ეროვნული ბანკი ლარის კრიზისს ამწვავებს

30%–იანი დევალვაცია და არცერთი ნაბიჯი მის შესაჩერებლად

სებ–ი არათუ უმოქმედოა, არამედ თავისი მოქმედებებით ლარს უფრო აუფასურებს

ზაფხულის მიწურულს ლარი კვლავ გაუფასურების მიმართულებით მოძრაობს. არადა წლის ცხელი სეზონისთვის მთავრობა ლარის გამყარებას აანონსებდა. ერთი შეხედვით, ლარის გაუფასურების მკვეთრი წინაპირობა არ არსებობს – ტურისტების სიმრავლე მთელი ქვეყნის მასშტაბით შეინიშნება, ექსპორტი და გზავნილები კვლავ შემცირებულია, თუმცა არა იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე, ანუ ამ მიმართულებით გაუარესება არ ხდება. ანუ თუ შევაფასებთ ლარის კურსზე მოქმედ ფაქტორებს, მინიმუმ გაუარესება არცერთი მიმართულებით არ არის, იგულისხმება უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროები. შესაბამისად ჩნდება კითხვა თუ რა მოსდის ლარს ბოლო პერიოდში. ვინაიდან, ამ ეტაპზე,  საგარეო ფაქტორებით ლარზე ზეწოლა არ ძლიერდება, მაშინ პასუხი შიდა ფაქტორებში უნდა ვეძებოთ.

შიდა ფაქტორებიდან ლარის კურსზე მნიშვნელოვან ზეგავლენას მონეტარული პოლიტიკა, ფისკალური პოლიტიკა და მოლოდინები ახდენს.

დავიწყოთ ბოლო მათგანით, ვინაიდან სწორედ ამ ფაქტორზე მიდის საუბარი უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან.

როგორ აფასებენ საზოგადოების მოლოდინებს ქადაგიძე და ღარიბაშვილი?

ლარის კურსის გაუფასურებაში მოსახლეობის ნეგატიური მოლოდინების როლზე ბოლო პერიოდში არაერთი განცხადება გაისმა.

“ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს გავლენას ახდენს, არის უარყოფითი მოლოდინები, რომელიც საზოგადოებაშია. კონკრეტულად კი ის ფაქტი, რომ ბაზრის მონაწილეებს აქვთ ძალიან გაზრდილი მოლოდინი შემოდგომაზე კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, კომპანიების და სხვა აქტორების მიერ დღეს ხდება დოლარის მარაგების დაგროვება, რაც იწვევს დამატებით ზეწოლას კურსზე”, – ეს განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს ეკუთვნის.

რამდენიმე დღის წინ, მსგავსი შინაარსის განცხადება პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გააკეთა.

“ადამიანებს აქვთ არასწორი მოლოდინი, რომ ლარის კურსი კვლავ გაუფასურდება შემოდგომაზე, რაც არასწორია. ექსპერტების, ანალიტიკოსების აზრით ეს ასე აღარ მოხდება უახლოეს პერიოდში, ეს მათი პროგნოზია, ვინაიდან პირველმა ტალღამ ამ კრიზისის გაიარა. შესაბამისად, მოქალაქეები, ინვესტორები და ბიზნესმენებიც დოლარს ინახავენ, რაც განაპირობებს იმას, რომ ლარის გამყარება არ ხდება ამ პერიოდში”, – ირაკლი ღარიბაშვილი.

საინტერესო ამ ორ, თითქმის იდენტურ განცხადებაში ერთი მომენტია – ვინ შეაფასა, რომელმა ორგანიზაციამ გამოიკვლია, საიდან დადგინდა, რომ საზოგადოებას გააჩნია ნეგატიური მოლოდინები? რა თქმა უნდა, ამის ალბათობა მაღალია, მაგრამ მტკიცებით ტონში ლარის გაუფასურების მიზეზად ამ ფაქტორის დასახელება რამდენად კორექტული და პროფესიონალური მიდგომაა?

ნეგატიურ მოლოდინებზე საუბარი, ამ მოლოდინების შესწავლის გარეშე, პირიქით ამგვარი მოლოდინების შექმნის და გაღვივების მცდელობად შეიძლება შევაფასოთ. რაც უფრო მეტი მაღალი თანამდებობის პირი ისაუბრებს იმაზე, რომ საზოგადოებაში ნეგატიური მოლოდინებია, ეს მოლოდინები მით უფრო გამძაფრდება. მსგავსი სცენარი კი ლარზე მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურად აისახება.

გემზე ყველაზე დიდი პანიკა იწყება მაშინ, როცა გემის კაპიტანი ამბობს ფრაზას – “არ დაპანიკდეთ”.

აუფასურებს თუ არა ლარს ხარჯვითი პოლიტიკა

ლარის გაუფასურებაში ფინანსთა სამინისტროს და ბიუჯეტის როლზე არაერთხელ გაკეთებულა შეფასებები.

მაგრამ, ფისკალურმა პოლიტიკამ რომც იქონიოს გავლენა ლარის კურსზე, ეს გავლენა ვერ იქნება გრძელვადიანი. ფინანსთა სამინისტრო ეკონომიკიდან იღებს ფულს და მერე ისევ ეკონომიკაში აბრუნებს. ამ პროცესში თუ მოხდება გარკვეულ მომენტში ერთბაშად ჭარბი ფულის დახარჯვა, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს ლარის კურსზე, მაგრამ ეს “გადახრები” ადრე თუ გვიან განეიტრალდება და თავის გავლენას ლარის კურსზე ამოწურავს.

თუ გადავხედავთ საბიუჯეტო სტატისტიკას, წლის დასაწყისიდან დღემდე ბიუჯეტის ნაშთი პერმანენტულად იზრდება, ეს ნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტრო ლარზე ზეწოლას ამცირებს (ცალკე საკითხია რა მიზეზის გამო).

01

თუ გადავხედავთ მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯვის დინამიკას, იხატება შემდეგი სურათი:

2015 წლის 7 თვეში ნაერთი ბიუჯეტიდან დახარჯულია 5,7 მილიარდი ლარი, რაც წლიური გეგმის 56%-ზე მეტია. ასევე, 2014 წელთან შედარებით 2015 წელს სულ გასაწევი ხარჯი მეტია 504 მლნ ლარით, ხოლო იანვარ-ივლისში გაწეულია 580 მლნ ლარით მეტი, რაც ნიშნავს რომ 2014 წლის ბოლო 5 თვეში გაწეულ ხარჯთან შედარებით წელს 76,0 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯება.

ამდენად, ლარის გაუფასურებაში ბიუჯეტის მნიშვნელოვან წვლილზე საუბარი, ლოგიკას მოკლებულია.

ეროვნული ბანკი და ლარის კურსი

ეროვნული ბანკი დიდი ხანია ჯიუტად აცხადებს, რომ მისი ორიენტირი ფასების დონის სტაბილურობაა და სწორედ ამ მიზნის მისაღწევად იყენებს მის ბერკეტებს. ამ პოლიტიკას კი ლარის კურსზე, რბილად რომ ვთქვათ, დადებითი გავლენა ნამდვილად არ აქვს.

ეროვნული ბანკის მესვეურების განცხადებით ფასების სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება და წლის ბოლომდე ინფლაცია 5%–იან ნიშნულს მიაღწევს. თუმცა ინფლაციამ ამ დონეს არა წლის ბოლოს, არამედ წლის შუაში მიაღწია და სავარაუდოდ წლის ბოლომდე კიდევ უფრო გაიზრდება.

ეს სწორედ ეროვნული ბანკის პოლიტიკის შედეგია, რომელიც თეორიით გადატვირთული მიდგომებით ადევნებს თვალყურს ლარის დევალვაციის პროცესს, აცხადებს, რომ ამით ექსპორტი და ეკონომიკური ზრდა ხალისდება, არადა, გაუფასურებული ლარი მძიმე ტვირთად აწევს ეკონომიკას.

ლარის დევალვაცია აისახება ენერგომატარებლების ტარიფებში, იმპორტზე მაღალი დამოკიდებულების გამო იზრდება იმპორტირებული პროდუქციის ფასები, მოსახლეობის და ბიზნესის უდიდეს ნაწილს 30%–ით გაუძვირდა სესხები. რაშიც ეროვნული ბანკის ნეგატიური წვლილი საკმაოდ დიდია, ვინაიდან სავალუტო ფონდის მოთხოვნების მიუხედავად, ეროვნულმა ბანკმა არ შეზღუდა ლარში შემოსავლის მქონე მოსახლეობაზე სესხის დოლარში გაცემის პრაქტიკა, რითაც ეროვნულმა ბანკმა ხელი შეუწყო იმას, რომ ბანკებს ყოველგვარი რისკი აერიდებინათ და მსესხებლებზე გადაეტანათ.

დაბალი ინფლაციის არგუმენტით და ბოლო პერიოდში მცირედით გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთის მიუხედავად, ეროვნული ბანკი ბოლო წლებია საქართველოს ისტორიაში ყველაზე რბილ მონეტარულ პოლიტიკას ატარებს. მსგავსი პოლიტიკა შემცირებული საგარეო შემოდინებების ფონზე ლარს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აყენებს.

ეროვნულ ბანკს სხვადასხვა მექანიზმებით შეუძლია კომერციულ ბანკებს მიაწოდოს ლარის მასა ან პირიქით, წამოიღოს. თუ გადავხედავთ გასულ წლებს და შევადარებთ მას ბოლო პერიოდს დავინახავთ ერთ მიშვნელოვან განსხვავებას:

უცხოური ვალუტის შემოდინების ზრდის ფონზე ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისგან იღებდა ლარის მასას. დღეს კი პირიქით, სავალუტო შემოდინებების პრობლემების ფონზე ზრდის ბანკებისთვის ფულის მიწოდებას.

მაგალითად, 2013 წელს სადეპოზიტო სერტიფიკატების ნომინალური ღირებულება 850 მილიონ ლარს აღწევდა, ანუ ეროვნულ ბანკს ამოღებული ქონდა ბანკებიდან ამ მოცულობის ლარის მასა, დღეისთვის კი ამ ფასიანი ქაღალდების მოცულობა 380 მილიონი ლარია, ანუ 470 მილიონი ლარი დაუბრუნა სებ–მა კომერციულ ბანკებს.

ზოგადად, მთლიან დავალიანებაზე თუ ვისაუბრებთ, სურათი კიდევ უფრო ნათელი ხდება. 2013 წლის ივნისის მდგომარეობით ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების მიმართ ქონდა ვალი 690 მილიონი ლარის მოცულობით, ანუ ამ მოცულობის თანხა ქონდა ამოღებული საბანკო სექტორიდან, დღეს საპირისპირო სურათია და კომერციულ ბანკებს აქვთ ეროვნული ბანკის ვალი 670 მილიონი ლარი. ანუ სებ–მა არათუ გადაფარა მისი წმინდა დავალიანება, არამედ 670 მილიონი დამატებით ასესხა ბანკებს, ეს თითქმის 1.4 მილიარდი ლარის მიწოდებაა ბანკებისთვის.

02

ეს რბილი პოლიტიკა საპროცენტო განაკვეთებზეც აისახება. ვითომდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პარალელურად, საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მცირდება.

ამდენად, ლარის კრიზისის პერიოდში ეროვნული ბანკის არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ლარის დასტაბილურებისთვის, უფრო მეტიც, მისი ნაბიჯები ლარს დამატებით აუფასურებს.

გიორგი კაპანაძე