თემურ ჭყონია: ფესტივალებისგან უფრო დიდი ეკონომიკური ეფექტის მიღება შეიძლება ვიდრე მასშტაბური ინდუსტირიების შექმნისგან

ბოლო ერთი თვის განმავლობაში თბილისში არაერთი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, საიდანაც ქვეყანას საშუალება ჰქონდა საკმაოდ დიდი ეკონომიკური ეფექტი მიეღო. რამდენად ორგანიზებულად მოხდა ამ ღონისძიებების ჩატარება, მოხერხდა თუ არა სათანადო შემოსავლების მიღება, რა პრობლემები შეინიშნება სახელმწიფოსა და ბიზნეს–სექტორის თანამშრომლობაში.

გთავაზობთ ერთ-ერთ მონაკვეთს ინტერვიუდან, სადაც თემურ ჭყონია ტურიზმსა და მის განვითარებაზე საუბრობს. 

– ხშირად არის საუბარი, რომ საქართველო უნდა გახდეს ტურისტული ქვეყანა. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის და რა უფრო მნიშვნელოვანია, მსგავსი მასშტაბური ფესტივალების გამართვა თუ საქართველოს როგორც ტურისტული ქვეყნის პოპულარიზაცია?

– მასშტაბური ღონისძიებები, საფეხბურთო მატჩები და მუსიკალური ფესტივალები, არის მოკლე და წარმატებული გზა ტურისტების მოსაზიდად და შედეგის მისაღწევად. ლოკალური ღონისძიებები უნდა დაინერგოს და გახდეს სისტემატური. ქვეყანაში რაც შეიძლება ხშირად, თვეში ერთხელ მაინც უნდა ტარდებოდეს გრანდიოზული და ხმაურიანი კონცერტები. უნდა გადაიდგას არაორდინალური ნაბიჯები. თუკი ხშირად ჩატარდება მსგავსი ღონისძიებები, ყოველწლიურად გაუმჯობესდება მისი ხარისხიც. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იყოს სათანადოდ მომზადებული ამ ღონისძიებებისთვის. ყველა უნდა ჩაერთოს მასში და გადამზადდეს შესაბამისად.

ამ ყველაფრის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ანაკლია, სადაც გიორგი სიგუამ ჩაატარა ფესტივალი. პირველ რიგში აღვნიშნავდი, რომ ამ ბიჭს სწორი მიმართულების მიცემა სჭირდება, ნიჭიერია, შემოქმედებითი, ენერგიული და შეიძლება მეტი ვალდებულებები დააკისრო მას და ეფექტიანად ამუშაო. არ შეიძლება, რომ სიგუას მსგავსი რესურსის მქონე ადამიანი უფრო ეფექტურად არ გამოიყენო. მას შეუძლია თვეში 1 ფესტივალის ჩატარება და უნდა გააკეთებინო კიდეც, ვინაიდან უშველებელი შემოსავალს ნახულობს ხალხი ამ ყველაფრიდან. მსგავსი ფესტივალებისგან უფრო დიდი ეკონომიკური ეფექტის მიღება შეიძლება, ვიდრე ქარხნებისა და მასშტაბური ინდუსტრიების შექმნისგან. მე გეტყვით, რომ ფესტივალის დღეებში რეგიონში ჩვენი რეალიზაცია 300 %-ით იყო გაზრდილი. ბუნებრივია, ასევე იქნებოდა სხვა პროდუქციაზეც. ამას ხომ დაფიქრება და გაანალიზება და უკეთ დაგეგმვა სჭირდება.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც ტრადიციულ ტურისტულ ქვეყნად ჩამოყალიბებას, ამას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. პირველ რიგში, ქვეყანაში უნდა აშენდეს უამრავი მაღალი ხარისხის სასტუმრო. ვინაიდან საქართველოში, მართლაც ძალიან ბევრი ტურისტი რომ შემოვიდეს, ფიზიკურად ადგილი არ იქნება იმისათვის, რომ ისინი დაბინავდნენ. რეალურად რამდენი საწოლი ადგილიც არის სასტუმროებში იმდენი ტურისტის მიღების საშუალება აქვს ქვეყანას.

არსებობს პრობლემები გზებზე, სადაც უამრავი მსხვილფეხა ცხოველი, ძროხებია, რომლებიც მუდმივად საავარიო სიტუაციას ქმნიან და ამას ყურადღებას არავინ აქცევს. პრობლემაა ისიც, რომ შერჩევითია ამა თუ იმ კანონის დაცვა. ამის მოგვარება ხომ ძალიან მარტივია, შეუძლიათ წვრილი მავთული გააბან გზებზე, გაატარონ იქ ძალიან სუსტი დენი, ისე რომ არც ცხოველს ავნოს და არც ადამიანს და პრობლემაც მოგვარდება. აღარც ამდენი ავარია მოხდება და მგზავრობაც უფრო უსაფრთხო იქნება. კიდევ ერთი ფაქტი ისაა, რომ ზაფხულის სეზონს მაინცდამაინც მოწესრიგებული ვერ ხვდება ზღვისპირეთი. იქ პლაჟები ჭუჭყიანია, კიდევ სხვა უამრავი პრობლემაა.

– მსგავს ღონისძიებებზე, ფესტივალებზე, ხშირია შემთხვევები როდესაც პროდუქტებზე საკმაოდ მაღალ ფასებია, რაც ამცირებს დასწრების მსურველთა რაოდენობას. რას ფიქრობთ, როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა?

– ყველაფრის დარეგულირება შესაძლებელია, მთავარია სწორი მიდგომა. ეს იმის ბრალია რომ იშვიათად ეწყობა მსგავსი ღონისძიებები და ხალხი მოსწრებაზეა. თუკი ხშირად გაიმართება, თუ ადგილობრივებს ექნებათ განცდა, რომ მათი მომსახურების ხარისხის ზრდის პირობებში მეტ შემოსავალს მიიღებენ, მაშინ, რა თქმა უნდა, გამოსწორდება ყველაფერი. თუ ორგანიზებულად მოხდება გაყიდვები, გაჩნდებიან მცირე მწარმოებლები და გამყიდველი პუნქტები. უბრალოდ, ნებისმიერი ასეთი ღონისძიების შემდეგ ორგანიზატორებმა უნდა გამოიტანონ სათანადო დასკვნები, თუ რა პრობლემები შეექმნათ, რამდენად მოხდა მათი გადაჭრა და აქედან გამომდინარე, ყოველ შემდგომ ღონისძიებაზე ეს ყველაფერი გამოსწორდება. ხარისხიც აიწევა და ფასიც დაიკლებს.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ გაზეთ ,,ბანკები და ფინანსების” #421-ე ნომერში