კომპანია „ნიკორას” ქსელი ფართოვდება

კომპანია „ნიკორამ“ „ნუგეშის“ ქსელი შეიძინა. გადაბარების პროცესი ორ დღეში დასრულდება, შედეგად „ნიკორა ტრეიდი“ ქართულ ბაზარზე 200-ზე მეტი ობიექტით იქნება წარმოდგენილი. „ნუგეშის” ქსელში იყო 25 მაღაზია და 63 ჯიხური, „ნიკორას” ქსელში- 120. ინფორმაციას სააგენტო gbc ავრცელებს. რამდენიმე თვის წინაც ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ნიკორას” “ნუგეშის” შეძენის გეგმები აქვს, თუმცა მაშინ “ნიკორაში” ეს არ დაადასტურეს.

დღეს კი ცნობილი ხდება, რომ “ნუგეშის” აქტივები გამოსყიდულია 5 მფლობელისგან (60%- აკაკი ახვლედიანი; 19,5%- უტა მაზიაშვილი; 15,6% -გოჩა დარჩიაშვილი: 10%- გიგა ხვინგია; 5,25% ვლადიმერ დარჩიაშვილი).

კომპანიის გეგმების შესახებ დეტალურად სექტემბერში  გახდება ცნობილი, ამავე პერიოდში დასახელდება  გარიგების ღირებულებაც.

ასევე ცნობილი ხდება, რომ „ნიკორა ტრეიდმა” კაპიტალი 9,175 მლნ ლარით, 11,175 მლნ ლარამდე გაზარდა.

„ნიკორა ტრეიდი” რამდენიმე მიმართულებით (რძის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, თევზის, გამაგრილებელი სასმელების წარმოება)  სხვადასხვა კომპანიით (ჩვენი ფერმერი, პალომა, მზარეული, ოკეანე, ინ ტრეიდი) არის წარმოდგენილი.

„ნიკორამ“ შარშან ქართულ ბაზარზე არსებული რამდენიმე სავაჭრო ქსელი შეიძინა. საუბარია „სანდეიზე“ (ზუგდიდი), „კი ბატონოსა“ და „ჰომმარტზე“ (თბილისი). გასულ წელს კომპანიამ წინა წელთან შედარებით რეალიზაცია 25%-ით გაზარდა.

“ნიკორაში” აღნიშნულ შენაძენთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. “ნუგეშის” წარმომადგენლები კი გარიგების ფაქტს ადასტურებენ.

 

commersant.ge