თბილისში კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო აშენდება

ებრაული ინვესტიციით, თბილისში, გერგეთის ქუჩაზე ბუტიკ სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. ბუტიკსასტუმრო „გერგეთის“ მიღებას უკვე 2017 წლიდან შეძლებს და პროექტის განხორციელება კომპანია Kass Boutique Hotel Group-ს, წინასწარი მონაცემებით, 25 მლნ დოლარი დაუჯდება.

მშენებლობის დაწყებას თბილისში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ისრაელის დელეგაციაც დაესწრო, მათ შორის ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის თავმჯდომარე იციკ მოშე, „კას ბუტიკ ჰოტელ ჯგუფის“ დამფუძნებელი ხანოხ ჰეინრიხ კასი და აღმასრულებელი დირექტორი კლაუს ბოდო ჰანდი,სხვა სტუმრებთან ერთად, ესწრებოდნენ. ხილიკ ბარის განმარტებით, საქართველოსა და ისრაელს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია, რისთვისაც მხარეებს შორის ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

”დღევანდელი დღე ისრაელისა და საქართველოს მთავრობების, ისრაელის ბიზნეს პალატისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგია. ეს არის ის მოდელი, რითაც ჩვენი კავშირები ეკონომიკის სფეროში უნდა განვავითაროთ. ჩვენი ინვესტორები საქართველოში ჩამოდიან და ამით ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება”- განაცხადა ხილიკ ბარიმ.

მშენებლობის პროცესში და მის შემდგომ, სულ 200 ადამიანი დასაქმდება.

სასტუმროს მშენებლობის დაწყებას  დედაქალაქის მერი ესწრებოდა, რომელიც ისარელში ოფიციალური ვიზიტით უკვე იმყოფებოდა და ებრაულ ბიზნესსექტორთან შეხვედრებიც გამართა.

დავით ნარმანია აცხადებს, რომ ებრაული მხარე თბილისში უახლოეს პერიოდში, 6 პროექტს განახორციელებს. საუბარია ტურისტული ინფრასტრუქტირის შექმნაზე, რისთვისაც 100 მლნ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.

წყარო: bpi.ge