ვინ შემოდის ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ფარმაცევტულ ბაზარზე შემოსასვლელად, სავარაუდოდ, ახალი კომპანია ემზადება. გაზეთ „კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს 100-ზე მეტი პრეპარატის რეგისტრაციის მოთხოვნით სააქციო საზოგადოება “ჰუმანიტი ჯორჯიამ” მიმართა. კომპანიას, რომელიც საქართველოში წელს, აპრილში დარეგისტრირდა, უკრაინის მოქალაქე ანდრეი კუზმა ხელმძღვანელობს, მისი 100%-იანი წილის მფლობელი კი ვენაში რეგისტრირებული Humanity Holding GmbH-ია, რომელსაც ვინმე ნორბერტ კუდერი ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა ყიდვა-გაყიდვა და ინვესტიციების მართვაა.

გაზეთი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ლარის გაუფასურებას უკვე გაძვირებული ელექტროენერგია დაემატა და გაჩნდა ლოგიკური მოლოდინი, რომ მთელ რიგ პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასები კიდევ გაიზრდება.

ლარის გაუფასურებას უკვე გაძვირებული ელექტროენერგია დაემატა და გაჩნდა ლოგიკური მოლოდინი, რომ მთელ რიგ პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასები კიდევ გაიზრდება.კომუნალური გადასახადების გარდა, ხელისუფლებაში მოსვლამდე მთავრობა წამლების გაიაფებასაც გვპირდებოდა – ფარმაცევტული ბაზარი უნდა შეესწავლათ, კარტელი დაეშალათ და წამალი “კოლოსალური ზემოგებებისგან” გაეთავისუფლებინათ. კონკურენციის სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის შესწავლა ჯერაც არ დაუწყია, მედიკამენტები კი იმაზე ძვირია, ვიდრე დაპირებების დროს იყო.

“შემოდგომიდან ე.წ. ჯენერიკ-მედიკამენტების ფასები შემცირდება”, – ამას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე გვპირდება. (ჯენერიკებს, ჩვეულებრივ, უწოდებენ მედიკამენტებს, რომელთა მოქმედ ნივთიერებაზე ამოწურულია პატენტის ვადა და შესაბამისად, წამლის დამზადება ნებისმიერ მწარმოებელს შეუძლია, ოღონდ ბრენდირებული დასახელების გამოყენების გარეშე). მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სამინისტროში ამაზე უკვე მუშაობენ, თუმცა რა ფორმით და რამდენით შემცირდება ფასი, დღეს საუბარი ნაადრევია.

საინტერესოა, რატომ ალაპარაკდა მთავრობა მაინცდამაინც ჯენერიკების გაიაფებაზე, რომლებიც ორიგინალებთან შედარებით 30-40%-ით იაფი ისედაც ღირს. თუმცა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ჯენერიკული მედიკამენტები ნაკლებად პოპულარულია და ამას შექმნილი გარემოც უწყობს ხელს. მაგალითად, თუ განვითარებულ ქვეყნებში ექიმები წამლის რეცეპტს მისი ჯენერიკული დასახელებით, ანუ ქიმიური ფორმულით გამოწერენ, ჩვენთან, რეცეპტში, ძირითადად, წამლის ბრენდული დასახელება იწერება. დიდი მიხვედრა არ სჭირდება, რომ ამის უკან კერძო ინტერესები დგას, როცა რეცეპტის ქაღალდზე რომელიმე მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის ლოგოა დატანილი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბაზარზე მოქმედ ფარმაცევტულ კომპანიებს საკუთარი სამედიცინო კლინიკები და სადაზღვევო კომპანიები აქვთ და პაციენტს წამლის საყიდლად ნამდვილად არ გაუშვებენ კონკურენტთან. ცნობისთვის, დღეს ადგილობრივ ბაზარზე 150-მდე წამლის იმპორტიორი და 20 წვრილი და მსხვილი სააფთიაქო ქსელია. ბაზრის დიდ წილს 7-8 ფარმაცევტული კომპანია იკავებს. ირღვევა თუ არა ამით კანონი “კონკურენციის შესახებ”, შესაბამისი უწყების დასადგენია, მანამდე კი ვითარება ამ ბაზარზე კიდევ უფრო იხლართება.

ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე შემოსასვლელად ახალი კომპანია ემზადება. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს 100-ზე მეტი პრეპარატის რეგისტრაციის მოთხოვნით სააქციო საზოგადოება “ჰუმანიტი ჯორჯიამ” მიმართა. კომპანიას, რომელიც საქართველოში წელს, აპრილში დარეგისტრირდა, უკრაინის მოქალაქე ანდრეი კუზმა ხელმძღვანელობს, მისი 100%-იანი წილის მფლობელი კი ვენაში რეგისტრირებული Humanity Holding GmbH-ია, რომელსაც ვინმე ნორბერტ კუდერი ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა ყიდვა-გაყიდვა და ინვესტიციების მართვაა. ფაქტია, რომ ამ ბაზარზე ბევრი უცნაური რამ ხდება, რაზეც მოქმედი მოთამაშეებიც საუბრობენ.

დავით კილაძე, ფარმაცევტული კომპანია “ჯიპისის” ხელმძღვანელი: “ნამდვილად ვერ ვიტყვი, რას გულისხმობს ჯანდაცვის სამინისტრო თავის განცხადებაში, მაგრამ მსოფლიოში აღიარებულია, რომ სამედიცინო დანახარჯები უნდა შემცირდეს. ეს ვერ ხერხდება ახალი ტექნოლოგიების ხარჯზე, რადგან ყოველი სიახლე ძალიან ძვირია. ექიმის პროფესიონალიზმის ხარჯზეც რთულია დაზოგვა, რადგან ტექნოლოგიების ზრდასთან მათი პროფესიონალიზმიც იმატებს. რჩება მხოლოდ მედიკამენტები. აქ სახსრები შესაძლოა იმის ხარჯზე დაიზოგოს, რომ ორიგინალურ პრეპარატს განსაზღვრულ დროში პატენტის ვადა გასდის და მისი ჯენერიკული დასახელების ქიმიური ფორმულის დამზადება ყველა მწარმოებელს შეუძლია. სწორედ ეს არის ჯენერიკების დანიშნულება ჯანდაცვის სისტემაში. ორიგინალური პრეპარატის შემუშავება ძვირად ღირებული პროცესია, ჯენერიკული მედიკამენტი კი ორიგინალურ პრეპარატს ანაცვლებს მკურნალობის იმავე ეფექტით. ჯენერიკები 30-40%-ით ორიგინალურ პრეპარატებზე უფრო იაფი ღირს. რაც შეეხება ფასის კიდევ შემცირებას, მთელ მსოფლიოში საამისო მექანიზმი თანადაფინანსებაა, როცა საქმეში ერთვება სახელმწიფო თუ კერძო დაზღვევა და ის სრულად ან ნაწილობრივ ფარავს მედიკამენტებზე პაციენტის ხარჯებს.

ეჭვს სხვა რამ იწვევს: ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალი კომპანია შემოდის. საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დღეს ისედაც მაღალი კონკურენციაა და ახალი მოთამაშის დამატება პრინციპულად არაფერს შეცვლის. ჩემი ინფორმაციით, ეს არის ავსტრიული კომპანია, რომელიც ინდური წარმოების პრეპარატებს არეგისტრირებს. ინდური მედიკამენტების რეგისტრაცია არ წარმოადგენს პრობლემას, მაგრამ ცოტა რთულად გასაგებია, რომ მედიკამენტების დარეგისტრირებას, ჩვეულებრივ, თუ 3-5 თვე სჭირდება, ამ კომპანიას დაჩქარებულად, მაქსიმუმ 2 თვეში ურეგისტრირებენ მედიკამენტებს. საინტერესოა, რატომ? კონკრეტული ინტერესების ლობირება კარგს არაფერს მოიტანს. დაბალი ფასი კარგია, მაგრამ ამ წამალმა ხომ უნდა განკურნოს ადამიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დაბალი ფასიც წყალში გადაყრილი ფული აღმოჩნდება. ჯანდაცვას ასეთი მიდგომა სულაც არ აიაფებს. ყველა კონტინენტზე ვარ ნამყოფი, მთელ მსოფლიოში ეწყობა გამოფენები ჩვენს სფეროში, თითქმის ყველა დიდი გამოფენა მინახავს და ეს კომპანია, რომელიც ასე აქტიურად არეგისტრირებს წამლებს, არსად შემხვედრია”.

კახა ოქრიაშვილი, ფარმაცევტული კომპანია “PSP”-ს დამფუძნებელი და საქართველოს პარლამენტის წევრი:
“თუ ჯანდაცვის სამინისტრო წამლების ფასის შემცირებას აპირებს, მაშინ ფასის რეგულირება უნდა დააწესოს, ხოლო თუ სამინისტრო რომელიმე კერძო კომპანიას ლობირებს, ეს უკვე სხვა თემაა.  სამწუხაროდ, სამედიცინო სფეროში მომუშავე მსხვილ კომპანიებს უჭირთ ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაცია, ამიტომაც არა გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, როგორ აპირებენ ჯენერიკული მედიკამენტების გაიაფებას. ვიცი, რომ ბოლო თვეებში ბევრი ინდური მედიკამენტი დაარეგისტრირა ქართულ-ავსტრიულმა კომპანიამ საქართველოში. ინდური მედიკამენტები აქამდეც შემოდიოდა ბაზარზე და ფასიც ხარისხის შესაბამისი აქვს. მაინტერესებს, სამინისტროს ლობირებული ინდური მედიკამენტების ფასი როგორი იქნება. მედიკამენტების ხარჯის შემცირების ერთადერთი გზა არის საყოველთაო დაზღვევა, მასში მედიკამენტების ჩართვით. ეს გზა გაიარა ყველა ქვეყანამ, ვისაც დღეს წარმატებული ჯანდაცვა აქვს”.

“ჰუმანიტი ჯორჯიასთან” დაკავშირება ჯერჯერობით შეუძლებელი აღმოჩნდა
. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ ეჭვებთან დაკავშირებით კომენტარი ჯანდაცვის სამინისტროსაც ვთხოვეთ. იქ დაგვპირდნენ, რომ გვიპასუხებდნენ, თუმცა ამ პუბლიკაციის ჩაბარებამდე არავინ შეგვხმიანებია. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებას ჩვენი გაზეთის მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ.

“კვირის პალიტრა”