გაჭიანურებული ფინანსური შემოწმების შედეგები უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება
ორი უმსხვილესი კომპანიის, „გალფისა“ და „ჯეოსელის“ ფინანსური შემოწმება ამ დრომდე არ დასრულებულა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ორივე საქმე დასკვნით ეტაპზეა და შედეგები უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება, თუმცა, კონკრეტულ თარიღს უწყებაში არ ასახელებენ. ვერც „გალფში“ და ვერც „ჯეოსელში“ კონკრეტულს ვერაფერს აცხადებენ. მრავალთვიანი შემოწმების შემდეგ მათთვის უცნობია დასკვნის გასაჯაროვების თარიღიც.
„ჯეოსელის“ შემოწმებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უკვე წელიწად-ნახევარია ახორციელებს, „გალფის“ შემოწმება კი მიმდინარე წლის იანვრიდან მიმდინარეობს.
საგამოძიებო სამსახური ორივე კომპანიას დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდებას ედავება. ორივე შემთხვევაში საქმე აღძრულია საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 218-ე მუხლით.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა გიორგი გრძელიშვილმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, გამოძიება „ჯეოსელის“ შემთხვევაში 8 წლის მუშაობას ამოწმებს. თუმცა, რა გახდა კომპანიაში საგამოძიებო სამსახურის შესვლის მიზეზი, ამ დრომდე არ დაკონკრეტებულა.
„ჯეოსელში“ ფინანსურის შემოწმება მას შემდეგ შევიდა, რაც მოსმენების კანონთან დაკავშირებით კომპანიამ საკუთარი კრიტიკული შეფასება დააფიქსირა. კომპანიაში შემოწმების დაწყების შემდეგ განცხადება გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“. ორგანიზაცია მოუწოდებდა ფინანსთა სამინისტროს, მაქსიმალურად დასაბუთებული ინფორმაცია მიეწოდებინა საზოგადოებისთვის ”ჯეოსელის” საქმესთან დაკავშირებით. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ფინანსური პოლიციის ქმედებებთან დაკავშირებით დამატებითი კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ჯეოსელის“ საქმე,შესაძლოა, ბიზნესმენებმა გამაფრთხილებელ გზავნილად აღიქვან.
რაც შეეხება „გალფს“, მის მფლობელ დავით იაკობაშვილს სახელმწიფო კიდევ ერთ შემთხვევაში ედავება. საუბარია სამორინე „აჭარაზე“, სადაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე დღის წინ შევიდა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შპს “კაზინო აჭარას” მიმართ მიმდინარეობს გამოძიება 218-ე(გადასახადებისათვის თავის არიდება) და 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) მუხლით.