ლარის გაუფასურების პროცესი ძირითადად აჟიოტაჟური მოლოდინითაა განპირობებული

“როგორც კი ქადაგიძე დროებით გავიდა თამაშიდან და სებ-ის რეალისტური პოზიცია ვიცე-პრეზიდენტმა მესტვირიშვილმა დააფიქსირა, ლარმა შეწყვიტა დაცემა”

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქადაგიძეს გადადგეს, ეს ბევრ რამეს წაადგება”

რა ხდება მსოფლიოს სავალუტო ბაზრებზე და რა პოლიტიკური და ეკონომიკური რისკები არსებობს. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე კითხვებს ეკონომისტი ვაჟა ბერიძე პასუხობს:

– ბატონო ვაჟა, გასულ კვირას ლარმა ახალი რეკორდი მოხსნა და დოლართან მიმართებაში 2,45 თეთრი დაფიქსირდა, ერთი ამერიკული დოლარის შესაძენად სავალუტო ჯიხურებში 2,42-2,44 ლარის ფარგლებში იყო საჭირო, თუმცა ამერიკულ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა ასევე თურქული ლირა, რუსული რუბლი, ყაზახური ტენგე, ჩინური იუანი, ევრო და ა.შ. რა ხდება მსოფლიო საფინანსო ბაზარზე?

– ბოლო წლებში ძალიან საინტერესო ტენდენციები ჰპოვებს ასახვას მსოფლიო ეკონომიკაში. ეს დაკავშირებულია ჩინეთის ეკონომიკის არნახულ ზრდასთან, რომლის თაობაზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ჯერ კიდევ 2014 წელს გვამცნობდა, როცა მან პირველმა დააფიქსირა, რომ ეროვნული ეკონომიკის წარმოება ერთ წელიწადში ჩინეთში გახდა 17,6 ტრილიონი დოლარი და ამერიკის მაჩვენებელს მცირედით გადაასწრო. თუმცა ნაწილი ექსპერტების თავს იმით იმშვიდებდა, რომ ეს ზრდა ერთი ნომინალის მეშვეობით მოხდა, მშპ-ს მიხედვით, ხოლო ნომინალური მშპ-ს მიხედვით შეერთებული შტატები ლიდერობდა და ლიდერობს. ეს თავისთავად მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ახალი ტენდენცია იყო და ამან გარკვეული ასახვა ჰპოვა რეგიონული ეკონომიკების განვითარებაზე.

ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ბოლო პერიოდში, როცა მსოფლიოს ეკონომიკის ზრდას განაპირობებდა ჩინეთის ეკონომიკის არნახული ზრდის ტემპი, ამას ბუნებრივია მოყვებოდა გარკვეული ცვლილებები, მათ შორის არაპროგნოზირებადი და ასევე კრიზისული ცალკეულ რეგიონებში. აი ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ჩვენ ის რეალობა და მოცემულობა, რომელიც ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა, რაც უწინარეს ყოვლისა, დაკავშირებული არის, აშშ დოლარის გამყარებასთან ყველა სხვა ძირითად კონვერტირებად ვალუტებთან მიმართებაში, ხოლო მეორეს მხრივ, ნავთობზე ფასების გლობალურ დაცემაში, რაც არის გეოპოლიტიკური ძვრების შედეგი და გარკვეულ დისონანსში მოდის მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტენდენციებთან. ამავე დროს ჩინეთი იკვეთება, როგორც დასავლური სისტემის ერთ-ერთი პარტნიორი და ამავე დროს კონკურენტი, ამის შედეგია ის რყევები, რომლებიც საერთაშორისო არენაზე ხდება და რომლის ექოც რეგიონებში სულ უფრო მკაფიოდ ისმის. ამ თვალთახედვით ყველაზე მკაფიო მაგალითი იყო ე.წ. „შავი ორშაბათი“ ჩინეთის საფონდო ბირჟებზე, როდესაც აქ მოხდა მაჩვენებლების მნიშვნელოვანი დაცემა. ბუნებრივია, ამას გავლენა აქვს ჩვენს ქვეყანაზეც, მაგრამ მცირე, ვინაიდან ჩვენი ეკონომიკის ინტეგრაციის ხარისხი მსოფლიო ეკონომიკაში არის იმდენად დაბალი, რომ არათუ მყისიერ, არამედ ფუნდამენტურ გავლენას საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებზე სერიოზულად და არსებითად ვერ იქონიებს.

– თუ ასეთი მინიმალურია ჩვენი ეკონომიკის დამოკიდებულება მსოფლიო ეკონომიკაზე, მაშინ რა ხდება, რას უკავშირდება ლარის მორიგი ნახტომი?

– ჩვენ ხშირად ვისმენთ ტელევიზიის მეშვეობით ექსპერტების შეფასებებს, აგრეთვე ვკითხულობთ პრესაში, თუ რამ გამოიწვია მსგავსი ნახტომი, თუმცა მე ახალი ვერაფერი მოვისმინე. მეც განსაკუთრებულს ვერაფერს გეტყვით. ეს არის იმ ტენდენციის შედეგი, რომლის თანახმადაც საგარეო და საშინაო ფაქტორების ერთობლიობამ განაპირობა ლარის გაუფასურება, კერძოდ ეს ფაქტორებია: გადმორიცხვების და ექსპორტის შემცირება, ინვესტიციების არასაკმარისი დონე და საშინაო ფაქტორებიდან გამოვყოფდი ეროვნულ ბანკს, რომელიც სათანადოდ არ იყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, ხოლო მთავრობა არ სახავს ეფექტურ ანტიკრიზისულ გეგმას, რომელსაც ის თანმიმდევრულად და ოპერატიულად განახორციელებს.
ამის გამო, ჩვენ სახეზე გვაქვს ლარის კურსის დევალვაციის პროცესი, თუმცა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საჯარო სივრცეში, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ერთი მარტივი თავისებურება, რომ ჩვენ ვაყალიბებთ მოლოდინების რეჟიმს, რომელიც არის არსებითი და ხშირად გადამწყვეტი ვალუტის სიმყარესა და კეთილდღეობასთან მიმართებაში. ამიტომ მე ვისარგებლებ შემთხვევით და მივმართავ მოქალაქეებს, რომ ისინი და ჩვენ ყველანი არ უნდა ავყვეთ ემოციურ აჟიოტაჟს, არამედ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ჩვენს მაკროეკონომიკაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ეკონომიკაში გარე შოკები არსებითად და პრინციპში დაბალანსებულია, უახლესი მონაცემებით, იმპორტის შემცირებამ დააბალანსა ექსპორტის შემცირება და ფულადი გზავნილების კლება. თუ ჩვენ კარგად ჩავხედავთ ციფრებს, 352 მილიონი დოლარის დადებითი მაჩვენებელია იმპორტის შემცირებიდან, ანუ ქვეყნიდან ჯამში გავიდა 352 მილიონი დოლარით ნაკლები, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში, ფულადი გზავნილების შემცირება იყო მხოლოდ 202 მილიონი დოლარი, რაც პრინციპში აბსოლუტურ მაჩვენებელთან მიმართებაში არ არის დიდი ციფრი.

მაკროეკონომიკური პარამეტრები, ჩემი აზრით, ჯანსაღია და თუ ადგილი ექნება მთავრობის და ეროვნული ბანკის კოორდინირებულ მუშაობას, სიტუაცია გამოსწორებას ექვემდებარება. ამ მხრივ მისასალმებელია ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადება, რომლითაც ვფიქრობ წერტილი დაესვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ფაქტობრივ საბოტაჟის რეჟიმს, რომელმაც განაპირობა საშინაო ფაქტორების ნეგატიური ზემოქმედება ლარის კურსზე. მიმოქცევის სქემას თუ ჩავხედავთ, გვაქვს საიმედო პარამეტრები, სახელმწიფო საწარმოების ანგარიშებზე არსებული სადოლარე ნაშთები, რომლებიც, ბუნებრივია, თანდათანობით გამოვა ბაზარზე, არ არის იმ მოცულობის, რომ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ლარის შემდგომ დევალვაციაზე. ამავე დროს, ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის პოზიცია, მთავრობის პოზიციას რაც შეეხება, მას ამ პროცესში თავისი წილი აქვს. აი, თუნდაც ელემენტარული რამ ავიღოთ, ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონდეს ფინანსური სტაბილურობის გეგმა, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებიც ითვალისწინებს, რაც დღემდე ეროვნულ ბანკს არ გააჩნია. უფრო მეტსაც გეტყვით, მათ ფინანსური კომიტეტიც კი არ აქვთ ჩამოყალიბებული, რომელმაც უნდა შეიმუშაოს ეს გეგმა. ბუნებრივია, ასეთი ვითარება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეროვნული ბანკი არ იყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს მონეტარული პოლიტიკის დადებით კონტექსტში მისასადაგებლად. თუ საუბარია იმაზე, რომ სავალუტო რეზერვების ხარჯვა არ არის გამართლებული, მაშინ რატომ დაიხარჯა 280 მილიონი სავალუტო რეზერვებიდან? იქნებ ლარის კურსის გაუფასურების შესანელებლად და ვარდნის თავიდან ასაცილებლად, 30%-იანი დევალვაციის გასანეიტრალებლად საჭირო იყო არა 280, არამედ 350 მილიონის დახარჯვა და თუ არ იყო ამ 350 მილიონის დახარჯვა საჭირო და საერთოდ არ არის სავალუტო რეზერვების ხარჯვა მიზანშეწონილი, მაშინ საერთოდ 280 მილიონიც რატომ დაიხარჯა? ან რატომ მოხდა დაგვიანებით რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა? რატომ ხდება ჯიუტად იმის გამეორება, რომ რეფინანსირების სესხები, რომლებსაც ბანკები იღებენ, არ წარმოადგენს ფაქტორს ლარის დევალვაციის მიმართულებით. ეს ყველაფერი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ერთ-ერთ უძლიერეს ინსტიტუტს ქვეყანაში, განსაკუთრებით ეკონომიკასთან მიმართებაში, აკონტროლებს რომელიღაც პოლიტიკური ძალა, რომლის ხელმძღვანელი ფაქტობრივად აღარ გახლავთ საქართველოს მოქალაქე და ოდესის გუბერნატორია, მისი მესიჯები კი ემსახურება იმას, რომ მისი პოლიტიკური ძალა მარტივად და მოკლე დროში დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ამისთვის დესტაბილიზაციის სიტუაციაა საჭირო, რადგან მშვიდ გარემოში ნაციონალების დაბრუნება ხელისუფლებაში არარეალურია. დესტაბილიზაციის პირობებში კი ყველაფერი შესაძლებელია. ამ მიზნით ხომ არ ხდება ზეწოლა ლარზე სებ-ის მხრიდან?

– თქვენ პირველი არ ბრძანდებით, ვინც ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკი საბოტაჟის რეჟიმში მოქმედებდა, ამასთან პარლამენტს აქვს ყველა ბერკეტი, რომ აღკვეთოს ეროვნული ბანკის დესტრუქციული ქმედებები, რამ შეუშალა ხელი პარლამენტარებს და თვლით თუ არა, რომ ისინი ამით დანაშაულის თანამონაწილენი გახდნენ?

– ჩვენ ვცხოვრობთ რეალურ სამყაროში, რეალურ მსოფლიოში და რეალური ტენდენციების გავლენას განვიცდით და ბუნებრივია, როდესაც ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აშშ, აგრეთვე ევროკავშირი ჩვენ გვეუბნება, რომ რაც არ უნდა დანაშაული ჰქონდეთ ჩადენილი, ნაციონალური მოძრაობის მესვეურები პასუხისგებაში არ მისცეთ. მეორეს მხრივ, ჩვენ გვეუბნებიან, რომ თუ, დავუშვათ, შეიცვლება წამყვანი ტელეკომპანია რუსთავი2-ის მესვეური, ის ყველაფერი, რაც ამ ტელეკომპანიის მეპატრონეობასთან დაკავშირებით არის ფაქტობრივად გაუგონარი კრიმინალური ხასიათის ქმედებები დაშვებული, თუ სასამართლოს მეშვეობით იქნება შეფასებული, ეს აღქმული იქნება, როგორც შეერთებული შტატების ადმინისტრაციის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი, საქართველოს, მისი ხალხისა და ხელისუფლების მიერ. ჩვენ როდესაც გვეუბნებიან, რომ ინსტიტუციურად დამოუკიდებელი ეროვნული ბანკის გაკრიტიკება ნიშნავს მის დამოუკიდებლობაზე ზეგავლენას და მისი დამოუკიდებლობის იგნორირებას. თუ ეს ასე მოხდება, მაშინ ჩვენ სათანადო რეაქცია გვექნება და ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლება ამას ანგარიშს უწევს, ფაქტობრივად ზეწოლას ემორჩილება.

აქედან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც საუბარი არის ამა თუ იმ პიროვნების ან ინსტიტუტის მიმართ გადასადგმელ ნაბიჯებზე და დასაწყებ მოქმედებებზე, სამართლებრივ დევნაზე თუ სხვა, იძულებულები არიან, რომ ეს მიდგომები გაითვალისწინონ და ზოგჯერ ისინი არ არიან თანმიმდევრულები და ამ ქმედებებში სამართლიანები.

– ხომ არ არის ამით შეზღუდული ჩვენი ხელისუფლების სუვერენიტეტი, და სწორედ ამგვარი რჩევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე, ყალიბდება კიდეც ამ ბოლო დროს გულგრილი დამოკიდებულებები დასავლური ღირებულებებისადმი.

– ეს, რა თქმა უნდა, აისახება ქვეყნის პოლიტიკურ მდგრადობაზე, მისი ეკონომიკის წინსვლაზე, სავალუტო კურსის რეჟიმზე და ა.შ. ბუნებრივია, აქ ჩვენს მთავრობას მართებს მეტი აქტიურობა და მეტი კონტაქტი მოსახლეობასთან, ასევე მეტი აქტიურობა ჩვენს დასავლეთელ პარტნიორებთან ურთიერთობაში, რათა ის პრობლემები, რაც დღეს საქართველოს საფინანსო სისტემის წინაშე დგას, გადაიჭრას რაც შეიძლება ოპერატიულად, რომ რეგიონში და ჩვენს დასავლეთელ მეგობრებთან ურთიერთობაში ქვეყანა წავიდეს წინ და ის პროცესები მართოს გონივრულად, რომელიც ჩვენ გვაახლოებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ევროატლანტიკურ სივრცესთან, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ დავარეგულიროთ და გვქონდეს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან, ისეთებთან როგორებიცაა თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და, რაც მთავარია, რუსეთი, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 22% აქვს ოკუპირებული და ახლახანს თვით ნატოს გენერალურმა მდივანმა, სტოლტენბერგმაც კი მოგვიწოდა დიალოგისკენ მასთან, როდესაც ნაცები გაჰკივიან, რომ მხოლოდ ამერიკელების მეშვეობით უნდა ველაპარაკოთ რუსეთს. ეს იქნება მძიმე და რთული დიალოგი, იგი დიდ გამჭრიახობას, მოქნილობას და პრინციპულობას მოითხოვს მისი მონაწილეებისგან საქართველოს მხრიდან. ასეა, ლარი პოლიტიკურ ფაქტორებზეცაა მიბმული.

ესაუბრა შოთა ჩრდილელი

 

[wpolling id=”4″ width=”” height=””]