გიორგი ქადაგიძე: მდიდარი რესურსის მქონე ქვეყნებსაც მოუწიათ კურსის გაუფასურებასთან შეგუება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, კონფერენციაზე – “ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში”, სიტყვით გამოვიდა, სადაც მან ქვეყანაში ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა. ქადაგიძის განცხადებით, ლარის კურსზე გავლენა საგარეო შოკებმა იქონიეს და შესაბამისად, მისი ხელოვნურად შენარჩუნება შეუძლებელი გახდა. გიორგი ქადაგიძის განცხადებით, საგარეო შოკებთან გამკლავება ვერ მოახერხეს რესურსებით მდიდარმა ისეთმა ქვეყნებმაც, როგორების აზერბაიჯანი და ყაზახეთია.

“რეგიონში ყვველა ქვეყანამ განიცადა ეკონომიკური შოკი. ჩვენი ექსპორტი და ფულადი გზავნილები შემცირდა. ძირითადი დაფინანსების წყაროები შემცირდა, განიცადა დეფიციტი. შედეგად, ჩვენი ვალუტაც გაუფასურდა. ქვეყანაში მაღალი დოლარიზაციაა, –  მოსახლეობის 60%-ს სესხები აქვთ უცხოურ ვალუტაში – შემისავალი კი ადგილობრივ ვალუტაში. პროპორცია გაიზარდა და სოციალური პრობლემები დაერთო ამ ყველაფერს. რისი გაკეთება შეგვიძლია ამ სიტუაციაში? რეალობაში ერთადერთი გრძელვადიანი გადაწყვეტილება იქნება შემოსავლის ნაკადების ისევ დაბრუნება ქვეყანაში. ისეთი პატარა ეკონიმიკისთვის როგორიც საქართველოა თითქმის შეუძლებელია ხელოვნურად გაცვლითი კურსის გამყარება და დაფიქსირება. თუ დაიწყებ ამას, ეს ნიშნავს იმას, რომ ბაზრის საწინააღმდეგოდ თამაშობ და ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლებელია. ათასობით მაგალითი გვაქვს ეკონომიკის ისტორიაში წარუმატებელი შემთხვევების. ისეთი ქვეყნებისთვისაც კი რომელსაც, აქვთ ძალიან მდიდარი რესურსი, როგორიც არის ყაზახეთი და აზერბაიჯანი, ვერ შეძლეს საკუთარი რეზერვებით კურსის შენარჩუნება და გამყარება. მათაც მოუწიათ გაუფასურებასთან შეგუება. ანუ ეს არის ტენდენცია. გაუფასურების მიზეზი არის ის ეკონომიკური შოკი, რომელიც ჩვენ განვიცადეთ”, – განაცხადა ქადაგიძემ.

წყარო: ipress.ge