„მტკიცებით ფორმაში იმ განცხადებების კეთება, რომ დევალვაცია გაგრძელდება დანაშაულია“

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტის ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით, მტკიცებით ფორმაში იმის ძახილი, რომ ლარის დევალვაცია გაგრძელდება, საზოგადოების წინაშე ჩადენილი დანაშაულია.

მისი თქმით, პოლიტიკური მიზნით, გარკვეული მედიასაშუალებებით ხდება იმ აზრის ტირაჟირება, რომ ლარი კვლავ გაუფასურდება.

„საკმაოდ სერიოზული პანიკაა ქვეყანაში. ეს იმდენად სენსიტიური თემაა, რომ ნებისმიერი მცდელობა ამაზე ცუდად აისახება. რა თქმა უნდა, გარკვეული გავლენიანი მედიასაშუალებების მხრიდან, რომელსაც მასობრივად მიუწვდება ხელი საზოგადოებაზე, ხდება გარკვეული ზეწოლა და იმ აზრის ტირაჟირება, რომ დევალვაცია არ გაჩერდება და გაგრძელდება. მე ვფიქრობ, რომ ასეთ მესიჯების გავრცელება, მითუმეტეს პოლიტიკური მიზნით, არის დანაშაული საზოგადოების წინაშე. არ ვამბობ, რომ ყველაფერი კარგადაა, გასაგებია, რომ მძიმე სიტუაციია, თუმცა,  მტკიცებით ფორმაში იმ განცხადებების კეთება, რომ დევალვაცია გაგრძელდება, ჩემი აზრით არათუ უპასუხისმგებლობა, არამედ დანაშაულია“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

„აფბას“ პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში ეკონომიკური ფაქტორებს ვერ ხედავს.

„მე თვალს ვადევნებ იმ სტატისტიკას რაც გავლენას ახდენს ლარის კურსზე. დღეს თითქმის 2.45-ზეა ასული დოლარი, რისი ეკონომიკური წინაპირობაც არ არსებობს და მე ვერ ვხედავ გაუფასურებაში ეკონომიკურ ფაქტორებს“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.