“აფბა”: სახელმწიფომ აზარტული თამაშების შეზღუდვის აუცილებლობა აღიარა

სახელმწიფომ აზარტული თამაშების რეგულაციის აუცილებლობა აღიარა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების შეფასებისას “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ აცხადებს. როგორც ორგანიზაციაში „კომერსანტს“ განუცხადეს, თავდაცვის სამინისტრომ საკუთარი თანამშრომლებისთვის აზარტული თამაშების აკრძალვით აღიარა, რომ ეს თამაშები ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობას და სოციალურ მდგომარეობას აუარესებს და ზოგ შემთხვევაში ისეთ მძიმე შედეგებს იწვევს, როგორიც თვითმკვლელობაა.

შესაბამისად, როგორც „აფბაში“ ამბობენ, ქვეყანაში აზარტული თამაშების შეზღუდვა უნდა მოხდეს. კერძოდ, სრულიად აიკრძალოს ონლაინთამაშები და შეიზღუდოს სლოტკლუბების განთავსება ცენტრალურ, ანუ მოსახლეობისთვის ყველაზე ხელმისაწვდომ ტერიტორიებზე.

„ონლაინთამაშების გამო ქვეყანაში ტურისტი არ შემოდის, გარდა ამისა, ეს დაწესებულებები არც ბიუჯეტში იხდიან გადასახადებს, შესაბამისად, ამ საქმიანობას ბიუჯეტისა და ეკონომიკისთვის არანაირი დადებითი ეფექტი არ მოაქვს. რაც შეეხება კაზინოებს, მათში მაღალშემოსავლიანი მომხმარებელი დადის და, მათ მიერ ბიუჯეტში შეტანილი გადასახადებიდან გამომდინარე, ამ საქმიანობის აკრძალვას აუცილებლობად არ მივიჩნევთ. რაც შეეხება სლოტკლუბებს, კარგი იქნება, თუ მათი განთავსება ცენტრალურ ადგილებში აიკრძალება, რათა მასობრივად არ იყოს ხელმისაწვდომი გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ დაწესებულებებში შედარებით დაბალი შემოსავლების მომხმარებელი დადის,“– აცხადებენ ორგანიზაციაში.

თავდაცვის სამინისტრომ რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმად აზარტული თამაშებისთვის უწყების თანამშრომლები სამხედრო სამსახურიდან სამუდამოდ გათავისუფლდებიან.

1 სექტემბერს ნორიოს სასწავლო ცენტრის მახლობლად საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადის რიგითმა საშტატო იარაღით თავი მოიკლა. მანამდე კი, ივნისში, იგივე ბრიგადის ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს კრწანისის სასწავლო ცენტრის ახლოს მდებარე მიტოვებულ შენობაში.

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, სამხედრო პირების თვითმკვლელობის მიზეზი ვალები ხდება, მათ შორის, აზარტული თამაშებით არიან დაკავებული და ამის გამო სიცოცხლეს ამთავრებენ თვითმკვლელობით.

ხიდაშელმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს ყველა თანამშრომელი, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პირები, აზარტულ თამაშებში მონაწილეობის ფაქტის გამოვლენის „პირველსავე შემთხვევაში შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლდებიან“.

თუმცა პრობლემა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს არ ეხება და სამორინეებით სარგებლობა ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი რჩება.

არის თუ არა თავდაცვის სამინისტროს მიერ დაშვებული პრეცედენტი იმის დადასტურება, რომ აზარტული თამაშები რისკის შემცველია და მათი შეზღუდვა ან საერთოდ აკრძალვაა საჭირო, როგორც ამას საზოგადოებისა და არასამთავრობო საზოგადოების ნაწილი მოითხოვს?

წინა წლებში საქართველოს პარლამენტმა ქვეყანაში აზარტული თამაშების და მათი რეკლამირების აკრძალვასა და შეზღუდვაზე არაერთხელ იმსჯელა. თუმცა ამ საკითხის განხილვა ამ ეტაპზე შეწყვეტილია.

შეზღუდვების შემოღების ინიციატივის ავტორი კობა დავითაშვილი მაშინ აცხადებდა, რომ საზოგადოების ნაწილს აზარტული თამაშების, ისევე როგორც ნარკოტიკების მიმართ, ავადმყოფური დამოკიდებულება უვითარდება.

დავითაშვილის ინიციატივის ჩავარდნის შემდეგ, აზარტული თამაშების მხოლოდ ინტერნეტში აკრძალვის ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოს შს მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, ლევან იზორიამაც მიმართა, თუმცა გაგრძელება არც მის ინიციატივას მოყოლია.

სათამაშო ბიზნესის რეგულირების გამკაცრებას უკვე რამდენიმე წელია უშედეგოდ ითხოვს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაც.

წყარო: commersant.ge