“ევროპის საუკეთესო ბანკირი” მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველების რეიტინგში ვერ მოხვდა

ავტორიტეტულმა ჟურნალმა GLOBAL FINANCE–მა გასული წლის მონაცემებით მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველები დაასახელა. მათ შორის საქართველო არ ფიგურირებს იმ დროს, როდესაც რეიტინგში აზერბაიჯანის, უკრაინისა და პოსტსაბჭოთა სივრცის რამდენიმე სახელმწიფოს ცენტრალური მმართველები  არიან შესულნი.

როგორც თავად გამომცემლებისგან გავარკვიეთ, მათი კვლევისთვის საჭირო ინფორმაციის მიღება რთულია და ამიტომ რეიტინგი ყველა სახელმწიფოს არ მოიცავს, მათ შორის არ შეუსწავლიათ საქართველოს მაჩვენებლებიც, თუმცა არ გამორიცხავენ ახალი ქვეყნების ათვისებას. ერთერთ ასეთ ქვეყნად საქართველო სახელდება.

რატომ არ მოხვდა საქართველო GLOBAL FINANCE–ის რეიტინგში? ამ შეკითხვაზე GLOBAL FINANCE-ის მარკეტინგის დირექტორი მაიქლ ამნროსიო განმარტავს, რომ საქართველოს მონაცემები მათ არ შეუსწავლიათ. მისი თქმით, ისინი მუდმივად ცდილობენ, სულ უფრო მეტი ქვეყნის  ცენტრალური ბანკების იმ მმართველების საქმიანობის ანალიზი მოახდინონ. წელს სიას 5 ახალი ქვეყანა დაემატა.

“ჩვენს მიერ ჯერ კიდევ ბევრი ასათვისებელი ქვეყანაა, მათ შორის საქართველო, მაგრამ ბევრ ქვეყანაში არ არის იოლი მიმდინარე მონეტარული პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის მიღება”

– აცხადებს ამნროსიო.

რაც შეეხება ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველებს, რეიტინგი А მიღწეული შედეგებისთვის დაიმსახურეს შემდეგი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველებმა: ჩეხეთი (მიროსლავ სინგერი,) ევროპის ცენტრალური ბანკი (მარიო დრაგი,) ინდოეთი (რაგურამ რაჯანი), ასევე: ისრაელი, მალაიზია, პარაგვაი, პერუ, ფილიპინები და ტაივანი.

A- დაიმსახურეს შემდეგი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველებმა: კოლუმბია, საუდის არაბეთი, აშშ.

სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან რეიტინგში მხოლოდ აზერბაიჯანი მოხვდა, რომლის ცენტრალური ბანკის მმართველმა ელმან რუსტამოვმა შეფასება С მიიღო. იგივე კატეგორიაში მოხვდა უკრაინის ცენტრალური ბანკის მმართველი ვალერია გონტარევა.

შეფასება B მიიღო რუსეთის ცენტრალური ბანკის მმართველმა ელვირა ნაბიულინამ.

GLOBAL FINANCE–ის მთავარი გამომცემლის ჯოზეფ ჯიარაპუტოს განცხადებით, გლობალური ეკონომიკები აღდგენას იწყებენ მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებისა, რომელთა შორის დოლარის გამყარება და ფედერალური სარეზერვო სისტემის “იაფი ფულია.”

“ცენტრალური ბანკები ამ სირთულეების გადალახვაში მთავარ მოთამაშეებად რჩებიან. ფულადმა პოლიტიკამ შესაძლოა შეასუსტოს ეს შედეგები და, შესაბამისად, სტიმული მისცეს ეკონომიკურ ზრდას. როგორც ჩვენი შეფასებები აჩვენებს, ზოგიერთი ცენტრალური ბანკი ამ პრობლემებს უკეთ უმკლავდება, ვიდრე სხვები. ჩვენი მონაცემები ასევე ასახავს ცენტრალური ბანკირების მზაობას, გამოვიდნენ პოლიტიკური ჩარევის წინააღმდეგ, ასევე გავლენა მოახდინონ სახელმწიფოს პოლიტიკაზე, რომელიც უცხოურ ინვესტიციებსა და ხარჯებს ეხება”

– განაცხადა მან.

GLOBAL FINANCE-ი ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელთა რეიტინგს 1994 წლიდან ადგენს. გასული წლის შესაჯამებლად, მან ამ მიმართულებით 75 ბანკის მონაცემები დაამუშავა. მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკის.

ეროვნული ბანკის მმართველებს რეიტინგები ენიჭებათ A-დან F–მდე შკალით ისეთი მიღწევებისთვის, როგორიცაა ინფლაციის კონტროლი, ეკონომიკური ზრდა, ვალუტის სტაბილურობა და საპროცენტო განაკვეთის მართვა. წელს, გასული წლის მაჩვენებლებით, რეიტინგში პირველად მოხვდნენ ისეთი ქვეყნების ცენტრალური ბანკები, როგორიცაა ბოსტვანა, ისლანდია, ნამიბია, პარაგვაი და უგანდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ევროპის საუკეთესო ცენტრალურ ბანკირად დაასახელა ბრიტანულმა ფინანსურმა ჟურნალმა The Banker-მა.

The Banker–ის ევროპის რედაქტორმა სტეფანი ლინჰარტმა გადაწყვეტილების მიზეზები ასე განმარტა:

“გიორგი ქადაგიძის ხელმძღვანელობით ეროვნულმა ბანკმა არაერთხელ აჩვენა მდგრადობა რყევების მიმართ, მათ შორის, 2008 წლის რუსეთთან კონფლიქტის შემდეგ და გლობალური ფინანსური კრიზისისას. გიორგი ქადაგიძემ საფუძველი ჩაუყარა მდგრადი საბანკო სექტორის განვითარებასა და ხელი შეუწყო დედოლარიზაციის პროცესს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეისათვის საქართველოში ეკონომიკური და ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრობლემებია, რაც კავშირშია გარე ფაქტორებთან. ეროვნული ბანკების სწორი ნაბიჯების წყალობით ბანკები სტაბილურობას ინარჩუნებენ”.

მიხეილ ვადაჭკორია

[wpolling id=”4″ width=”” height=””]