკარლეტ იოჰანსონს ერგო. „ფორბსის“ მონაცემებით, 30 წლის მსახიობმა 35,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მისმა ჰონორარმა თრილერისთვის Ghost in the Shell, რომელიც კინოეკრანებზე მომავალ წელს გამოვა, 17,5 მილიონი დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, სკარლეტ იოჰანსონს შემოსავალი აქვს „დოლჩე და გაბანასთან“ სარეკლამო თანამშრომლობით.
რეიტინგის მესამე ადგილზე 23 მილიონი დოლარით კიდევ ერთი ამერიკელი მსახიობი მელისა მაკარტი აღმოჩნდა. სამსახიობო მოღვაწეობის გარდა, 44 წლის მაკარტი „პლუს“ ზომის ქალთა ტანისამოსის დიზაინერობით არის დაკავებული.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალების რეიტინგის ერთადერთი არა ამერიკელი მსახიობი ჩინელი ფან ბინბინი გახდა 21 მილიონი დოლარით. 33 წლის მსახიობი კინომოყვარულებისთვის ცნობილი ფილმით „იქს ადამიანები: მომავლის წარსული დღეები“ გახდა.
მეხუთე ადგილი კი 46 წლის ჯენიფერ ენისტონს ერგო, რომლის შემოსავალმაც წლის განმავლობაში 16,5 მილიონი დოლარი შეადგინა. კინოში გადაღების გარდა, მსახიობის ძირითად შემოსავალს სარეკლამო საქმიანობა განაპირობებს.

„ფორბსის“ რეიტინგის პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ ჯულია რობერთსი – 16 მილიონი დოლარი, ანჯელინა ჯოლი – 15 მილიონი დოლარი, რიზ უიზერსპუნი – 15 მილიონი დოლარი, ენ ჰეთეუეი – 12 მილიონი დოლარი, კრისტენ სტუარტი – 12 მილიონი დოლარი და კემერონ დიასი – 11 მილიონი დოლარი.

 წყარო: bpn.ge