“ჩვენს ძალისხმევას მოვიზიდოთ ინვესტიციები აჭარის მთავრობისგან აქტიური მხარდაჭერა აქვს”
ბოლო პერიოდში აჭარის რეგიონში არა მარტო ტურისტული მიმართულებების, არამედ სხვა ბიზნესსექტორების სწრაფი ზრდა შეიმჩნევა. რეგიონში, შეიძლება ითქვას სამშენებლო ბუმია, თუმცა, არანაკლები წარმატებით ვითარდება მსუბუქი მრეწველობის, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სექტორებიც. აჭარაში არსებული ბიზნესების დიდი ნაწილი გაერთიანებულია საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში, რომლის წევრების საერთო ინვესტიცია მილიარდნახევარ ლარს აღწევს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 18 000 ადამიანს აჭარბებს. გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანთან ოსმან მჟავანაძესთან, რომელიც საუბრობს ასოციაციის წევრი კომპანიების პოზიციებზე რეგიონში, სამომავლო გეგმებსა და პრობლემებზე.
– რას წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და მიმდინარე პერიოდში რა პროექტებით ხართ დაკავებული ?
– ჩვენ ვართ ერთ–ერთი ასოციაცია, რომელსაც სერიოზული ინვესტიცია აქვს საქართველოში ჩადებული – ჯამში 1.5 მლრდ ლარი. ასოციაცია 2009 წელს საქართველოში დაარსდა, კერძოდ კი ბათუმში. ჩვენთან 21 ქსელური კომპანიაა გაწევრიანებული. ამ ეტაპზე, წევრ კომპანიებში დასაქმებულია 18 430 ადამიანი. ჩვენი საქმიანობის დარგებია, – სოფლის მეურნეობა, ტექსტილი, სამშენებლო ბიზნესი და სულ ბოლოს გავხსენით საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტიც. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი უცხოური კომპანია შემოვიდეს ბაზარზე და საქართველოში მილიონობით ინვესტიცია ჩაიდოს. ტექსტილის კუთხით საქართველოში ისეთი ცნობილი ბრენდები იკერება როგორიცაა, “ადიდასი”, “ნაიკი”, პუმა, “ტომი ჰილფიგერი”. იკერება საქართველოში და იგზავნება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, წარწერით, დამზადებულია საქართველოში. აჭარაში ჩვენი ასოციაციის წევრი კომპანიის ერთ–ერთი ქარხანა 36 სხვადასხვა საფეხბურთო გუნდის მაისურებს აწარმოებს. ყველასათვის საყვარელი იტალიის ეროვნული ნაკრების ფორმა საქართველოშია დამზადებული, ასევე ლონდონის არსენალის და დორტმუნდის ბორუსიას ფორმები. ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ და 2016 წლისთვის აჭარის რეგიონში ვგეგმავთ ახალი საწარმოების გახსნას, როგორც ტექსტილის ისე სხვა სფეროში. იმედი გვაქვს, რომ აჭარის რეგიონში არსებულ მდგომარეობას გამოვასწორებთ, ვინაიდან ძალიან ბევრი ადამიანია დღემდე დაუსაქმებელი. ცნობისათვის ტექსტილის სფეროში მოლაპარაკებები გვქონდა ერთ–ერთ კომპანიასთან, ამ ეტაპზე უბრალოდ სახელის თქმისგან თავს შევიკავებ, მაგრამ წინასწარი სამუშაოები უკვე გატარებულია და ვიმედოვნებ, რომ ამ კომპანიას 2016 წელს ქართულ ბაზარზე ვიხილავთ.
– თქვენ ასოციაციის მიზნებში ახსენეთ, გინდათ ერთგვარი ხიდის შესრულება ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის, როგორ შეაფასებთ ბიზნესგარემოს აჭარის რეგიონში ?
– პირველ რიგში, აჭარა არის ეკონომიკურად აქტიური რეგიონი – იაფი მუშახელით, აეროპორტით, საკუთარი პორტით, რკინიგზით. ეს გარემოებები ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორისთვის. წარმოიდგინეთ აჭარაში შეკერილი საქონელი 24 საათში უკვე სტამბოლშია. მოგეხსენებათ, სწორედ სტამბოლიდან იგზავნება ეს ტვირთი მთელს ევროპაში, სადაც სავაჭრო ბარიერები მაქსიმალურადაა გამარტივებული. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, რის საფუძველზეც ჩნდება აშშ–ს ბაზარზე გასვლის პერსპექტივაც. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა აჭარის მთავრობასთან ძალიან კარგ კომუნიკაციას, ჩვენ ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად გვიდგას მხარში. ერთად ვაგვარებთ მიმდინარე საქმიანობისას შექმნილ უმცირეს პრობლემებს. პირადად მე პირდაპირი კომუნიკაცია მაქვს მთავრობის უმაღლეს ჩინოვნიკებთან, ისმენენ ჩვენს პრობლემებს, ინიციატივებს შესახებ კი უმოკლეს დროში იღებენ გადაწყვეტილებას. ეს ინვესტორისთვის და ზოგადად ბიზნესისთვის პოზიტიური მომენტია.
– ბუნებრივია არის პრობლემებიც, რა პრობლემებია დღეს რომელიც გხვდებათ მუშაობის პროცესში და რომლის გამოსწორებასაც ისურვებდით?
– ადგილობრივი მუშახელის სიიაფე აქაური ბიზნესგარემოს ერთერთ მთავარ დადებით მხარედ დავასახელებ, თუმცა, ასევე უნდა ითქვას, რომ რეგიონში კვალიფიცირებული მუშა ხელის დეფიციტია. აქედან გამომდინარე, მიმდინარე ეტაპზე, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაც ესაა. წარმოიდგინეთ ახალი ინვესტორი რომ შემოვიყვანო საქართველოში, მომსახურე პერსონალს 4 თვე უნდა ვასწავლო, ეს კი დამატებით ხარჯებს მოითხოვს. რამდენიმე კვირის წინ 30–ზე მეტი ადგილობრივი გვყავდა თურქეთში გადასამზადებლად გაგზავნილი. ამ პრობლემის ფომზე აუცილებლად გვჭირდება პროფესიული სასწავლო კოლეჯები და ინსტიტუტები. თუნდაც ტურიზმის სფეროში, აჭარა მაინც ტურისტულ ცენტრად ითვლება, ამის მიუხედავად მუდმივად ვცდილობთ მომსახურების სერვისის გაუმჯობესებას, რათა ერთხელ ჩამოსული ტურისტისთვის ეს მხარე დაუვიწყარი გახდეს. ამ თემაზე ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და ვფიქრობთ გარკვეულ შედეგებსაც უახლოეს პერიოდში დავდებთ. სხვა მხრივ, არსებული პრობლემები, როგორც უკვე გითხარით ერთჯერადია და მთავრობასთან კომუნიკაციით მის გადაჭრას უმოკლეს დროში ვახერხებთ, რაც შეეხება მუშახელის კვალიფიკაციას, ეს ძირეული პრობლემაა და მას სერიოზული მიდგომები სჭირდება.
– აჭარაში მრავლად არიან თურქი ბიზნესმენები, როგორ გგონიათ რატომ არის აჭარა ასე საინტერესო თურქი ბიზნესმენებისთვის?
–დიახ გეთანხმებით, ერთი შეხედვით, თითქმის ყველა მსხვილ ბიზნესს თურქული მენეჯმენტი მართავს, მაგრამ მეორეს მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ხშირ შემთხვევაში, არ არის თურქული ინვესტიცია. თურქები, ძირითადად, შუამავლები არიან, მათ აქვთ მრავალწლიანი ურთიერთობა ცნობილ ბრენდებთან და ამ მენეჯმენტის დახმარებით ეს ბრენდები საქართველოში, კერძოდ აჭარაში შემოდიან. აჭარა ხომ ძალიან ახლოსაა თურქეთთან, შესაბამისად, იქაური საქმიანი წრეებისთვის აქ მუშაობა მოსახერხებელია. სწორედ ეს არის ერთ–ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ შეინიშნება აჭარაში და ბათუმში თურქი ბიზნესმენების აქტივობა.