,,გაზარმაცებულები არიან ადამიანები და მუდმივად მოლოდინის რეჟიმში არიან, განსაკუთრებით, სახელმწიფოსთან მიმართებაში”

რა პრობლემები აქვს ბიზნესს და როგორ უნდა შეძლოს ხელისუფლებამ ეკონომიკის განვითარება, ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ვესაუბრეთ.
გთავაზობთ ერთ-ერთ მონაკვეთს ინტერვიუდან, სადაც თემურ ჭყონია რეგიონებში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

– თქვენც ახსენეთ და საზოგადოებისთვისაც კარგადაა ცნობილი, რომ რეგიონებში უამრავი პრობლემაა. თქვენი აზრით, რისი ბრალია ეს როგორი უნდა გამოსწორდეს სიტუაცია?

– პირველ რიგში, საჭიროა რეგიონებში სათანადო განათლების მიწოდება და ინფორმირება. საჭიროა ფერმერული მეურნეობების შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში თანხები სწორად განაწილდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, მინდა მოგიყვანოთ ერთი საინტერესო მაგალითი, – სამტრედიაში ჰოლანდიელი ოჯახია, მათ გააკეთეს სასალათე მეურნეობა და მოყვანილი პროდუქცია შეაქვთ სუპერმარკეტებში, სასტუმროებში, და აქვთ საკმაოდ კარგი შემოსავალი. ასეთი რამ უნდა გააკეთოს ბევრმა ადამიანმა.

თუნდაც, იგივე სამტრედიელს არ შეუძლია მსგავსი მეურნეობა შექმნას?! მაგრამ, არა – ნაცვლად იმისა, რომ ისწავლოს, იფიქროს და იშრომოს, იმ ჰოლანდიელ ოჯახს ათვალთვალებს ფანჯრიდან.
გაზარმაცებულები არიან ადამიანები და მუდმივად მოლოდინის რეჟიმში არიან, განსაკუთრებით, სახელმწიფოსთან მიმართებაში. ვინც კარგად და სწორად მუშაობს და არ ერთობა, შესაბამისი შემოსავალიც აქვს.

თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში სახელმწიფოც აქტიურად იყოს ჩართული. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მასშტაბური ტრენინგების ორგანიზება სხვადასხვა მიმართულებებით, რეგიონებში უნდა დანერგოს სათანადო ტექნოლოგიები. ამას წინათ ვკითხულობდი, უორენ ბაფეტმა ტრენინგში მიიღო მონაწილეობა, – გესმით – უორენ ბაფეტი ესწრება ტრენინგებს და მაგალითად, რას ჩავაცივდი, მაგრამ იგივე სამტრედიელ გლეხს, შესაძლოა სასაცილოდაც არ ეყოს, რომ ტრენინგებში მიიღოს მონაწილეობა. ეს ფილოსოფია შესაცვლელია.
ფერმერის ფორმა დაიკარგა და ამაზე სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს. უნდა იზრუნოს მათთვის არა 5000 ლარიანი მცირე სესხების გაცემით, რომელიც ამ ადამიანებისთვის შესაძლებლობის კი არა, დამატებითი პრობლემის შემქმნელია, არამედ, სწორი მიდგომებით. თუნდაც, შეუძლიათ, რომ ეს 5000 ლარი მისცენ არა ერთ ადამიანს, არამედ 50 კაციან ჯგუფზე გასცენ 250 000, ნახევარი მილიონი, ერთი მილიონი, – დაურთონ ამას შესაბამისი ბიზნეს-გეგმა, შესაბამისი სასწავლო პროგრამები. აუცილებელი პირობა იყოს წარმოების შექმნა, სააქციო საზოგადოების ფორმატით ფუნქციონირება და ვნახავთ ყველანი, თუ მოკლე დროშივე როგორ გადაიქცევა ეს ჯგუფი თავის ბიზნესზე მზრუნველ საზოგადოებად. ეს ბიზნესის კანონია, უბრალოდ მას თანმიმდევრული მიყოლა უნდა. ასეთი გზით უკვე შესაძლებელია, რომ შეიქმნას წარმატებული ბიზნესსუბიექტი, სადაც დასაქმდება ხალხიც და სოფლის აღორძინებასაც ხელი შეუწყობს.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ გაზეთ ,,ბანკები და ფინანსების” #421-ე ნომერში