სავალუტო რყევის მიზეზები და ქართული საბანკო სისტემა

სავალუტო რყევის კიდევ ერთი ტალღა წინა კვირის დასაწყისში აღინიშნა. საინტერესოა, როგორ ხდება არსებული სიტუაციის შეფასება საბანკო სექტორის მიერ და რამდენად მდგრადია ქართული საბანკო სისტემა. “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ რისკების მართვის დარგში, გიორგი თხელიძემ არსებული სიტუაცია გააანალიზა.

– ბატონო გიორგი, როგორ შეაფასებდით საქართველოში არსებულ სავალუტო კრიზისს. როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორებმა განაპირობა ბოლო დროს სავალუტო კურსის რყევები?

– სავალუტო რყევა, როგორც გვახსოვს, 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. თუ დინამიკას შევხედავთ, გასულ წელს – ოქტომბრის ჩათვლით, ლარი საკმაოდ მყარი იყო მაშინ, როცა ჩვენი მეზობლებისა და სავაჭრო პარტნიორების ვალუტის კურსმა მერყეობა აგვისტოს თვიდან დაიწყო. მათი ვალუტა გაუფასურდა, ჩვენმა ვალუტამ კი იმავე პერიოდში სიმყარე არა მხოლოდ დოლართან, არამედ ამ ქვეყნების ვალუტებთან მიმართებითაც შეინარჩუნა. თუმცა ამას გარკვეული ნეგატივიც ახლდა – ჩვენი ექსპორტი შედარებით ნაკლებად კონკურენტუნარიანი გახდა – მათ უფრო უძვირდებოდათ საქართველოდან ექსპორტის შეტანა. ნოემბრიდან დოლარმა ერთი მხრივ, მკვეთრი გამყარება დაიწყო, მეორე მხრივ კი რეგიონში მეტი მერყეობა დაიწყო და ეს ლარზეც აისახა. რაც შეეხება შიდა და გარე ფაქტორებს, მთავარი ფაქტორი არის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ასევე მნიშვნელოვანია ბიუჯეტის ხარჯვა, რაც, როგორც ხდება ხოლმე, ბოლო თვეებზე იყო ფოკუსირებული. 2014 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუარესებამ ზეწოლა მოახდინა ლარზე და დევალვაციის გამომწვევი პირველი ფაქტორი სწორედ ეს იყო. საბიუჯეტო დანახარჯებთან ერთად უნდა დავაკვირდეთ ტურიზმის ნეგატიურ დინამიკას და ტურისტული შემოდინებების ზრდას, რაც გარკვეულწილად ვიზებთან დაკავშირებული ბიუროკრატიული შეზღდუვებს უკავშირდებოდა. არის იმპორტ-ექსპორტის ბალანსი. ნოემბრის თვემდე უკვე შემცირებული იყო საქართველოს ექსპორტი განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებში, სადაც ადგილობრივი ვალუტები გაუფასურდა. ამან განაპირობა მიმდინარე ანგარიშის დისბალანსი და ზეწოლა მოახდინა კურსზე.

რა თქმა უნდა, ვერ ავცდებით იმას, რომ დოლარი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ზოგადად გამყარდა რეგიონში. ამ შემთხვევაში ლარი არ იყო გამონაკლისი, პირიქით, მისი დევალვაცია სხვა რეგიონალურ ვალუტებთან შედარებით გაცილებით დაბალი იყო. სამწუხაროდ, მიმდინარე წლის ივლისში დაემატა დამატებითი გარე ფაქტორები – გარდა იმისა, რომ დოლარის გამყარება გაგრძელდა, საბერძნეთში იყო მნიშვნელოვანი კრიზისი, რამაც საქართველოში კიდევ ერთხელ შეამცირა უცხოური ვალუტის შემოდინებები. თუმცაღა ბოლო პერიოდის გაუფასურებაში საგარეო ფაქტორების როლი მინიმალურია, ვფიქრობ აქ მთავარი როლი კურსთან დაკავშირებულ ნეგატიურ მოლოდინებს უჭირავს.

– თუ გასული კვირის დასაწყისში მსოფლიოს საფონდო ბირჟებისა და სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის ჩვენი მეზობელი ქვეყნების ვალუტების მკვეთ ვარდნას, ასევე ლარის გაუფასურებას გავითვალისწინებთ, რა მოლოდინები უნდა გვქონდეს მომავალში?

– აქაც მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ძირითად შიდა და გარე ფაქტორებს, რა დინამიკა იქნება მომდევნო თვეების განმავლობაში. თუ შევხედავთ მსოფლიოში მიმდინარე დინამიკას, რა თქმა უნდა სიტუაცია დამძიმდა, რისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის დიდი განვითარებადი ქვეყნების – ჩინეთის და რუსეთის ნეგატიური მაკროტრენდი, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ სექტემბერში საპროცენტო განაკვეთის აწევის მოლოდინები. უნდა გავითვალისწინოთ შექმნილი ვითარება ჩვენს ახლო მეზობელ ქვეყნებში ვისთანაც აქტიური სავაჭრო და ეკონომიკურ-პოლიტიკური დამოკიდებულება გვაქვს. სამწუხაროდ, ნეგატიური ტრენდი შეინიშნება ყაზახეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ექსპორტ-იმპორტის ჯანმრთელი დინამიკა, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე ნეგატიური გავლენა არ იქონიოს. საბიუჯეტო ხარჯებს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა,

აუცილებელია, რომ საბიუჯეტო ხარჯების დისციპლინური მართვა და მათი წლის ბოლომდე თანაბრად გადანაწილება, ასევე მაქსიმალურად შეიკვეცოს მიმდინარე დანახარჯები და ძირითადი ორიენტაცია ქვეყანაში სამუშაოსა და ინფრასტრუქტურის შექმნაზე გაკეთდეს.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასევე ინვესტიციებისა და გარე თანხების შემოდინება – მეტი შემოდინება ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის სტაბილურობას.

– როგორ შეგვიძლია შევადაროთ რეგიონის სხვა ქვეყნების საბანკო სექტორი საქართველოს საბანკო სექტორის. რა სხვაობებია რეგულაციების, სტრუქტურული და სიმყარის თვალსაზრისით?

– 5 წლის განმავლობაში ქართულ საბანკო სისტემას ბრიტანეთიდან ვაკვირდებოდი, როდესაც საინვესტიციო ბანკ ბარკლისში (Bარცლაყს) აღმოსავლეთ ევროპის ფინანსურ სექტორზე ვიყავი ფოკუსირებული. რეგიონის საბანკო სისტემის შეფასებისას, ქართული საბანკო გარემო, ბევრ ასპექტებში ლიდერი იყო. ბევრი პოზიტიური პარამეტრი შემიძლია გამოვყო: საქართველო ისევე, როგორც ბევრი სხვა განვითრებადი ქვეყანა, არის მზარდი დინამიკის. საბანკო სექტორი იზრდება სწრაფად და მიუხედავად ამისა, საბანკო სექტორის მოცვის დონე არ არის იმხელა, რომ ეს ზრდის პერსპექტივა იყოს შენელებული.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს საბანკო სექტორი წლების განმავლობაში პოზიტიურად გამოირჩევა, – არის კონსერვატიულად რეგულირებული, სტაბილური და ამავე დროს ძალიან გამჭვირვალე.

მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან პრობლემური სესხების მაჩვენებელი არის მნიშვნელოვნად დაბალი და ხშირად რამდენჯერმე უფრო ნაკლებია თუ შევადარებთ რუმინეთს, უნგრეთს, აზერბაიჯანს, უკრაინას. საქართველო საბანკო პორტფელი ხარისხით უფრო ედრება თურქეთისა და პოლონეთის საბანკო სექტორების მაჩვენებლებს. ამავე დროს ქართულ საბანკო სექტორს აქვს ძალიან მაღალი კაპიტალიზაციის დონე, ანუ ნებისმიერი რყევის შემთხვევაში, მათ შორის როგორიც ახლა გვაქვს, ბანკებს აქვთ აკუმულირებული კაპიტალი, რომ გაუმკლავდნენ დაგეგმილზე მაღალ ზარალს. რეგიონთან შედარებისას უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ “თიბისი ბანკმა”, ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსება, IPO რეგიონალური კრიზისის შუაგულში მოიპოვა, როცა ახალი გაჩაღებული იყო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი. იმ გამოცდილებამ, რომ გასული წლების განმავლობაში საქართველოში საბანკო სისტემაში სერიოზული რყევები არ ყოფილა, მათ შორის რთული პერიოდების დროსაც არ დაფიქსირებულა დეპოზიტების გადინება, არ გამხდარა საჭირო ბანკის ნაციონალიზაცია, საბანკო სექტორის სიჯანსაღემ, განაპირობა ის, რომ დასავლეთ ევროპასა და აშშ-ს 100ზე მეტმა ინვესტორმა 240 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა “თიბისი ბანკში”. ვფიქრობ, იმ რყევებს, რომლებიც ხდება ნებისმიერ ეკონომიკაში პერიოდულობით, საქართველოს საბანკო სექტორის სიძლიერე კარგად პასუხობს, რომელიც ახლაც მყარად დგას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიტუაციაში სწორ ნავიგაციას შევძლებთ.

– ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოში მაღალი საპროცენტო განაკვეთებია. რამდენად რეალური ეს მოსაზრება და როგორი სურათია ამ მხრივ რეგიონთან შედარებით?

– როდესაც ვსაუბრობთ საპროცენტო ხარჯზე, ყოველთვის არის რაღაცაზე უფრო ნაკლები ხარჯი ან მოლოდინი მომხმარებლის მხრიდან, რომ უფრო უკეთესი პირობები მიიღოს. ორი პოზიტივი უნდა გამოვყოთ საქართველოში –

2014 წლის გაზაფხულზე KPMG-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს აქვს რეგიონის ქვეყნებთან შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთი.

რეგიონებში ვგულისხმობ აზერბაიჯანს, ყაზახეთს, სერბეთს. ამ მხრივ, უფრო ახლოს ვართ პოლონეთთან, რომელიც ერთადერთი ეკონომიკაა ევროპაში, ვინც 2008 წლის რეცესიის დროს გაიზარდა. მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია – განვითარებასთან ერთად საპროცენტო განაკვეთების დინამიკა უნდა იყოს შემცირებისკენ.

წლების განმავლობაში საქართველოში საპროცენტო განაკვეთები მცირდება და ეს არის ძალიან ხელშესახები შემცირება.

მაგრამ ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ რესურსი იყოს რაც შეიძლება უფრო ხელმისაწვდომი, იაფი, რომ საპროცენტო განაკვეთებში გაგრძელდეს პოზიტიური დინამიკა

– მომხმარებელს შორის ასევე არის მოსაზრება, რომ ბანკები ზედმეტად ფრთხილად უდგებიან ბიზნესის დაკრედიტირებას, რაც ხელს უშლის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და თუ ასეა, რატომ ფრთხილობს საბანკო სექტორი?

– ვფიქრობ, კარგია როდესაც ბანკები დაკვირვებით მიუდგებიან დაკრედიტირებას – იქნება ეს კარგი თუ ცუდი მაკროგარემო. სხვათა შორის, კარგ სიტუაციაში ხშირად უფრო მეტი სიფრთხილეა ხოლმე საჭირო, რადგან მეტი პოზიტივის დროს, ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რამაც შეიძლება შემდგომ პრობლემები შექმნას.

სესხის გაცემა და აღება არის ორმხრივი ვალდებულება როგორც კლიენტის, ისე ბანკის მხრიდან. თავის მხრივ, კლიენტი ვალდებულია, შეაფასოს რისი შესაძლებლობა აქვს, რამდენად შეძლებს ამ სესხის გადახდას. ბანკი კი კარგად უნდა ფიქრობდეს – გააკეთოს ანალიზი და სწორი რჩევა მისცეს კლიენტს, რამდენად ადეკვატურია მის მიერ მოთხოვნილი სესხი.

სესხის გაპრობლემება არა ნაკლებ პრობლემატურია ბანკისთვის, რადგან ეს იწვევს ფინანსურ შედეგს, ცუდ სტატისტიკას, რაც შესაბამისად საპროცენტო განაკვეთის გაძვირებაზე და დაკრედიტების შეზღუდვაზეა აისახება.

– რა საფრთხეები და წინააღმდეგობები არსებობს, რომელიც შესაძლოა აფერხებდეს საქართველოს საბანკო სექტორის განვითარებას?

– კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში როგორც ეკონომიკის, ისე საბანკო სექტორის განვითარება მნიშვნელოვნად არის გარე ფაქტორებზე დამოკიდებული. თუ მეზობლები და ჩვენი პარტნიორები იქნებიან ძლიერი, უფრო მეტი ინვესტიციები შემოვა, მეტი ტურისტი გვეყოლება და მეტი სავაჭრო ბრუნვა გვექნება. მეორე მხრივ, არის შიდა ფაქტორები – იმ სიძლიერის შენარჩუნება, რაც საბანკო სექტორის სტაბილურობაში, სიმყარესა და ხარისხში გამოიხატება. ეს ორ ფაქტორზეა დამოკიდებული – საბანკო სისტემაში მომუშავე ადამიანებისა და ბანკების პროფესიონალიზმზე და იმ ძლიერი რეგულაციის შენარჩუნებაზე, რაც წლების განმავლობაში საქართველოში არსებობდა. უმნიშვნელოვანესია, რომ საბანკო სექტორის რეგულირება იყოს დამოუკიდებელი და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი. ვფიქრობ, ამ ორ ფაქტორზე დაყრდნობით საბანკო სექტორი შეძლებს სწორ ნავიგაციას, ცვლილებებზე მორგებასა და ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთი განმსაზღვრელ ინსტიტუტად და დარგად დარჩენას.

ელენე ციგრიაშივილი

[wpolling id=”4″ width=”” height=””]