“ნაცმოძრაობის” ბიზნესინტერესების გადასარჩენად ბრძოლაში მაგთიკომი ჩაერთო

ინტერნეტბაზარზე გარკვეული გადაადგილებების შესახებ საუბარი არ წყდება, – ბაზრის ლიდერების, “კავკასუს ონლაინის” და “სილქნეტის” გაერთიანების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ირკვევა, რომ გადაადგილებებში შესაძლოა “მაგთიკომიც” ჩაერთოს.

ფინანსური პრობლემების შესახებ, კომპანიების განცხადება აბსურდულია

სხვა კომპანიასთან შერწყმის უცნაური მიზეზი დაასახელა “კავკასუს ონლაინმა” საუბარია ფინანსურ პრობლემებზე, თუმცა, თავად კომპანიების მიერ მარეგულირებლისთვის მიწოდებული ფინანსური ანგარიშებიდან ჩანს, რომ მათი მხრიდან რაიმე ფინანსურ პრობლემებზე საუბარი, ვერ იქნება დასაბუთებული, ვინაიდან ბოლო წლებში ინტერნეტ და ტელეკომუნიკაციების ბაზარზე სიტუაცია მხოლოდ კომპანიების სასარგებლოდ იცვლება.

მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ ბაზრის ორივე ლიდერმა კომპანიამ მომსახურებაზე ფასები გაზარდეს. ,,კავკასუს ონლაინმა” ფასი გაზარდა  5-7 ლარით, ხოლო სილქნეტმა 6-დან 10 ლარით. კომპანია “კავკასუს ონლაინმა” ფასების ზრდის მიზეზად საერთაშორისო ბაზარზე არსებული  და საქართველოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა. თუმცა, კონკრეტულად რა იგულისხმებოდა შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაში ეს არავის განუმარტავს. შესაძლოა ორგანიზაცია მიზეზად ლარის კურსის ცვლილებას გულისხმობდა, თუმცა, როგორც ცნობილია პროვაიდერები ინტერნეტს ძირითადად ევროში ყიდულობენ, ხოლო ევრო ლართან მიმართებაში ისე არ გაუფასურებულა, როგორც ამერიკულ დოლართან. თავად კომპანიების მიერ მარეგულირებლისთვის მიწოდებული ფინანსური ანგარიშებიდან ჩანს, რომ 2014 წელს ორივე კომპანიას, შესყიდვების მოცულობის ფონზე, ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდა.

2013 წელთან შედარებით 2014 წელს “კავკასუს ონლაინს” შესყიდვების მიმართულებით, ხარჯი 9 420 439 ლარიდან 3 693 002 ლარამდე შეუმცირდა, როგორც ვხედათ, საუბარია თითქმის 6 მილიონიან გამოთავისუფლებულ ხარჯზე. მართალია, კომპანია “სილქნეტს” შესყიდვების მიმართულებით ხარჯი იმავე პერიოდში 2 482 559 ლარიდან 4 539 101 ლარამდე გაეზარდა, თუმცა, საგულისხმოა, რომ ამ შემთხვევაში, კომპანიამ შესყიდული პროდუქტის მოცულობა თითქმის 300%–ით გაზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ შესყიდულ ერთ ერთეულზე “კავკასუს ონლაინს” ხარჯი დაახლოებით 260%–ით შეუმცირდა, ხოლო სილქნეტს დაახლოებით 110–120%–ით.

ამ ფონზე საინტერესოა ის შემოსავლები, რასაც კომპანიები იღებენ. მხოლოდ გასწულ წელს კომპანია “სილქნეტმა” ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურებიდან 61 660 790 ლარი მიიღო, ხოლო “კავკასუს ონლაინმა” 56 505 371 ლარი.

რაც შეეხება ტარიფებს, ჩვენთან ინტერნეტმომსახურების ტარიფი სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ მაღალია. 100 მბ/წმ–ზე “სილქნეტის” და “კავკასუს ონლაინის” ტარიფი ჩვენთან 100 ლარია, იგივე მოცულობა უკრაინაში დაახლოებით 15 ლარის შესაბამისი გრივნა ღირს, ლიტვაში 24 ლარის შესაბამისად, ლატვიაში 35 ლარის შესაბამისად, ხოლო ყაზახეთში დაახლოებით 60 ლარის შესაბამისად. 

ამ ყველაფრის ფონზე, კომპანიებმა საცალო ფასები, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე იურიდიული პირებისთვის გაზარდეს. აქედან გამომდინარე, რა ფინანსურ პრობლემებზე შეიძლება იყოს საუბარი, გაუგებარია.

გაერთიანებასთან დაკავშირებით, საკმაოდ ბუნდოვანი განცხადებები გაკეთდა კომპანიების მხრიდან, ისინი გაერთიანების დეტალებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ ნიადაგის მოსინჯვაა. რეალურად, ინტერნეტ და ტელეკომუნიკაციების ბაზარზე გარკვეული გადაადგილებები მათი რეალური მფლობელების პირად გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული, რაც, თავის მხრივ, მათ პოლიტიკურ ბეგრაუნდთან უნდა იყოს დაკავშირებული.

რას შეცვლის დოუპოლიის მონოპოლიად ქცევა

მონოპოლიებთან დაკავშირებით, აქ მხოლოდ ოფიციალურ განმარტებებზე უნდა იყოს საუბარი, დღემდე ბაზარზე იყო დუოპოლია, თუ ეს ორი კომპანია გაერთიანდებიან იქნება მონოპოლია. ზოგადად, ბაზარზე კომპანიების გამსხვილების და შესაბამისად კონკურენციის შეზღუდვის ტენდენცია, თავისთავად ნიშნავს მომხმარებლის უფრო რთულ მდგომარეობაში ჩაყენებას. თუმცა,

არსებული სპეციფიკიდან გამომდინარე, ბაზარზე მიმდინარე გადაადგილებები განსაკუთრებულს ვერაფერს შეცვლის, ვინაიდან, პრაქტიკულად საერთო საფასო პოლიტიკის გატარებას ეს კომპანიები გაერთიანების გარეშეც ახერხებდნენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპანიების სატარიფო პოლიტიკა არ ჯდება არანაირ საბაზრო ლოგიკაში, ვინაიდან, ინტერნეტზე საერთაშორისო ფასები შემცირებულია, ჯანსაღი კონკურენციის არსებობის შემთხვევაში, ფასები საცალო ქსელშიც უნდა შემცირებულიყო. 

რაც შეეხება ბაზარზე არსებული სხვა წვრილი კომპანიების ბედს, პირველ რიგში, უნდა განიმარტოს, რომ წვრილი კომპანიები ოპერირებენ იმ სივრცეში, რომელიც მსხვილების კომერციული ინტერესის სფეროში ვერ ხვდებიან. ანუ “კავკასუს ონლაინს” და “სილქნეტს” ბოლომდე აქვს ათვისებული კომერციულად მათთვის მისაღები ბაზრები, ხოლო ისეთი ადგილები სადაც ინტერნეტის მიწოდება მაღალ ხარჯებთან არის დაკავშირებული და მოგება ნაკლებია, მათთვის საინტერესო არ არის.

ასევე საინტერესოა საკითხია, თუ რამდენად არის მოსალოდნელი ამ ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენა. ბოლო პერიოდში. რამდენჯერმე გაჩნდა ინფორმაცია, თუმცა, კონკრეტული ინიციატივები ჯერ არ ჩანს. ამას აქვს ობიექტური მიზეზი. მოგეხსენებათ, ინტერნეტის მიწოდებას სჭირდება ძალიან ძვირადღირებული ინფრასტრუქტურა. თუ ბაზარზე ახალი კომპანია შემოვა მას მოუწევს მრავალასეულმილიონიანი ინვესტიციის განხორციელება ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ქართული ბაზრის სიმცირიდან და აქ უკვე მოღვაწე კომპანიების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ამხელა ხარჯების გაწევა, რომელიმე ახალი კომპანიისთვის კომერციულად საინტერესო ვერ იქნება.

აქვე ხაზი უნდა გაესვას კიდევ ერთ ფაქტს, რომ “კავკასუს ონლაინი” და “სილქნეტი” მონოპოლიურ მდგომარეობაში არა მარტო საცალო ბაზარზე, არამედ საბითუმო ბაზარზეც იმყოფებიან, მათ გარდა ინტერნეტს საბითუმო ქსელში შედარებით მცირე მოცულობით კომპანია “დელტა–კომი”  ავრცელებს. აქედან გამომდინარე, ახალ მოთამაშეს ბაზარზე დამკვიდრება გაუჭირდება.

“მაგთიკომი” “ნაცმოძრაობასთან” დაახლოებული ბიზნესჯგუფების გადასარჩენად გამოჩნდა

ინტერნეტბაზარზე შესაძლო გადაადგილებები კიდევ უფრო გაასაინტერესოა ამ მითქმამოთქმაში “მაგთიკომის” გამოჩენამ. გავრცელებული ინფორმაციით, “მაგთიკომი” “კავკასუს ონლაინით” დაინტერესდა, ასევე საინტერესოა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სს ”სილქნეტს” შპს ”მაგთიკომის” კუთვნილი საოპერაციო აქტივის შეძენაზე თანხმობა მისცა.

ინტერნეტბაზარზე მოქმედი კომპანიების მფლობელებთან მიმართებაში, ზოგადად, ბევრი კითხვა არსებობს, ვინ არიან ეს პირები, რა ძალები დგას მათ უკან, როგორ ახერხებენ თუნდაც საერთო საფასო პოლიტიკაზე შეთანხმებას და ასე შემდეგ. არავისთვისაა უცხო, რომ ეს ბიზნესჯგუფები ყოფილი ხელისუფლების პირობებში ჩამოყალიბდა და მათ ხელში ამხელა მატერიალური აქტივების გადასვლა მნიშვნელოვნად განაპირობა მმართველ პოლიტიკურ ძალასთან სიახლოვემ. არავისთვისაა უცნობი, რომ “სილქნეტს” ნაციონალური მოძრაობის ფავორიტი ბიზნესმენი, დავით რამიშვილი, იგივე “ზარალა” ფლობს”, ხოლო “კავკასუს ონლაინს” ასევე ყოფილი ხელისუფლების გავლენისქვეშ მყოფი ძმები მაქაცარიები აკონტროლებენ. ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ, ბუნებრივია, ამ ბიზნესჯგუფების პოზიციებსაც შეექმნა პრობლემები, “კავკასუს ონლაინის” ყოფილი მფლობელი მამია სანადირაძე კომპანიის დასაბრუნებლად სასამართლოში იბრძვის.

ამ ფონზე, მრავალმილიონიანი აქტივების მქონე კომპანიების მფლობელების შეცვლა, შესაძლოა, დაკავშირებულია მათ მცდელობასთან, რომ საქმეში შემოიყვანონს ე.წ. კეთილსინდისიერი მყიდველი, რომელთან სამართლებრივი დავა გაცილებით რთული იქნება. ზუსტად ამ კონტექსტშია საინტერესო ამ სქემაში “მაგთიკომის” გამოჩენა. ამ კომპანიას ქვეყანაში ძლიერი ლობი ჰყავს, ვინაიდან მისი აქტივების მნიშვნელოვან ნაწილს ამერიკული კომპანია “მეტრომედია” ფლობს და, ხშირ შემთხვევაში, მისი ინტერესების დამცველად აშშ–ის საელჩოს უმაღლესი მარალჩინოსნები გვევლინებიან. აქედან გამომდინარე,  “სილქნეტის” და “კავკასუს ონლაინის” აქტივების “მაგთიკომის” საკუთრებაში გადატანა შესაძლოა, მათი რეალური მფლობელების ინტერესების მეტ დაცულობას ნიშნავდეს.

ლევან მარტაძე