ტაქსებში საბანკო ტერმინალები გამოჩნდა

საქართველოში, ტაქსის მომხმარებლებისთვის, უნაღდო ანგარიშსწორების სერვისის შეთავაზება სულ უფრო პოპულარული ხდება. რამდენიმე დღეა აღნიშნული სერვისი კომპანია „ტაქსი პრიუს”-მაც დანერგა. კომპანიამ სერვისი მიმდინარე წლის სექტემბრიდან აამოქმედა და მომხმარებელს, უახლოეს პერიოდში, კიდევ ბევრ სიახლეს პირდება.

როგორც  „ტაქსი პრიუს”-ის ხელმძღვანელმა, სანდრო სანაძემ განაცხადა, კომპანიების კუთვნილ ტაქსებში ტერმინალების დამონტაჟება მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შექმნისა და ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადასვლის სურვილმა განაპირობა.

„გვინდა, რომ მაქსიმალურად ნაკლები იყოს ნაღდი ფულის მიმოქცევა და ყველაფერი ავტომატიზირებული და შესაბამის ტექნოლოგიაზე გადასული იყოს. ეს პირველი ეტაპია და შემდეგ კიდევ ბევრი სიახლე იგეგმება – უახლოეს მომავალში ხელშეკრულებას TBC ბანკთან გავაფორმებთ და მათი ბარათის მფლობელებისთვის ე.წ. “ქეშ ბექიც” ამოქმედდება. შესაძლებელი იქნება „უნიქარდის” გატარებაც” – განმარტავს სანაძე.

„ტაქსი პრიუს” მომხმარებელს „ტოიოტას” მარკის ყვითელი, ბრენდირებული ავტომობილებით ემსახურება. რაც შეეხება ტარიფებს, 1 კილომეტრის ღირებულება 65 თეთრია.
უნაღდო ანგარიშსწორების სერვისი, დაახლოებით ერთი თვის წინ, „ტოიოტა ტაქსიმაც” შემოიღო. კომპანიის მენეჯერი ვახტანგ აბულაშვილი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ტერმინალი 15-მდე ავტომობილშია დამონტაჟებული, უახლოეს პერიოდში კი მომხმარებელს აღნიშნულ სერვისს კომპანიის ყველა ტაქსი შესთავაზებს.

კომპანიაში „გოუ ტაქსიც” აცხადებენ, რომ მომხმარებელს უნაღდო ანგარიშსწორების სერვისს აუცილებლად შესთავაზებენ, თუმცა კონკრეტულად როდის და რა ვადებში დაინერგება ეს მომსახურება, ამ ეტაპზე უცნობია.

კომპანიის ხელმძღვანელი, დავით ქავთარაძე განმარტავს, რომ „გოუ ტაქსი” ბაზარზე ერთი თვეა შემოვიდა და ახალი სერვისები ვითარებიდან გამომდინარე დაინერგება.
„ჩვენ კლიენტებზე ვართ ორიენტირებულები, ეს სერვისი მათთვის ძალიან მოსახერხებელი იქნება. ჩვენთან ტაქსის გამოძახება ერთი ლარი ღირს, კოლომეტრის ღირებულება 50 თეთრია, მინიმალური ტარიფი კი 3 ლარია” – აცხადებს ქავთარაძე.

commersant.ge