გიორგი კვირიკაშვილი – ეროვნული ბანკისა და მისი პრეზიდენტის წვლილი ლარის გაუფასურებაში მინიმალურია

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „არტარეას“ ეთერში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე – მიეკუთვნება თუ არა მინისტრი ხელისუფლების წარმომადგენელთა იმ კატეგორიას, რომლებიც ეროვნულ ბანკსა და მის პრეზიდენტს ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესში ადანაშაულებენ და მის ქმედებას სპეკულაციურ უწოდებენ, კვირიკაშვილმა უპასუხა:

“ვიცი, რომ ჩემი გადაწყვეტილება შეიძლება ვინმეს მოეწონოს ან არ მოეწონოს, მაგრამ ვიტყოდი, რომ ეროვნული ბანკის როლი ამ სიტუაციაში შეიძლება იყოს მინიმალური. ადრეც განვაცხადე და ახლაც ვიტყვი, რომ იყო მომენტები, როდესაც ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკი უნდა ჩარეულიყო, რათა ემოციური ნახტომები ამ კურსის მოძრაობაში მოეხსნა, საბოლოო ჯამში ეს ემოციურ კომპონენტს მოხსნიდა იმ მომენტში, მაგრამ გაუფასურების დონეს ვერ შეცვლიდა”

– განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ლარის 35%–იანი დევალვაცია არ არის გამოწვეული მთავრობის უმოქმედობით ან არასწორი ნაბიჯებით

„ჩვენ თუ შევხედავთ ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების დევალვაციას, აბსოლუტურად იგივე დონის დევლავაციასთან გვაქვს საქმე, უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში გამომდინარე ჩვენი სავაჭრო ბალანსიდან ამა თუ იმ ქვეყანასთან, გვაქვს უფრო მეტი ან უფრო ნაკლები დევალვაცია და ეს ყველაფერი მათემატიკურ კანონზომიერებებს ემორჩილება. ამ კანონზომიერებიდან ამოვარდნილი რომ იყოს ჩვენი ვალუტა დღეს მაშინ შეიძლებოდა გვეთქვა, რომ შიდა ეკონომიკურ გადაწყვეტილებასთან არის დაკავშირებული“

– განაცხადა კვირიკაშვილმა.