ზაალ კასრელიშვილი: „ცივილიზებული საზოგადოების მართვის მეთოდი ორიენტირებულია პრევენციაზე“

ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე მუშაობა დაიწყო. მუშაობის პროცესში ჩართულია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“. მინისტრის განცხადებით, საზოგადოება კონკრეტულ გეგმას ოქტომბრის ბოლოს გაეცნობა.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმამ უნდა გაითვალისწინოს პირველადი რგოლის სამედიცინო დაწესებულებების გარემონტება და აღჭურვა, ოჯახის ექიმების ანაზღაურის გაზრდის საკითხი და მათი სწრაფი და ეფექტიანიო გადამზადება.

ზაალ კასრელიშვილი, პოლიტოლოგი და საერთაშორისო ორგანიზაციის „კავკასიურ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე, პირველადი ჯანდაცვის რეფორმას ეხმაურება. იგი ხაზს უსვამს პრევენციული მედიცინის  მნიშვნელობას და ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას დადებითად აფასებს.

„ჩვენ მომხრეები ვიყავით და ვართ ყველა სფეროში პრევენციის, არა მხოლოდ ჯანდაცვაში. ცივილიზებული საზოგადოების მართვის მეთოდი ორიენტირებულია პრევენციაზე, ხოლო ჩამორჩენილ საზოგადოებაში ორიენტირებულია შედეგების ემოციურ ლიკვიდაციაზე. თუ ჩვენ ცივილიზებული ხალხი ვართ და ეს ნამდვილად ასეა, თუ ჩვენი მიზანი ევროპულ ოჯახში დაბრუნებაა და ჩვენ ეს მიზანი გვაქვს, ჯანდაცვის და სხვა ნებისმიერი სამინისტროს მიზანი უნდა იყოს პრევენცია“, – აცხადებს კასრელიშვილი

„ჩვენ მივესალმებით პირველადი ჯანდაცვის რეფორმას. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არის  „კარგოსანი“ და ის გახდება „ფრიადოსანი“, თუ საყოველთაო დაზღვევის პროგრამის პარალელურად, სავადლებულო ყოველწლიურ გამოკვლევებსაც შემოიღებს.

რა თქმა უნდა, ყველა წამოწყებას აქვს ხარვეზი. ეს მარტო ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. ჩვენ უნდა ვიყოთ მოლოდინში, რომ გარკვეული ხარვეზები იქნება. თუმცა, სამინისტროს ხელმძღვანელობის პრინციპულ პოზიციებზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრავად და ეფექტურად აღმოიფხვრება ეს ხარვეზები. მაგალითად მედიკამენტების ხელიმსაწვდომობა“, – ამბობს კასრელიშვილი.

მისი თქმით, ხშირად არის ხოლმე, როდესაც დროებით გვარდება ხოლმე პრობლემა, თუმცა ეს არის დროებითი „გამაყუჩებელივით“ და მალევე ისევ იჩენს თავს. „ამიტომ, საჭიროა სწორი საფუძვლის ჩაყრა, ხოლო შემდგომში ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოამზადებენ ოჯახის ექიმებს, რა კვალიფიკაციის სპეციალისტები იქნებიან ამ სფეროში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რამდენად იქნება ჯანდაცვის სისტემა ორიენტირებული გაჭირვებული ადამიანების ინტერესებზე, და არა პირიქით“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.