ჭყონია თოფაძეზე: პარლამენტარს ასეთი შეხედულება რომ აქვს, იმიტომაცაა ეკონომიკა დანგრეული

ბიზნესმენი თემურ ჭყონია გოგი თოფაძის განცხადებას, რომ “მარკირება რომ იყოს კარგია, რომ ვინმემ არ იმაიმუნოს” კომენტარს უკეთებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ბიზნესზე და ეკონომიკაზე, მსგავსი ტერმინოლოგიით საუბარი არ შეიძლება.

“გოგი თოფაძეს დასამარკი არაფერი აქვს და დაეთანხმება სავალდებულო მარკირებას, აბა რას იზამს. როცა ამ დონეზე დადის პარლამენტის წევრის შეხედულება, ამიტომაცაა ჩვენი ეკონომიკა ასეთ დანგრეულ და სავალალო მდგომარეობაში. როგორ შეიძლება საქართველოს ეკონომიკაზე და ბიზნესზე ასეთი ტერმინოლოგიით საუბარი ?! როგორ შეიძლება ადამიანი, მინისტრის გადაწყვეტილებას მაიმუნობის აღმოფხვრად მიიჩნევდეს ?! მარკირება უნდა შემოვიღოთ, რადგან მაიმუნობა მოვსპოთ ?! ჩვენ ვინ ვართ ესეიგი ?! ესეიგი, საქართველოს ბიზნესმენები აქამდე ვმაიმუნობდით ?! მაიმუნობა ჰქვია ბიუჯეტში მილიონობით შენატანს ?! მაიმუნობა ჰქვია წესიერი ბიზნესის დამკვიდრებას საქართველოში, რომელიც ისეთ დონეზეა აყვანილი, რომ დღეს ფინანსთა მინისტრი და მთელი საქართველოს ფინანსური წრეები აღიარებენ ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას ?! მე არ მინდა გოგი თოფაძის განაცხადზე ღრმა ანალიზი მივცე. ეს არის მაიმუნობის გაგრძელება”, – აღნიშნავს თემურ ჭყონია.