რატომ ფერხდება ინვესტიციები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში

საინვესტიციო უსაფრთხოების საკითხებს საქართველოში თითქმის არასდროს არ ექცეოდა სათანადო ყურადღება. შედეგი სახეზეა, – ხან ქსეროქსების კომპანიაზე რამდენჯერმე გაყიდული “ჭიათურმანგანუმი”, ხანაც ოფშორებში რეგისტრირებული რუსული კაპიტალის ე.წ. ცრუმაგიერ ფირმებზე პრივატიზებული მადნეულის კომბინატი  და საეჭვო რეპუტაციის თურქ ბიზნესმენზე პრივატიზებული “ფერო”. შედეგი – ქვეყნის შელახული საინვესტიციო იმიჯი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების შემცირება… ამას ემატება ქვეყანაში სპეციალური ეკონომიკური ზონების არსებობა, რომელთა საქმიანობა აბსოლუტურ გახსნილობაზეა დამყარებული.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების პრობლემები

საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების საკითხზე ერთმნიშვნელოვანი პოზიცია არ არსებობს. ერთის მხრივ, ქვეყანაში ეკონომიკური და საგადასახადო გარემო საკმაოდ ლიბერალურია. ამდენად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისთვის დამახასიათებელმა დამატებითმა შეღავათებმა ინვესტორებს დამატებითი სტიმულები უნდა შეუქმნას. მეორეს მხრივ, დღეს მოქმედმა ფოთისა და ქუთაისის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონებმა ასეთი სტიმულების შექმნა ვერ შესძლეს. თუმცა, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მმართველმა კომპანიამ RAKIA Georgia-მ კონფიდენციალურ პირობებში დაიწყო ზონის მართვის მოდელის ცვლილებაზე მუშაობა, ხოლო 2015 წლის გაზაფხულზე ქუთაისთან ჩინელების მიერ ახალი – “ჰუალინგის” თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა დაიწყო. ამავე დროს, ზონების არსებობის ეჭვქვეშ დაყენება, როგორც ამას ზოგიერთი ექსპერტი ცდილობს, არ მიგვაჩნია სწორად. პირიქით, მათი ეფექტიანობის გაზრდა სავსებით შესაძლებელია საქართველოს მთავრობის ინსტიტუციური და საკანონმდებლო ხელშეწყობით.

ეკონომიკის სფეროს ექსპერტების მიერ დადგენილია, რომ საქართველოსთვის იდეალურია ყველა სახის ინვესტიცია, მაგრამ მათ შორის პრიორიტეტული უნდა იყოს ე.წ. “კუმულატიური ეკონომიკის” დამახასიათებელი მაღალტექნოლოგიური, ცოდნაზე დამყარებული ტელესაკომუნიკაციო დარგების განვითარება. კერძოდ, Dრეამ Lისტ-ში უნდა იყვნენ ისეთი ექსპორტზე ორიენტიებული სტრუქტურები, როგორებიცაა: Apple, Henkel, Tesla, HP, Google, Facebook, Intel, სხვადასხვა სახის ვენჩურული კომპანიები და ა.შ. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოში დღეს არსებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონების (თიზ) უმრავლესობა შეიქმნა სწორედ ექსპორტის ხელშეწყობისთვის (Export Processing Dones).

რეკომენდაციები

ზემოთქმულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს საქართველოს კანონში “თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ”. კერძოდ, უნდა შეიცვალოს:

“მუხლი 3. პუნქტი 3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განსაზღვრული ვადით გამოიყოფა ეკონომიკური საქმიანობისათვის და მის ფარგლებში პირები ექვემდებარებიან სპეციალურ ეკონომიკურ და სამართლებრივ რეჟიმს, რომელიც დადგენილია ამ კანონით”.

საჭიროა დაზუსტდეს, რომ “…ინდუსტრიული ზონა განსაზღვრული ვადით, მაგრამ არანაკლებ 5 წლით, გამოიყოფა…”. ინვესტორმა უნდა იცოდეს, რომ იმ დროს მოქმედი პარლამენტის მაქსიმალური ვადის – 4 წლის განმავლობაში, რაიმე ცვლილება მოსალოდნელი არ არის და მთავრობა არ გააუქმებს ზონას სახელმწიფო ვალის, პენსიების ან სხვა რაიმე ვალდებულებების წარმოქმნის შემთხვევაში.

ასევე, საჭიროა აღნიშნული კანონის მე–9 მუხლს დაემატოს პუნქტი აქციზური საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან ზონაში შეტანისას აქციზის გადასახადიდან საბანკო გარანტიის ქვეშ გათავისუფლების შესახებ, როგორც ეს მსოფლიოში მოქმედი ზონების უმრავლესობაშია.

საქმე ისაა, რომ წელს ადგილობრივ მწარმოებლებს სერიოზული პრობლემა შეექმნათ თამბაქოს ნაწარმზე, ლუდზე და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთების გაზრდის გამო. ასევე, მართალია 2012 წლიდან იმპორტული და ადგილობრივი საკონიაკე სპირტი აქციზის გადასახადით იმ შემთხვევაში აღარ იბეგრება, თუ მწარმოებლი სპირტს აქციზური ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიას აწვდის, მაგრამ 2015 წლის დასაწყისიდან აქციზის განაკვეთი გაორმაგდა მზა ალკოჰოლზე. ანუ სპირტზე აქციზის მოხსნით 2012 წელს მიღებული შეღავათი, 2015 წლის 1 იანვრიდან, მზა პროდუქციის დაბეგვრის “ტვირთით დამძიმდა”.

ინდუსტრიულ ზონაში აქციზის შეღავათით, აქ მომავალში აგებული კონიაკის ქარხნები მიიღებენ უაქციზო სპირტს, რომლითაც აწარმოებენ იაფ კონიაკს. ამით ისარგებლებენ არა მარტო ადგილობრივი, არამედ ჩრდილოეთკავკასიელი, სომეხი და აზერბაიჯანელი კონიაკის სპირტის მწარმოებლებიც.

ეს შეღავათი განსაკუთრებით წაადგება ქუთაისის თიზ-ში მშენებარე ქართულ-ეგვიპტური FReSH-GEORGIA LTD-ის ყურძნის გადამამუშავებელ ქარხანას. ამ ინვესტორებმა უკვე 30 ჰექტარი ვენახი შეიძინეს კახეთში და არ გამორიცხავენ კონიაკის ჩამოსხმას.

იგივე შეიძლება ითქვას ლუდზეც. მაგალითად, კანონის “თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ” მე–9 მუხლით  თიზ-ში, ლუდის ჩამომსხმელი ქარხნის აგების შემთხვევაში, მართალია მას ეხსნება ნედლეულის (რომელიც ქართულ ლუდსახარშებში თითქმის მთლიანად იმპორტულია) იმპორტის გადასახადი და იმპორტის დღგ, მაგრამ მისი პროდუქცია ა/წლის 1 მარტიდან გაზრდილი აქციზით იბეგრება, რაც ამცირებს მის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზრებზე.

ამრიგად, თიზ-ში შეტანილ აქციზურ პროდუქციაზე აქციზის გაუქმებით იქ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციის – კონიაკისა და ლუდის ჩამომსხმელი ქარხნები განლაგდებიან, რაც ამ ზონებში ბიზნესს “გამოაცოცხლებს”.

გადასახედია ასევე ზემოაღნიშნული კანონის მუხლი 7. პუნქტი  4, რომლითაც  “…თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დაუშვებელია შენობის საცხოვრებლად გამოყენება.” მსოფლიოში არსებულ წარმატებულ ზონებში, მაგალითად, ემირატების “ჯაბელ ალიში” (ჟაფზა) ინვესტორს შეუძლია აირჩიოს ზონაში არსებული 9 ათასამდე სასტუმრო ნომრიდან ერთ-ერთი. ანალოგიურადაა მდგომარეობა ჩინეთის ზონებშიც. ამიტომ, ჩვენს ზონებში ცხოვრების აკრძალვა არ მიგვჩნია სწორად.

საჭიროა, რომ თიზ-ების საქმიანობა ევროკავშირი–საქართველოს DCFTA–ის განხორციელებას დაექვემდებაროს. ამ მიზნით საჭიროა:

პირველ რიგში, საქართველო-ევროკავშირის სავიზო ლიბერალიზაციამდე ამ ზონებში გაუქმდეს ევროკავშირთან სავიზო აკრძალვები და შრომითი მიგრაციის შეზღუდვა. ეს გამორიცხავს თიზ-ში ყოველგვარი ნახევრადლეგალური საქმიანობის შესაძლებლობას;

მეორე, ზონაში არ უნდა გავრცელდეს საქართველოს კანონით “ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ” დაწესებული ისეთი შეზღუდვები, როგორებიცაა:

  1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა.
  2. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა.
  3. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა. (22.02.2011. N4214 ამოქმედდეს 2011 წლის 1 ნოემბრიდან.)
  4. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა. (22.02.2011. N4214 ამოქმედდეს 2011 წლის 1 ნოემბრიდან.)
  5. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი.
  6. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა.
  7. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა.
  8. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
  9. სტაციონარული დაწესებულების ნებართვა.

სასურველია, უახლოეს მომავალში ამ ტიპის საქმიანობებზე საქართველოს თიზ-ებში მოხდეს ევროკავშირის სტანდარტების და ტექნიკური პირობების გამოყენება.

მესამე, ზონაში არსებულ სამეურნეო სუბიეტებს შორის სადავო საკითხები უნდა გადაწყდეს ევროპის სამართლებრივი ნორმების საფუძველზე.

ზემოაღნიშნული ცვლილებების შემდეგ უნდა შეიქმნას “2020 წლამდე საქართველოში თავისუფალი (სპეციალური) ეკონომიკური ზონების და ინვესტირების სპეციალური რეჟიმის მქონე ტერიტორიების განვითარების პროგრამა”.

ზემოაღნიშნული ღონისძიებების შედეგად საქართველოში წარმოიქმნება რეგიონები, რომლებშიც: 1) კაპიტალს დააბანდებენ აზიის ქვეყნების ბიზნესმენები, რომლებიც ევროკავშირში გაიტანენ აქ აწყობილ პროდუქციას Made in Georgia–ს სერტიფიკატით; 2) საქართველო საშუალოვადიან პერსპექტივაში გახდება ევროპის კომპანიებისათვის ე.წ. “აუთსოურსინგით”, ანუ იაფი მუშახელით და სხვა რესურსებით ზონებში იაფი საქონლის წარმოების ადგილი; 3) სპეციალურმა და სავაჭრო ზონებმა ხელი უნდა შეუწყონ ინვესტიციების მოზიდვას საქართველოსთვის სტრატეგიულ, – ინფრასტრუქტურულ სექტორში.

რეგიონული გამოცდილება

ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი მსხვილი გეოპოლიტიკური აქტორის – ირანის გამოცდილება. სწორედ ამ ზონების დამსახურებაა ის, რომ 1992-დან 2009 წლამდე, ირანში განხორციელებულ 485 მსხვილ პროექტში მოზიდული იქნა 34.6 მლრდ დოლარი. ამ მაჩვენებლით 2010 წლისათვის, ეს ქვეყანა მსოფლიოში მეექვსე იყო.

ირანში ეკონომიკური ზონები საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებენ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან. მათგან ყველაზე წარმატებულია 6 თავისუფალი ვაჭრობისა (ანზალი, ჩაბაჰარი, კიში, არვანდი, არაზი, ქეშმი, მაკუ) და 16 სპეციალური ეკონომიკური ზონა (ბუშერი, სარახსი, ლორესტანი და ა.შ.). დასავლეთის სანქციების მიუხედავად, მათში დასავლური კომპანიები ძირითადად ენერგეტიკულ პროექტებს ახორციელებენ. საერთაშორისო კომპანიებს ამ ზონებში იზიდავს ისეთი უპირატესობები, როგორებიცაა:

– 20 წლიანი საგადასახადო შეღავათები (2014 წლამდე ეს შეღავათები მხოლოდ 15 წელზე ვრცელდებოდა);

–  ზონაში შესასვლელად არაა საჭირო არანაირი ვიზის აღება;

– შესაძლებელია პროდუქციის 100%-იანი უცხოური საკუთრება (ირანის დანარჩენ ტერიტორიაზე უცხოური კაპიტალით წარმოებული არ უნდა იყოს პროდუქციის 25% რომელიმე სექტორში ან 35% რომელიმე დარგში);

– მოქნილი დასაქმების რეგულაციები;

– მოქნილი საფინანსო-საბანკო სერვისები;

– ვრცელი საგარანტიო სამართლებრივი და დაცვის პაკეტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე, საინტერესოა ა/წლის 20 აგვისტოს აზერბაიჯანულ “ტრენდის” საგენტოსთვის ირანის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მინისტრის, ორი ქვეყნის სამთავრობათაშორისო კომისიის თანათავმჯდომარის, მაჰმუდ ვაეზის ინტერვიუ. მან მიუთითა, რომ ირანი ითანამშრომლებს აზერბაიჯანთან ევროპაში “სამხრეთის გაზის დერეფნით” აირის ტრანსპორტირებაში. ცნობილია, რომ “შაჰ-დენიზის” გაზის დადასტურებული რეზერვები 1.2 ტრლნ კუბმეტრია და მისი ნაწილი არა მარტო აზიაში, არამედ ევროპაში რუსეთის ალტერნატიული გზით ექსპორტისათვისაა გამიზნული. ვაეზიმ ხაზი გაუსვა, რომ ირანის მთავრობის აზრით, აზერბაიჯანის გავლით “დერეფნით” ევროპაში ირანული გაზიც შეიძლება გაიგზავნოს. მინისტრის ინფორმაციით, ასეთი თანამშრომლობა ორივე ქვეყნის ინტერესებშია.

ასეთი თანამშრომლობის კარგი მაგალითი, მინისტრის აზრით “სვოპის” კონტრაქტია, რომლითაც აზერბაიჯანის ნახჭევანის ავტონომია ირანულ გაზს იღებს.

პერსპექტივა

სულ მალე, 2014 წლის 20 სექტემბრის კონტრაქტით, “დერეფნის” შემადგენელი საქართველოზე გამავალი “სამხრეთკავკასიური”, თურქეთში მშენებარე “ტრანსანატოლიური” და საბერძნეთში დაპროექტებული “ტრანსადრიატიკული გაზსადენებით”, გათვალსიწინებულია წლიურად 16 მლრდ კუბმეტრი გაზის “შაჰ-დენიზი 2”-ს გაზის (10 მლრდ ევროკავშირისთვის, 6 მლრდ კუბმეტრი – თურქეთისთვის) ტრანზიტი, რასაც ყოველწლიურად ემატება “შაჰ-დენიზი 1”-ის 4-5 მლრდ კუბმეტრამდე გაზი.

თუ ანტი-ირანული სანქციების მოხსნის შემდეგ, აირის ზემოაღნიშნულ რაოდენობას დაემატება ირანული ბუნებრივი აირი, შესაძლოა “სამხრეთკავკასიური” გაზსადენის წარმადობა (მაქსიმალური საპასპორტო სიმძლავრე – 25 მლრდ კუბმეტრია) საკმარისი აღარ აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ  კვლავ დაისვას ბუნებრივი აირის საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე დეგაზაციის (გათხევადების) და რუმინეთისა და უკრაინის რეგაზაციის ტერმინალებში ტანკერებით რეექსპორტის პროექტი. ე.ი. ამ ახალ პროექტს ექნება ე.წ. აგრის (აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთი-უნგრეთი) თხევადი გაზის პროექტის ახალი ფორმით “რეინკარნაციის” შანსი. მაშასადამე, თუ ირანული გაზის ტრანსპოტირება აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით გადაწყდება, მაშინ სასურველი იქნება დეგაზაციის ტერმინალის შავი ზღვის სპეციალურ ინდუსტრიულ ზონაში შექმნა.

ზურაბ გარაყანიძე – ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი