ლია ელიავა – საბანკო ზედამხედველობა ახალი სტატუსით წარმატებულად იმუშავებს

“ეროვნული ბანკი პრაქტიკულად გადაიქცა ბანკების მომსახურების სააგენტოდ”

საშემოდმოგომო სესიის გახსნისთანავე პარლამენტმა ფორსირებულ რეჟიმში დაიწყო ვეტოს დაძლევის პროცედურების საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. დეპუტატებმა არ გაითვალისწინეს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და პრეზიდენტის ვეტო 81 ხმით დაძლიეს. ვეტოს დაძლევისა და საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის მომავალ ტენდენციებზე და აღნიშნული საკითხების ეროვნულ ვალუტის კურსზე გავლენის შესაძლებლობებზე საუბრობს საბანკო ექსპერტი ლია ელიავა.

– ვეტოდადებულ კანონთან დაკავშირებით, საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა იყო. პარლამენტმა უკვე დაძლია ვეტო და როგორც ცნობილია, პრეზიდენტიც აღნიშნულ კანონს ხელს მოაწერს. საინტერესოა რა ცვლილების მომტანი იქნება აღნიშნული კანონი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებისთვის?

– ყველა ველოდებოდით, რომ ვეტო დაძლეული იქნებოდა და ეს ასეც მოხდა. რაც შეეხება მოლოდინებს, ვფიქრობ, რომ აღნიშნული კანონით ცუდს არაფერს არ უნდა ველოდეთ. ის აჟიოტაჟი რაც საზოგადოებაში იყო ატეხილი კანონის მიღებამდე, საფუძველს მოკლებული იყო. ვფიქრობ, რომ საბანკო ზედამხედველობა, იმუშავებს იმაზე წარმატებულად, როგორც მუშაობდა ადრე. თუმცა, როგორც მთავრობას ისე პარლამენტს, უჩნდება შესაძლებლობა, აღნიშნული სტრუქტურის გამოყოფის შედეგად გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს საბანკო ზედამხედველობაზე. როდესაც ვსაუბრობ ზეგავლენაზე მე არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობ, რომ ვიღაც საბანკო ზედამხედველობას გამოიყენებს თავისი პირადი მერკანტილური ინტერესებისთვის.

ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, საბანკო ზედამხედველობამ მიიღო საკმაოდ ოდიოზური ხასიათი, სებ-ის ხელმძღვანელობა და კომერციული ბანკების მფლობელები ძალიან უცნაურად შეეზარდნენ ერთმანეთს და ეროვნული ბანკი პრაქტიკულად გადაიქცა ბანკების მომსახურების სააგენტოდ, ანუ სებ-ი აკეთებდა ყველაფერს, რომ კომერციული ბანკების ინტერესები წამოსულიყო წინა პლანზე და ეკონომიკა არ აინტერესებდა.

დამოუკიდებელი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის უპირველესი მიმართულება უნდა იყოს კომერციული ბანკების შემობრუნება ეკონომიკისკენ და მისი რეალური სექტორისკენ. სააგენტოს ხელმძღვანელობას შეუძლია მიიღოს გარკვეული მასტიმულირებელი ზომები კომერციული ბანკების მიმართ, რომ მათ გაუჩნდეთ ინტერესი ადგილობრივი წარმოების დაფინანსებასთან დაკავშირებით.

ეს პროცესები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახით დაკომპლექტდება საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო. მასში შემავალი წევრები უნდა იყვნენ არამარტო კვალიფიციური კადრები, არამედ მათ უნდა გააჩნდეთ სახელმწიფოებრივი ხედვა.

– რას მოიცავდა ის შენიშვნები, რაც პრეზიდენტს ჰქონდა და იყო თუ არა იქ მნიშვნელოვანი საკითხები, რაც გასათვალისწინებელი იყო და არ გაითვალისწინა პარლამენტმა?

– სინამდვილეში, ის შენიშვნები, რაც პრეზიდენტმა წარმოადგინა არ იყო არც შენიშვნები და მითუმეტეს არც მოტივირებული. პრაქტიკულად, ეს იყო კრიტიკა იმ კანონის, რომელიც მიიღო პარლამენტმა და შემოთავაზებული იყო მათი ხედვა თუ როგორი უნდა ყოფილიყო განახლებული კანონი ეროვნული ბანკის შესახებ.

– ექსპერტების მხრიდან, არის მოსაზრებები, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკები ერთმანეთში მოილაპარაკებენ შეუძლიათ, სპეკულაციურად არაადეკვატურად გაზარდონ ლარის კურსი?

– პოტენციური შესაძლებლობა არსებობს, თუმცა, იმისთვის, რომ ფაქტზე დაიჭირო სპეციალური სამუშაოების ჩატარებაა აუცილებელი. ახლახანს “ბლუმბერგმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ სავალუტო ბირჟებზე რუბლის კურსზე თამაში მიდიოდა. ანუ, ასეთი ტიპის საკითხები საბანკო სექტორის დამახასიათებელია და ყველაფრის თავიდან აცილება თითქმის გამორიცხულია ყველაზე მკაცრი ზედამხედველობის პირობებშიც კი.

– ბოლო დღეებში ლარის კურსი დოლართან მიმართებით შედარებით გამყარდა. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს  სასიკეთო ტენდენცია თუ მაინც არაპროგნოზირებადად რჩება ეროვნული ვალუტის მომავალი?

– იანვრიდან მოყოლებული, როგორც მთავრობა ისე ეროვნული ბანკი საზოგადოებას კვებავს იმედებით, რომ ლარი დასტაბილურდება, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ლარის კურსი ყოველთვე ეცემა. თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნების ეროვნული ვალუტების გაცვლითი კურსის ტენდენციებს, ვნახავთ, რომ ქართული ლარი ყველაზე გაუფასურებული ვალუტების ათეულშია. თავის მხრივ ეს მოვლენა შეიძლება აიხსნას იმით, რომ ჩვენი ვალუტის კურსი დიდწილად დამოკიდებულია თურქულ ლირაზე.

თუ შევადარებთ თურქული ვალუტისა და ლარის ვარდნის გრაფიკს ვნახავთ, რომ ტრენდი თითქმის იდენტურია.

ეს ფაქტი იმით აიხსნება, რომ თურქეთი არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი.

ლარის კურსის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ქვეყანაში დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი, რომელიც დღეის მდგომარეობით, სესხებში 65 ხოლო დეპოზიტებში 63%-ს შეადგენს. როდესაც სავალუტო ფონდი დებს თავის ანგარიშებს, ყველგან წერია, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა შეამციროს დოლარიზაციის მაჩვენებელი. თუ შევხედავთ იმას, თუ რატომ არის დოლარიზაციის მაჩვენებელი ასეთი მაღალი ამ საკითხსაც ეროვნულ ბანკამდე მივყავართ, გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს აძლევს უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის საშუალებას შიდა მოხმარებისთვის.

 

გიორგი ცაგარეიშვილი

 

[wpolling id=”4″ width=”” height=””]