არარეზიდენტი ბანკები რეკორდული რაოდენობის დოლარს ყიდულობენ
რა საფრთხეებს შეიცავს უკონტროლო სავალუტო ბაზარი
ქართულმა კომერციულმა ბანკებმა შარშანდელთან შედარებით 664,9 მლნ-ით მეტი დოლარი გაყიდეს. აქედან რეკორდული რაოდენობის დოლარი არარეზიდენტმა ბანკებმა შეისყიდეს. სპეციალისტები შიშობენ, რომ ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყნიდან მილიარდამდე დოლარი გავა, რაც გაუფასურებულ ლარს კიდევ უფრო მეტად დაარტყამს და სერიოზულ პრობლემას შეუქმნის ქვეყნის ეკონომიკას. ამიტომ ხელისუფლებამ ამ ფაქტზე სასწრაფო რეაგირება უნდა მოახდინოს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით კომერცულმა ბანკებმა 2015 წლის 7 თვეში 8,254 მლრდ დოლარი გაყიდეს (664,9 მლნ-ით მეტი), შარშან ანალოგიურ პერიოდში მათ მიერ გაყიდული დოლარის მოცულობამ 7,590 მლრდ-ს არ აჭარბებდა. განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი დეტალი, თუ განვიხილავთ სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარით განხორციელებული ვაჭრობის შედეგებს, ვნახავთ, რომ გაყიდული დოლარის ყველაზე დიდი წილი არარეზიდენტ ბანკებზე მოდის.
2014 წლის ჯამური მონაცემებით არარეზიდენტი ბანკების მიერ აშშ დოლარის წმინდა შესყიდვებმა (შესყიდვებს მინუს გაყიდვები) 488 მლნ დოლარს გადააჭარბა, 2015 წლის მხოლოდ 7 თვეში კი ანალოგიურმა მაჩვენებელმა 531,4 მლნ დოლარი შეადგინა. ეკონომისტი ირაკლი დოღონაძის გათვლებით, თუკი ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, მაშინ წლის ბოლომდე არარეზიდენტების მიერ წმინდა შესყიდვები 1 მლრდ დოლარს თავისუფლად მიაღწევს, ქვეყნიდან კი მილიარდი დოლარის გადინება სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ჩვენს ეკონომიკას.
მნიშვნელოვანია აგრეთვე იურიდიული პირების შესყიდვებიც, რომელთა მხრიდან აშშ დოლარზე მოთხოვნა პირდაპირ კავშირშია ექსპორტ-ომპორტის დინამიკასთან. 2014 წლის ჯამური მონაცემებით იურიდიული პირების მიერ განხორციელბულმა წმინდა შესყიდვებმა 977 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა, ხოლო 2015 წლის 6 თვის მონაცემებით ჯამურმა წმინდა შესყიდვებმა კი – მხოლოდ 297 მლნ დოლარი, რაც 2014 წლის წლიური მაჩვენებლის 50%-ზე ბევრად ნაკლებია.
,,აქედან აშკარად ჩანს, რომ 2015 წლის განმავლობაში აშშ დოლარის მოთხოვნაზე ექსპორტისა და იმპორტის დინამიკის ზეგავლენა საგრძნობლად არის შესუსტებული’’
– აღნიშნავს ირაკლი დოღონაძე.
რაც შეეხება ფიზიკური პირების წმინდა შესყიდვებს, რომელზედაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფულადი გზავნილების მოცულობა, პირადი სავალუტო ვალდებულებები და ასევე საზოგადოებრივი მოლოდინები, ვნახავთ, რომ 2015 წლის 6 თვის მონაცემებით უარყოფითი მაჩვენებელი (-29) მლნ დოლარი არის დაფიქსირებული, რაც იმას ნიშნავს რომ მოსახლეობა პირიქით უფრო მეტ დოლარს ყიდის, ვიდრე ყიდულობს.
ბოლო ორი ჯგუფის (იურიდიული და ფიზიკური პირების) წმინდა შესყიდვების განხილვიდან აშკარაა რომ საგარეო ფაქტორების გავლენა დოლარის შესყიდვაზე და მის გამყარებაზე ბოლო თვეებში მკვეთრად შესუსტდა. ასევე აშკარაა რომ არარეზიდენტი ბანკების მიერ მკვეთრად არის გაზრდილი დოლარზე მოთხოვნა, მათი წმინდა შესყიდვები კი საგანგაშო მაჩვენებლებს აღწევს. ეს მაშინ, როდესაც საქართველოში შექმნილი დოლარის დეფიციტის გამო ლარი მკვეთრად უფასურდება. გარდა ამისა, დოლარი მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ვალუტასთან მყარდება, რეგიონში კი დოლარის დეფიციტი აშკარად იგრძნობა, შესაბამისად გასაკვირი არც არის არარეზიდენტი ბანკების ეს მოქმედებები.
ირაკლი დოღონაძის განცხადებით, აღნიშნულ სიტუაციაში აუცილებელია დაწესდეს ერთგვარი შეზღუდვა/ ლიმიტი მათ მიერ ადგილობრივ სავალუტო ბაზარზე დოლარის შესყიდვაზე, ხოლო ეროვნული ვალუტის კურსის განსაზღვრის წესში შევიდეს ცვლილება, რომლითაც არარეზიდენტი ბანკების ფილიალების სავაჭრო გარიგების შედეგების გათვალისწინება არ მოხდეს კურსის განსაზღვრისას.
,,თუ საკითხს დავსვამთ ასე – ახდენს თუ არა გავლენას ლარის კურსზე ის ფაქტი, რომ ქართული ბანკები არარეზიდენტ ბანკებზე უფრო მეტ დოლარს ყიდიან, ვიდრე მათგან ყიდულობენ – რა თქმა უნდა, ეს გაცვლით კურსზე ნეგატიურად მოქმედებს. მაგრამ, სხვა საკითხია, რას უკავშირდება მსგავსი ტენდენცია, რომელიც არ არის ახალი და წლებია ასე ხდება’’
– ამბობს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე.
თუ გადავხედავთ სავალუტო ბაზარზე ევროთი განხორციელებულ ოპერაციებს, ამ შემთხვევაში საპირისპირო სურათია, უცხოური ბანკებიდან უფრო მეტი ევროა შესყიდული, ვიდრე მათზე გაყიდული ქართული ბანკების მხრიდან.
ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ბანკები კლიენტების დაკვეთებს ასრულებენ და სავალუტო ბაზარზე კლიენტების სახელით ოპერირებენ, გვესმის და ფაქტია ისიც, რომ დოლარზე მოთხოვნა გაზრდილია. მაშინ, ნოდარ ჭიჭინაძის აზრით, საკმაოდ ალოგიკური სურათი იხატება –
“კლიენტებს, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, იმპორტიორებს აქვთ მოთხოვნა დოლარზე, თუ კლიენტების მოთხოვნას “ახმოვანებენ” ბანკები და ოპერირებენ მათი შეკვეთით, მაშინ რატომ ხდება, რომ ევროს წმინდა შესყიდვა დადებითია, ხოლო დოლარის უარყოფითი? ,,ანუ მოთხოვნა დოლარზეა და დოლარს ვყიდით და ევროს ვყიდულობთ?’’
– კითხულობს ნოდარ ჭიჭინაძე და დასძენს, რომ სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის მსგავსი ტენდენცია არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ბანკები მხოლოდ კლიენტების მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.
აქედან გამომდინარე, ბანკების ზედამხედველობის მიმართულებით საკმაოდ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას მძიმე სავალუტო და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლა გაუჭირდება.
მაკა ვარადაშვილი
[wpolling id=”4″ width=”” height=””]