ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა

ქართული ბანკების მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება 2.41 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ კვლავ გაუფასურდა.

ლარი გაუფასურდა ევროს მიმართაც, – ერთი ევროს ფასი 2.78 ლარი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურებას, გზავნილების შემცირებასა და ბაზრის მონაწილეების უარყოფით მოლოდინებს უკავშირებს. მისი თქმით, გაზრდილია მოლოდინი, რომ შემოდგომაზე კურსი კიდევ უფრო გაუფასურდება, რის გამოც, კომპანიები დოლარის ნაშთებს აგროვებენ.

თბილისის სავალუტო ჯიხურებში არსებული მდგომარეობით დოლარის ფასმა ლართან მიმართებაში 2.39 ლარს მიაღწია. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.36-2.39 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, სავალუტო ჯიხურები დოლარს 2.35-2.36 ლარის ფარგლებში იბარებენ.

როგორც ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში განაცხადეს, მათი მუშაობა საკმაოდ შემცირებულია, რადგანაც მოსახლეობა ვალუტის გადაცვლისგან თავს იკავებს. მათივე თქმით, მოქალაქეები დოლარის კურსის დასტაბილურებას ელოდებიან. სავალუტო ჯიხურების ნაწილში იმასაც აცხადებენ, რომ ბაზარზე დოლარის დეფიციტი შეინიშნება. რაც შეეხება ლარის კურსს ევროსთან მიმართებაში, სავალუტო ჯიხურებში ერთი ევროს ყიდვა 2.73-2.75 ლარად არის შესაძლებელი. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ევროს 2.69 ლარად იბარებენ.