სავალუტო ქაოსი გრძელდება

ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის კინკლაობის ფონზე ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში უკვე 1,3336 ლარს მიაღწია. ეს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსია. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კი ერთი დოლარი 2,35 ლარად იყიდება. სპეციალისტები მთავრობას და ეროვნულ ბანკს ურჩევენ, ვიდრე ქვეყანა კოლაფსამდე არ მისულა, ერთად დასხდნენ და შეიმუშავონ რამდენიმე სცენარი, რომელიც ეროვნულ ვალუტაზე საგარეო ფაქტორების ზეგავლენას შეამცირებს და ეკონომიკას ჩიხიდან გამოიყვანს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღემდე ეროვნულ ბანკსა და მთავრობას ერთმანეთის არ ესმით.

ეკონომისტი მიხეილ დუნდუა ამბობს, რომ საგარეო და შიდა ფაქტორებზე მეტად ლარის დევალვაციაზე ეროვნული ბანკის მიზანმიმართული, არასწორი პოლიტიკა მოქმედებს. მისი განცხადებით, სებ-ი მიმოქცევაში ხელოვნურად ზრდის ლარის მასას, რაც შესუსტებულ ვალუტას უფრო მძიმე დღეში აყენებს. კერძოდ, რეფინანსირების სესხების მეშვეობით ეროვნულმა ბანკმა ბაზარს 1,115 მილიარდი ლარი მიაწოდა. ქადაგიძის უწყება ყოველდღე ათეულობით მილიონი ლარის ერთდღიან რეფინანსირების სესხებს უშვებს.  ”კომერციული ბანკების წმინდა დავალიანება ეროვნული ბანკის მიმართ (რეფინანსირებას მინუს სადეპოზიტო) ერთ დღეში 60 მილიონი ლარით სარეკორდო საზღვრამდე, 735 მილიონ ლარამდე გაიზარდა. დღეს ეკონომიკური და ფისკალური ფაქტორები ლარის გასამყარებლად აბსოლუტურად ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ეროვნული ბანკი კი ხელოვნურად ცდილობს აჟიოტაჟის შექმნას. ნაცნობი სურათია, სებ-მა ზუსტად იგივე მოიმოქმედა მაისში, როცა კურსი 2, 36-მდე გააფუჭა. თუმცა, ვინაიდან ეს ხელოვნურად მოხდა, ერთ დღეში 2,33-დან 2,25 ლარამდე გაუმჯობესდა მაჩვენებელი. ეს არის წმინდა აჟიოტაჟური ფაქტორი”, – ამბობს მიხეილ დუნდუა და დასძენს, რომ თუკი ვინმე ამ აჟიოტაჟურ ინერციას აყვება და დაზოგილი ფულით დოლარის ყიდვას დაიწყებს –  წააგებს, ვინაიდან მოკლე პერიოდში ლარის კურსი გაუმჯობესდება.

ეკონომისტი ლევან ქისტაური ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების მიზეზებს ორად ჰყოფს
– გარე და შიდა ფაქტორები. მისი განცხადებით, საქართველოს სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნების ვალუტების გაუფასურება გრძელდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ნავთობის გაიაფება და დოლარის პოზიციების გამყარებაა. აღნიშნული პროცესი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობების პარიტეტს არღვევს და ეკონომიკაზე, სავაჭრო და საგადასახდელო ბალანსზე გავლენას ახდენს.  ”თუმცა ყველაფერს გარე ფაქტორებს ნუ დავაბრალებთ. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი ხელისუფლება სტაბილური კურსის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს”, – ამბობს ლევან ქისტაური და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შემომავალი უცხოური ინვესტიციები შორსაა იმ მოცულობისგან, რომელიც

საქართველოს ეკონომიკის წინსვლას სჭირდება. ამასთანავე, მთავრობის მიერ დაგეგმილი ”სწრაფი პრივატიზაციის” ტემპი სახარბიელო ნამდვილად არ არის. ამას ემატება ფულადი გზავნილების შემცირება.

რაც შეეხება ტურისტების ნაკადის ზრდას, ქისტაური ამბობს, რომ ტურისტების რაოდენობის გაზრდა შემოსავლების რაოდენობის გაზრდას არ ნიშნავს. გამომდინარე იქიდან, რომ უცხოელებს ეკონომიკური პრობლემები საკუთარ ქვეყნებშიც აქვთ, შესაბამისად ისინი საქართველოში ბევრ ფულს არ უნდა ხარჯავდნენ. ამიტომაც, ქისტაური ვარაუდობს, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი არც ისე დიდია.  ამასთანავე, იგი მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტორმ ბიუჯეტის კორექტირება დააგვიანა. ”ბიუჯეტის კორექტირება სწორია, მაგრამ ამ პროცესმა დააგვიანა. მეორე მხრივ, ასეთ ეკონომიკურ გარემოში უფრო მკაცრი საბიუჯეტო პოლიტიკის გატარება ჯობდა”, – ამბობს ქისტაური.

ექსპერტი ლარის დევალვაციის პროცესში ეროვნული ბანკის უუნარობასაც ხედავს და ამბობს, რომ ქვეყნის მთავარმა ბანკმა მიმოქცევაში ლარის მასა არათუ უნდა გაზარდოს, არამედ უნდა შეამციროს. ”აქედან გამომდინარე სულაც არ მიკვირს, რომ ლარის კურსი მერყევია. ლარის დევალვაციის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო და ეს არასწორიც იქნებოდა, თუმცა პრობლემის მოსაგვარებლად ვერ ვამჩნევ, სათანადო რეაგირებას. ამ პროცესში უნდა ჩარეულიყო როგორც მთავრობა, ისე ეროვნული ბანკი. მათ უნდა ჰქონოდათ რამდენიმე სცენარი ნეგატიური პროცესების თავიდან ასაცილებლად. თავისით ეს პროცესი არ მოგვარდება, ან თუ მოგვარდება ძალიან დიდი ხანი გაიწელება და მოსახლეობაზე მტკივნეულად აისახება”, – ამბობს ლევან ქისტაური.

მაკა ხარაზიშვილი
გაზეთი „რეზონანსი“