2015 წლის აგვისტოში 2014 წლის აგვისტოსთან შედარებით ინფლაციის დონემ 5,4 პროცენტი შეადგინა

2015 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 1,0 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ფასები გაიზარდა 2,0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,58 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფზე ფასების ზრდა მეტწილად განპირობებული იყო რძე, ყველსა და კვერცხზე ფასების 9,4-პროცენტიანი მატებით, ასევე ხილსა და ყურძენზე ფასების ზრდით (8,6 პროცენტი). საანგარიშო პერიოდში ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-0,7 პროცენტი); საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა 4,4 პროცენტით, რამაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,33 პროცენტული პუნქტის ტოლი წვლილი შეიტანა. ჯგუფში ფასების დინამიკა ძირითადად განაპირობა ელექტროენერგიაზე ფასების 11,4 პროცენტით ზრდამ.

2015 წლის აგვისტოში 2014 წლის აგვისტოსთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 5,4 პროცენტი შეადგინა.  წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 6,3 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,86 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (48,3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (14,9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (3,6 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (12,0 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა – ფასები გაიზარდა 9,1 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,88 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები ძირითადად გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (24,2 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13,1-პროცენტიანი ზრდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,68 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (13,4 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (11,8 პროცენტი); ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – ჯგუფზე ფასები 9,3 პროცენტით გაიზარდა, რამაც 0,61 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა წლიურ ინდექსზე.

Bpn.ge

[wpolling id=”4″ width=”” height=””]