წელიწადის ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა ქართულ ბიზნესში
ონლაინ-თამაშების წამყვანმა შვედურმა ოპერატორმა, ბეთსონ ჯგუფმა, ევროპა-ბეთი შეიძინა
ონლაინ-თამაშების წამყვანმა შვედურმა ოპერატორმა, ბეთსონ ჯგუფმა, ევროპა-ბეთი შეიძინა. გარიგება, რომლის ღირებულებაც 85 მილიონ დოლარამდე იქნება, წელიწადის ერთ-ერთი უმსხვილესი მოვლენაა ქართულ ბიზნესში. ბეთსონ ჯგუფს წარმატებული ბიზნესი ევროპის მრავალ ქვეყანაში აქვს. ქართველ მომხმარებლებს კომპანია ევროპა-ბეთის ტრადიციების შენარჩუნებას და, ამავდროულად, მსოფლიო კლასის სიახლეების შემოტანას ჰპირდება.
“ბანკები და ფინანსები” ესაუბრა ბეთსონ მალტის მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელ ულრიკ ბენგთსონს, რომელიც გარიგებასთან დაკავშირებით თბილისს ეწვია. როგორც საუბარში გაირკვა, კომპანია განსაკუთრებულ აქცენტს მობილური სერვისების მკვეთრად გაძლიერებაზე და ანგარიშსწორების თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე გააკეთებს. ბეთსონის წარმომადგენელმა ასევე საქართველოში სათამაშო ბიზნესის ხელშემწყობი ბიზნესგარემოს მნიშვნელობასა და ინდუსტრიის გლობალურ გამოწვევებზე ისაუბრა.
– პრესრელიზში ბეთსონ ჯგუფის მიერ ევროპა-ბეთის შეძენა აღწერილია, როგორც სტრატეგიული ნაბიჯი რეგიონულ ბაზარზე დასამკვიდრებლად. რამდენად სწორია და რას გულისხმობს ასეთი აღწერა?
– ვფიქრობ, ეს სტრატეგიული ნაბიჯია ჩვენი რეგიონული ბიზნესის გასაფართოებლად. ჩვენ უკვე ძლიერად ვართ წარმოდგენილები რეგიონში, სხვა ბრენდებით, ევროპა-ბეთის შეძენა კი ამას კარგად ავსებს. ბეთსონი ტრადიციულად ძლიერია ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში, ეს გარიგება კი ზრდის ჩვენს შესაძლებლობებს, ფართო გაგებით, შუა აზიის ბაზარზე გასასვლელად, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
– კონკრეტულად რა ბიზნესს ფლობთ უკვე ამ რეგიონში?
– პასუხი დამოკიდებულია რეგიონის განმარტებაზე. ჩვენ ჯერ ძალიან ცოტა გვაქვს შუა აზიაში, მაგრამ გვაქვს ბიზნესი აღმოსავლეთ ევროპაში და ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი თურქეთში მუშაობს.
– სტრატეგიულ, გრძელვადიან ასპექტთან ერთად, გარიგებაში ერთ-ერთი ფაქტორი ევროპა-ბეთის მნიშვნელოვანი შემოსავლებიც იქნებოდა. რა დინამიკას ელით შემოსავლების, მათი ზრდის კუთხით?
– ზრდას ცალსახად ველით. ჩვენ მთლიანად ზრდაზე ორიენტირებული კომპანია ვართ და ველით რომ ეს რეგიონი და ევროპა-ბეთი, როგორც კომპანია, სულ ცოტა, ისევე სწრაფად გაიზრდება, როგორც ბეთსონ ჯგუფი _ საშუალოდ.
– შეგიძლიათ რაიმე შეფასება დაასახელოთ, როგორია ეს ზრდის ტემპი რიცხვებში?
– ამ წლის მეორე მეოთხედში ჩვენ გვქონდა 40%-ზე დიდი წლიური ზრდა. ეს რიცხვი, ამ მომენტისთვის, ჩვენი ზრდის ტემპებს საკმაოდ კარგად ასახავს.
– მონაცემები აჩვენებს, რომ შემოსავლების დიდი ნაწილი ონლაინ-თამაშებიდან შემოდის. გლობალურად ეს ძალიან დიდი ინდუსტრიაა, მაგრამ მისი მექანიზმები ჯერ ნაკლებად გასაგებია ბევრი ადამიანისთვის. რა შეგიძლიათ გვითხრათ ბეთსონ ჯგუფისა და ევროპა-ბეთის ძლიერ მხარეებზე და გეგმებზე ონლაინ ბიზნესში?
– ვფიქრობ, ისევე როგორც ბევრ სხვა ბიზნესში, სერვისებით სარგებლობა ინაცვლებს ონლაინ რეჟიმში: ტურიზმში, საბანკო სექტორში, ვაჭრობაში _ ეს ტენდენცია ყველგანაა. ეს გლობალური მეგატრენდია _ როგორც ზოგი ამბობს, ინტერნეტი ყველაფერს შთანთქავს _ ასე რომ სათამაშო ბიზნესის ინტერნეტში გადანაცვლება უბრალოდ ფართო ტენდენციის ნაწილია. ეს ხდება მთელი ევროპის მასშტაბით და ხდება საქართველოშიც, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.
ამასთან ერთად, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, როგორ მიაწვდი სერვისს ინტერნეტში. ამისთვის მნიშვნელოვანია გესმოდეს რა ხდება ონლაინ. მომხმარებლის მოლოდინებს ონლაინ გიგანტები განსაზღვრავენ _ გუგლი, ამაზონი და სხვა მსოფლიო ლიდერები. მათ მიერ განისაზღვრება მომხმარებლების ჩვევები და სტანდარტები. ასე რომ, ევროპა-ბეთისთვის და ბეთსონისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ონლაინ-სერვისები შეესაბამებოდეს და იმდენადვე კარგი იყოს, როგორც ეს წამყვანი სერვისები. მთავარი გამოწვევა სწორედ ესაა და ევროპა-ბეთმაც, გვსურს, ამ მიმართულებით იმოძრავოს _ შესთავაზოს მოთამაშეებს მსოფლიო კლასის ონლაინ-გამოცდილება.
– ვიცით, რომ საქართველოს უფრო ლიბერალური კანონმდებლობა აქვს, ვიდრე რეგიონის ბევრ ქვეყანას. რა არის ამ მხრივ ონლაინ-ბიზნესის შესაძლებლობები და, ასევე, როგორ გამოიყენებდით ამას ტრადიციულ სათამაშო ბიზნესში?
– ჩვენ ევროპა-ბეთი ონლაინ-ბიზნესის გამო შევიძინეთ. სხვა ქვეყნებში, სადაც ბიზნესი გვაქვს, ინტერნეტის მიღმა არ ვმუშაობთ, მაგრამ აქ ტრადიციული და ონლაინ სათამაშო ბიზნესი ჯერ კიდევ მჭიდროდაა დაკავშირებული, რაც შესაძლოა ნაკლებად ეხება სხვა ინდუსტრიებს. ვფიქრობთ, რომ ეს ბაზრის სიმწიფის საკითხია და საბოლოო ჯამში, როდესაც მომხმარებლები უფრო შეეჩვევიან საკრედიტო ბარათებს, ონლაინ-გადარიცხვებსა და სხვა ოპერაციებს ინტერნეტში, ეს კავშირი შესაძლოა აქაც გაქრეს. ფულის ტრადიციული გზებით გატანისა და მსგავსი მოთხოვნილებები შესაძლოა დროთა განმავლობაში შემცირდეს.
რაც შეეხება კანონმდებლობას _ თქვენ ახსენეთ სიტყვა “ლიბერალური” _ მე არ ვარ ამდენად დარწმუნებული ასეთ აღწერაში, მაგრამ ვიტყოდი, რომ რაც აქ ნამდვილად მოგვეწონა, ეს არის მოქნილი, პროგნოზირებადი, სამართლიანი და კომერციულად სიცოცხლისუნარიანი საკანონმდებლო ჩარჩო. ეს ისეთი რამეა, რასაც ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ჯერ ვერ მიაღწია. ასე რომ, მოქნილი, სამართლიანი, კარგი ბიზნესგარემოსა და ურთიერთობების ჩამოყალიბების მხრივ, საქართველო მოწინავე ქვეყანაა. აქაურ კანონმდებლობაში სწორედ ეს მოგვწონს.
– გარიგების პირობების მიხედვით, გადახდილი თანხა შესაძლოა ამჟამინდელი 50 მილიონი დოლარიდან 85 მილიონ დოლარამდე გაიზარდოს, იმ დაშვებით, რომ ამჟამინდელი კანონმდებლობა შენარჩუნდება. შეიძლება თუ არა დავასკვნათ, რომ კანონმდებლობა პრაქტიკულად გადამწყვეტი იყო გარიგებისთვის?
– დიახ, დიდი ალბათობით ამ საქმეში არ ჩავერთვებოდით, საქართველოს რომ ძალიან მოქნილი და პროგნოზირებადი გარემო არ ჰქონოდა.
– რა სამომავლო მოლოდინები გაქვთ, ამ თვალსაზრისით?
– ვიცით, რომ ლიცენზიები ხუთწლიანი ვადით გაიცემა და ჩვენი დისკუსიებიდან სამინისტროსთან ჩანს, რომ კანონმდებლობაში ცვლილებები არ იგეგმება. ჩვენ და მთავრობას ამმხრივ ერთი ხედვა გვაქვს: მოქნილი, პროგნოზირებადი კანონმდებლობის საჭიროება.
– რა სიახლეებს უნდა ელოდნენ ევროპა-ბეთის მომხმარებლები ბეთსონის შემოსვლის შემდეგ? ალბათ ძირითადად ონლაინ-თამაშებზე უნდა ვისაუბროთ, რახან თქვენ ამაზე ფოკუსირდებით…
– მყისიერად, ვფიქრობ, ცოტა რამ შეიცვლება, რადგანაც ადგილობრივი ბიზნესი კარგად უნდა შევისწავლოთ. საშუალო ხანგრძლივობის პერსპექტივაში, ვფიქრობ, უნდა ელოდნენ უფრო დროულ, სწრაფ, გაუმჯობესებულ ონლაინ სერვისს. ჩვენ ვეცდებით რაც შეიძლება მეტი გზით გავამარტივოთ მათი ინტერნეტ-გამოცდილება. ეს ზოგადად.
ამასთან ერთად, ვფიქრობ, გაუმჯობესებისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულება ამჟამად მობილური სერვისების განვითარებაა. ჩვენი ბაზრების უმეტესობაში სპორტული ფსონების 50%-მდე უკვე იდება მობილური აპლიკაციების მეშვეობით, ევროპა-ბეთის შემთხვევაში კი ეს წილი ჯერ ძალიან მცირეა. ასე რომ, მობილური ბუმი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება.
– რა არის ბეთსონის სხვა მთავარი გლობალური მიზნები, უახლოეს წლებში?
– ვფიქრობ, ჩვენი მიზნები დიდწილად შეესაბამება ევროპა-ბეთისას… ჩვენ ზრდაზე ორიენტირებული კომპანია ვართ და ჩვენი მიზანია ზრდა გავაგრძელოთ. ამავდროულად, ჩვენ ამას ვაღწევთ ინდუსტრიაში საუკეთესო სერვისის მიწოდების ფილოსოფიით და მუდმივად ვცდილობთ მომხმარებლების გამოცდილება გავაუმჯობესოთ. ესაა, საქმეს როგორც ვაკეთებთ.
– მკითხველებისთვის შეიძლება საინტერესო იყოს რამდენიმე კონკრეტული პროდუქტი, რომლებიც, თქვენი აზრით, თქვენი ძლიერი მხარეა, ან რომლის შემოტანასაც გეგმავთ…
– პროდუქტების კუთხით, ცალსახად, მობილური სერვისები: მობილური აპლიკაციები, საიტები მობილურზე მორგებული გადაწყვეტებით. ეს გამოკვეთილად უდიდესი მამოძრავებელია დღეს ჩვენს ინდუსტრიაში. მომხმარებლები აუცილებლად იხილავენ ახალ მობილურ პროდუქტებს საქართველოში, ევროპა-ბეთის ბრენდის ქვეშ.
გადახდისა და ფულის გატანის მიმართულებით, ვფიქრობ, იხილავთ ბევრად გაუმჯობესებულ გადახდის საშუალებებს _ ფულის გატანის უფრო სწრაფ და უსაფრთხო მეთოდებს.
კაზინოს მიმართულებით, იხილავთ თამაშების უფრო ფართო არჩევანს, ვიდრე შესაძლოა ტრადიციულად გენახათ. ეს მხოლოდ რამდენიმე მიმართულებაა.
როგორ აღწერდით გლობალურ გარემოს _ მის მრავალფეროვნებასა და პროგნოზირებადობას, ან თუნდაც პროგნოზირებადობის ნაკლებობას _ სათამაშო ბიზნესის რეგულირების თვალსაზრისით? რა არის უდიდესი გამოწვევები და შესაძლებლობები თქვენთვის, ევროპაში თუ სხვა ბაზრებზე?
ვფიქრობ, საკანონმდებლო გარემო, რომელშიც ვმუშაობთ, ძალიან რთულია, რადგანაც ის ძალიან განსხვავდება ქვეყნებს შორის. ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, გარემო ძალიან მწიფეა და გვაქვს სტაბილური, პროგნოზირებადი თამაშის წესები, აზრიანი ტექნიკური მოთხოვნებით. იქაური კანონმდებლობა სამართლიანია: ყველა მოთამაშეს ბაზარზე ერთნაირად ეპყრობიან და გადასახადები კომერციულად სიცოცხლისუნარიანია. სხვა ადგილებში, როგორიცაა, მაგალითად, საფრანგეთი, სიტუაცია გაცილებით რთულია: იქ გადასახადები უფრო არსებული მონოპოლიების შენარჩუნების საშუალებაა. ვფიქრობ, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, მივაღწიოთ სიტუაციას, სადაც ყველა თანაბარ პირობებში ეჯიბრება ერთმანეთს _ რეალურად ეს ერთადერთია, რაც ჩვენ გვსურს, როგორც კომპანიას, და რაც უფრო მივუახლოვდებით ასეთ მდგომარეობას ევროპაში, მით უკეთესი. ამას ნამდვილად დასჭირდება დრო.
– თუ შევხედავთ საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის ზომას, ის უკვე თანაზომადია ბევრი უფრო განვითარებული ქვეყნის სათამაშო ინდუსტრიისა. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მშპ სულ მოსახლეზე ბევრად დაბალია, ეს ბიზნესი აქ ნორვეგიულის ან ახალზელანდიურის შესადარი ზომისაა. რაში ხედავთ შემდგომი ზრდის პოტენციალს?
დიახ, თუ ქართულ ბაზარს შევხედავთ, მშპ-სთან მიმართებაში აქ სათამაშო ინდუსტრია ნამდვილად ძალიან დიდია. მაგრამ საშუალო ფსონები საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან მცირეა. არსებობს ბევრი კულტურული თავისებურება, მოთამაშეების ქცევაში. საქართველოში ვხედავთ კულტურას, სადაც აზარტული თამაშები ძალიან გავრცელებული და მიღებულია, ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მშპ-ს ზრდასთან, ვფიქრობ, ფსონების ზომაც გაიზრდება. შესაძლოა არ შეიცვალოს ქცევა, თამაშის სიხშირე, მაგრამ ბაზრის მოცულობა იმატებს.
– ჩვენ ეს ნაწილობრივ განვიხილეთ, მაგრამ შეგიძლიათ ისაუბროთ ევროპა-ბეთის, როგორც ონლაინ-ბიზნესის, პოტენციალზე მიიზიდოს უცხოელი მომხმარებლები? ცხადია, თქვენ არამხოლოდ ქართველ მომხმარებლებზე გაქვთ გათვლა.
– დიახ. ამისთვის აქ ზოგიერთი ახალი პროდუქტის შემოტანაა საჭირო… ვიქრობ, საერთაშორისო მოთამაშეების მოსაზიდად უნდა გქონდეს მსოფლიო სტანდარტების მობილური სერვისები. ასე რომ, ზოგიერთი მიმართულება უნდა განვავითაროთ. როდესაც ამას მივაღწევთ, ვფიქრობ, ევროპა-ბეთს საერთაშორისო მომხმარებლების მოზიდვის დიდი პოტენციალი ექნება. სხვა საკითხია, რამდენად პრიორიტეტული იქნება ეს მიმართლება და რა ქვეყნებზეა საჭირო ფოკუსირება. ეს ოპერაციული გადაწყვეტილებები ადგილობრივმა გუნდმა უნდა მიიღოს.
– გსურთ რამე დაამატოთ?
– დავამატებდი, რომ ჩვენთვის, როგორც სკანდინავიური კომპანიისთვის, დიდი პატივია საქართველოში გვქონდეს ისეთი ბიზნესი, როგორიც ევროპა-ბეთია. ვფიქრობ, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა რეგიონში და გვჯერა, რომ ამ ქვეყანასაც და ევროპა-ბეთსაც უზარმაზარი პოტენციალი აქვთ.