The Financial Times: განვითარებადი ქვეყნების ვალუტების დევალვაცია ექსპორტის ზრდას არ იწვევს

განვითარებად ქვეყნებში დევალვაცია ექსპორტის ზრდას ხელს არ უწყობს. ამის შესახებ სტატიას The Financial Times-ი აქვეყნებს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ განვითარებადი ქვეყნების ვალუტების კურსის შესუსტება იწვევს ნეგატიურ შედეგებს საერთაშორისო ვაჭრობაში.

მანამდე კი ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ასეთი ქვეყნების ეროვნული ვალუტების კურსის ვარდნა ხელს უწყობს ექსპორტს და იმავდროულად ამცირებს იმპორტს. თუმცა კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს ასე სულაც არ არის.

გამოცემამ შეისწავლა 107 განვითარებადი ქვეყნის ვალუტების კურსების ცვლილება 2013–2015 წლებში და მისი გავლენა იმპორტსა და ექსპორტზე.

შედეგად, მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ექსპორტის მოცულობასა და ვალუტების დევალვაციას შორის სტატისტიკური კავშირი არ არსებობს. შესაბამისად, დევალვაცია ექსპორტის ზრდას არ იწვევს, იმპორტი კი მცირდება 0,5%–ით ვალუტის დოლართან მიმართებაში 1%–ით შემცირების შემთხვევაში.

Capital Economics-ის შეფასებით, ბრაზილიური რიალის კურსი ბოლო 12 თვის განმავლობაში 37%–ით დაეცა. ამის მიუხედავად ბოლო სამი თვის განმავლობაში ბრაზილიაში იმპორტი 13%–ით შემცირდა წლიურ გამოხატულებაში.

ეს კი შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ ქვეყნებს შორის სავალუტო ომებსა და მათ შედეგებს არ მოაქვთ მოსალოდნელი სარგებელი, ანუ ეკონომიკისთვის საფრთხეს ქმნიან.

იმის შესახებ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ექსპორტიორებს შეღავათები ვერ მოუტანა, ქართველი მწარმოებლები „კომერსანტთან“ რამდენიმე თვის წინ საუბრობდნენ.

ექსპორტიორები ჩვენთან საუბარში აცხადებდნენ, რომ ლარის კურსის ვარდნის მიუხედავად, რაც, ზოგადად, ექსპორტის და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას უნდა იწვევდეს, მათ დადებითი ეფექტი არ მიუღიათ ან მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში მიიღეს, რადგან ძირითადად იმპორტირებულ ნედლეულზე არიან დამოკიდებულნი და, ამასთან, დიდია ეკონომიკის დოლარიზაციის მაჩვენებელიც. მათი თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში სუსტი ეროვნული ვალუტა აზარალებს მთელ ეკონომიკას, რაც საბოლოო ჯამში ყველა ბიზნესზე,მათ შორის ექსპორტიორ კომპანიებზეც ნეგატიურად აისახება.

commersant.ge